საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი კახიანმა განაცხადა:
“როცა სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებზე მიმდინარეობს განხილვა, ჩვეულებრივი პრაქტიკაა, როცა სხდომა იხურება, რადგან ბევრი საკითხია, რაზეც საჯაროდ საუბარი შეუძლებელია, მათ შორის, ეს არის უცხოერი პრაქტიკაც და დასავლეთის სახელმწიფოებშიც ანალოგიურად მიმდინარეობს პროცესი. თუ დეპუტატს მართლაც სურს, რომ მიიღოს იმაზე მეტი ინფორმაცია, ვიდრე ამის საჯაროდ თქმა შეიძლება, ამისთვის სწორედ ეს ფორმატია. ჩემი აზრით, ოპოზიციის წარმომადგენლებს სხდომის დახურვით უნდა ესარგებლათ, მაგრამ ამის ნაცვლად, დიდმა ნაწილმა სხდომა დატოვა და ამას გაუგებარი მიზეზებით ხსნიან. მე ასეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ რეალურად მათ კონკრეტული ინფორმაციის მოსმენა კი არ სურდათ, არამედ შოუების დადგმა უნდოდათ. ცხადია, ამის შესაძლებლობა მათ არ მიეცემოდათ, რადგან საუბარია ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე,”- განაცხადა კახიანმა.
ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის მოსმენა დახურული პლენარული სხდომის ფორმატში გრძელდება. ლილუაშვილმა პარლამენტს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოველწიული ანგარიში თავდაპირველად ღია სხდომაზე წარუდგინა. მას შემდეგ კი, რაც მისი მოსმენა კითხვა-პასუხის რეჟიმში უნდა გაგრძელებულიყო, მამუკა მდინარაზემ სხდომის დახურვის საკითხი დასვა.
კომენტარები