სუს–ის ყოფილი მაღალჩინოსანი, სოსო გოგაშვილი, მორიგ წერილს ავრცელებს:
,,Груსული” ოცნება – ნაწილი 2
(ოკუპანტების მაშველ–რგოლი ოცნებაში)
საზოგადოებას მინდა მივაწოდო ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ხდება ქართული და რუსული სპეცსამსახურების კოორდინაციით, სანქციების გვერდის ავლით, საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო ტრანსპორტის გამოყენება და როგორ მუშაობს ეს კარგად აწყობილი და დაცული სისტემა.
არალეგალური და კონტრაბანდული ტვირთების მოძრაობის უზრუნველყოფაში ჩართულია ჩემი ყოფილი სამსახური – სუსი, შსს, ფინანსთა სამინისტრო, ეკონომიკის სამინისტრო (საჰაერო, საზღვაო და სახმელეთო სააგენტოები)
ამ ტვირთების უსაფრთხო მოძრაობას უზრუნველყოფენ ერთმანეთთან კავშირში მყოფი ქართველი და რუსი ძალოვანი უწყებების ოფიცრები. შესაბამის სხვა უწყებებთან კოორდინაციაში.
როგორ დალაგდა ეს სქემა:
2016 წელს ივანიშვილის დავალებით მე ვიმყოფებოდი ვლადიკავკაზში ეფ ეს ბეს საიდუმლო ბაზაზე, რადგან ღარიბაშვილის შეცვლის შემდეგ კომუნიკაციაში იყო წყვეტა და საჭირო იყო ახლადშექმნილი სამსახურის, ანუ სუსის ხელმძღვანელობასთან გაცნობა. მე თან მახლდა ჩემი მძღოლი, ასევე სოსო ჭელიძე და ირაკლი ჩიმაკაძე. ჩვენ ვიმყოფებოდით ჩემი სამსახურეობრივი ავტომანქანით. ბაზაზე დამხვდა ეფ ეს ბეს გენერალი, სედოვი, რომელიც შემხვდა მხოლოდ მე, შეხვედრა გაგრძელდა 30 წუთი, სადაც დაიგეგმა ჩვენი უფროსების შეხვედრა (ბორტნიკოვი და გომელაური). შეხვედრის მიზანი იყო ქვედა დონის მოკავშირე ოფიცრების ურთიერთობის აწყობა, შესაფერისი სანდო პირების გამოყოფა, მათი ერთმანეთთან დაკავშირება, ასევე არალეგალური და კონტრაბანდული ტვირთებისათვის უსაფრთხო დერეფნების უზრუნველყოფა, მათი რეკომენდაციით რუსეთის მოქალაქეებზე საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება, ბიზნესის დაწყებაში დახმარება, ასევე საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეების, რომლებიც არ იყვნენ სასურველი პირები და იძებნებოდნენ, მათი არალეგალურად გადაცემა რუსეთისათვის.
შემდეგ როგორც დაიგეგმა, ჩაინიშნა ჩვენი უფროსების შეხვედრა, რომელიც შედგა იგივე ქალაქში და გაგრძელდა 3 საათი. მე ამ შეხვედრაზე არ ვყოფილვარ, ჩემი უფროსი, ვახტანგ გომელაური ჯერ გაემგზავრა მანქანით, მაგრამ თოვლის ჩამოწოლის გამო გზაზე შეფერხება იყო და მობრუნდა, დამირეკა გზიდან და ნინო გიორგობიანის საშუალებით აირზენას მოვამზადებინე თვითმფრინავი – ბოინგ 737 ჩარტერისათვის და მოხდა გადაფრენა. ბორტმა პირველ ჯერზე დაჯდომა ვერ შეძლო და გააკეთა რამოდენიმე წრე, რომ დამჯდარიყო ვლადიკავკაზის აეროპორტში, ამ რეისს ვაკონტროლებდი ,,flight radar’’-ის აპლიკაციით.
ამ შეხვედრის შემდეგ ჩვენი მოკავშირე ოფიცრები ჩიმაკაძე და ჭელიძე რამდენჯერმე მინსკის გავლით იმყოფებოდნენ მოსკოვში, მეორე მხრიდან ოფიცრების სახელი იყო სლავა და ვადიმი.
ამ შეხვედრების შემდეგ, 2017 წლის ნოემბერში საქართველოში ჩვენ ვმასპინძლობდით ორ ეფ ეს ბეს გენერალს, სედოვს და ბესედას. მათთან შეხვედრა და სუფრა მომზადებული იყო კონსპირაციულად მცხეთაში მდებარე ვახტანგ გომელაურის კუთვნილ რესტორანში. მომსახურე პერსონალი შედგებოდა ჩემი თანამშრომლებისგან. საუბარი შედგა ძირითადად წარმატებულ ურთიერთობებზე, შემდეგ გავემგზავრეთ და დავათვალიერებინეთ მეტეხის ტაძარი. გასაცილებელი სუფრა მომზადდა მთაწმინდის ანდერვილში.
იმავე წელს, დეკემბრის თვეში, ჩვენ ოფიციალური მიწვევით ვიმყოფებოდით მინსკში, სადაც ერთმანეთს კიდევ ერთხელ შეხვდნენ ვახტანგ გომელაური და ბორტნიკოვი. საუბრის შინაარსი არ ვიცი.
როგორც ზემოთ აღვნიშნე, ეს სისტემა გამართულად და უსაფრთხოდ მუშაობს დღემდე. როდესაც არის გასატარებელი რაიმე ტვირთი, მიდის შეტყობინებები საპატრულო პოლიციასა და საბაჟო დეპარტამენტში, რათა არ მოხდეს მათი შემოწმება, ხანდახან ტვირთები ისე გადის, რომ საერთოდ არ ფიქსირდება საზღვარზე. დღესაც მუშაობს ეს აწყობილი სისტემა, ახლა კოორდინაციაში არის სუსის ახალი ხელმძღვანელი, გრიგოლ ლილუაშვილი, რომელიც სანდო ოფიცრების საშუალებით ახორციელებს კავშირს.
სოსო გოგაშვილი,
306-ე საკანი.”
კომენტარები