პოლიტოლოგი, ლევან შენგელია
“დღეს, 2022 წლის 13 სექტემბერს სომხეთი ემუდარება თავის “მფარველ” რუსეთს დაეხმაროს სამხედრო ძალით.
ზუსტად 227 წლის წინ დღეისსწორს, 1795 წლის 13 სექტემბერს აღა მაჰმად ხანმა თბილისი მოაოხრა.
ერეკლეს მუდარის მიუხედავად, რუსმა ჯარი არ დაახმარა.
—————————
“აღა-მაჰმედ-ხანის შემოსევა საქართველოში
1794 წ. აღა-მაჰმედ ხანმა სძლია თავის უკანასკნელ მოწინააღმდეგეს ლოფტ-ალი-ხანს, რომელსაც თვალები დაათხრეინა. ამის შემდგომ აღა-მაჰმედ-ხანმა თავისი თავი სპარსეთის ერთად-ერთ ბატონ-პატრონად იგრძნო და თავი სპარსეთის შაჰის ჯიღით შეიმკო. მაშინვე ის სპარსეთის სამზღვრების გაფართოვებას შეუდგა და პირი კვლავ ადერბაიჯანისა და საქართველოსკენ იბრუნა (იქვე II, 327-328). იმავე 1794 წ. მეფე ერეკლემ რუსეთში დესპანად გენერალი გარსევან ჭავჭავაძე გაგზავნა(იქვე II, 355), რომელსაც ვითარცა რუსეთში წინათაც ნამყოფს, პეტერბურგის მთავრობაზე გავლენა შეეძლო მოეხდინა, რომ ხელშეკრულება რუსეთის მხრით ასრულებული ყოფილიყო.
1795წ. მაისში აღა-მაჰმედ-ხანმა არდაველში 100 000 კაცამდე ჯარის შეგროვება დაიწყო იმ მიზნით, რომ ჯერ ადერბაიჯანის ყველა ხანები ძალით დაემორჩილებინა, ხოლო შემდეგ საქართველოს დასაპყრობად წამოსულიყო, რომ ამ უკანასკნელისთვის ძალა დაეტანებინა და სპარსეთის უზენაესი უფლება ეცნობებინა(*).
ერეკლე მეფემ მოსალოდნელი უბედურების ამბავი იმავე 1795 წ. მაისში რუსეთის მონაპირე ჯარის უფროსს აცნობა და ხელშეკრულების ძალით 3000 ჯარისკაცის მოშველება სთხოვა(იქვე II, 335). ერეკლე მეფეს რუსეთის მხრით დახმარების სრული იმედი ჰქონდა და ეჭვიც არ ებადებოდა რომ მეშველი ჯარი მოუვიდოდა. იგი თავის ერთგულს ყმადნაფიცს შუშის ხანს ქართველი ჯარით ალექსანდრე ბატონიშვილის სარდლობით მიეშველა. ამის წყალობით სპარსეთის შაჰის ლაშქარი დამარცხებული იქნა(იქვე II, 333).
აღა-მაჰმედ-ხანმა თავის ელჩის პირით ერეკლე მეფეს მოსთხოვა, რომ რუსეთის ხელმწიფის მფარველობა ერთხელდა სამუდამოდ უარეყო და სპარსეთისა აღიარებინა. რუსეთითგან მეშველ ჯარის მომლოდინემ ერეკლემ შაჰს ცივი უარი შეუთვალა(იქვე II, 337).
რუსეთის მონაპირე ჯარის უფროსმა 1792 წ. უარყოფითი განკარგულების გამო თავისი მეშველი ჯარის საქართველოში გამოგზავნა ვერ გაბედა და 7 მაისს 1795 წ. ერეკლე მეფის თხოვნა თავის მთავრობას აცნობა, მაგრამ რუსეთის მთავრობა არ ჩქარობდა: პასუხი არ მოდიოდა.
ერეკლე მეფე გრძნობდა აუცილებელ განსაცდელს და რუსეთს შველას ემუდარებოდა. 2 აგვისტოს მონაპირე ჯარის უფროსმა თავის მთავრობას საქართველოს გაჭირვებული მდგომარეობა და ერეკლე მეფის თხოვნა ხელმეორედ აცნობა (იქვე, II, 355). ამასობაში აღა-მაჰმედ-ხანი დაიძრა, 10 ენკენისთ. 1795 წ. ცხენოსანი ჯარიდ მსწრაფად საქართველოს დედაქალაქს მოადგა და ორი დღის შემდგომ აიღო: ჯერ მთლად გაცარცვა და წაიღო რის წაღებაც-კი სამეფო სახლითგან შეიძლებოდა, შემდეგ ეს მშვენიერი სასახლე მთლად დაანგრია და ქალაქი ცეცხლით გადასწვა.
შაჰის ჯარმა საშინელი სიმხეცე გამოიჩინა. ტფილისის მიდამოებიც მოკლული მამაკაცებისა, ქალებისა და ბავშვების გვამებით იყო მოფენილი. სატახტო ქალაქს რომ მორჩნენ, მერმე შიდა და ქვემო ქართლის აოხრებას შეუდგნენ. განძვინებულნი იჭერდნენ ხალხს და ვინც წინააღმდეგობას გაბედავდა ხოცავდნენ, დანარჩენი ტყვეთ მიჰყავდათ. აღა-მაჰმედ-ხანის შემოსევამ ისე გაანადგურა აღმოსავლეთ საქართველოს სამეფო, რომ იმ 61 000 კომლითგან, რომელიც შემოსევამდე მაგალითად თუნდ 1783 წ-ს იყო, 1795 წ-ის შემოსევის შემდეგ 35 000 კომლი ძლივს-ღა იქმნებოდა შერჩენილი(*).
სიბერის დროს ძლიერ „მფარველ“ მოკავშირის მიერ მოტყუებული, ამ პირველ თავზე დამტყდარ საშინელ უბედურებით გულგატეხილი, ოთხმოცი წლის მოხუცი მეფე იძულებული იყო მწუხარებით და სასოწარკვეთით აღსავსე ანანურის მონასტერში შეხიზნულიყო. მაგრამ სპარსეთის შაჰმა არც აქ მოასვენა: აღა-მაჰმედ-ხანმა ერეკლე მეფეს კვლავ შემოუთვალა, რომ თუ ის მის უზენაეს უფლებას სცნობდა და ერთ-ერთ ბატონიშვილს მას მძევლად გამოუგზავნიდა, მაშინ შაჰი თავის მხრივ ყველა ტყვეს განუთავისუფლებდა, ყველაფერს, რაც თბილისში ომისგან დაზიანებული იყო, შეაკეთებდინებდა და თანაც მოკავშირეობის ხელშეკრულებასაც დასდებდა. ამ აუწერელ უბედურებაში მყოფმა მეფე ერეკლემ თავის დამცირება მაინც არ ინდომა და მოსისხლე მტერს არავითარი პასუხი არ აღირსა(*).
8 დღის განმავლობაში ქართლის აოხრებისა და დაწიოკების შემდგომ, აღა-მაჰმედ-ხანი უკვე კახეთში აპირებდა გალაშქრებას, რომ ერთბაშად საქართველოთგან გასვლა ამჯობინა რათგან ყარაბაღის ხანი და ზოგი სხვაც დამორჩილებული არა ჰყავდა და ამის გამო ზურგი უზრუნველყოფილი არა ჰქონდა. საქართველოს სრული განადგურება მან შემდეგი, უფრო მარჯვე დროისთვის გადასდვა (იქვეII, 341).
ტფილისის აღებისა და განადგურების მხოლოდ 18 დღის შემდგომ, 1 ოქტომბერს, მოუვიდა რუსეთის მონაპირე ჯარის უფროსს თავის მთავრობისაგან ბრძანება, ხელშეკრულები ძალით და ჩვენი ღირსებისა და ინტერესების თანახმად საქართველოს მეფეს ორი სრული ბატალიონი ჯარით მიეშველეთო. მას ამასთანავე უფლება ეძლეოდა საჭიროებისამებრ კიდევ ორი ბატალიონი მიემატებინა დამხმარე რუსთა ლაშქრისთვის(*). ეს მეშველი ორი ბატალიონი აღმ. საქართველოში მხოლოდ 1795 წ. დეკემბრის დამდეგს მოვიდა.
ერეკლე მეფემ ქვეყნის აოხრების გამო რუსეთის მთავრობას 1. 000. 000 მ. სთხოვა სესხად და საწინდრად თავისი და თავის სახლობის მამულებს იძლეოდა, მაგრამ ამის პასუხი არ მოდიოდა. ამავე დროს ოსმალეთის მთავრობა ამ სესხს აძლევდა რასაკვირველია იმ იმედით, რომ საქართველოს გული თავიანთვის მოეგოთ და რუსეთისაგან აეყრეინებინათ. რაკი რუსეთის სამხედრო დახმარებაც მაშინდელ პირობებში მეტად მცირედი იყო და სესხის შესახებაც რუსეთის მთავრობისაგან არავითარი პასუხი არ მოსდიოდა, ერეკლე მეფეს გამოცდილების გამო ეჭვი შეეპარა, რომ რუსეთისგან შეპირებულ ძლიერს სამხედრო დახმარებას ოდესმე მართლაც ეღირსებოდა. ამიტომ ერეკლე მეფე ყოყმანში იყო, უარეყო თუ არა ოსმალეთის წინადადება(იქვე II, 345).”
ივ. ჯავახიშვილი
“დ ა მ ო კ ი დ ე ბ უ ლ ე ბ ა
რუსეთსა და საქართველოს შორის მე -XVIII-ე საუკუნეში” VII თავი
——
P.S. ეს ამბავი მოხდა ტრაკტატის დადებიდან 12 წლის შემდეგ, რისი ძალითაც რუსეთს სამხედრო დახმარების ვალდებულება ჰქონდა! დიდად სანდო “ერთმორწმუნე” გვყავს!
გრძელდება უტვინობის ეპოპეა კავკასიაში!”
კომენტარები