საქართველოში კორონავირუსით მეორე ადამიანი გარდაიცვალა. პირველ საუნივერსიტეტო საავადმყოფოში 81 წლის პაციენტი, რომელიც თბილისის ზღვის საავადმყოფოდან იყო გადაყვანილი, გარდაიცვალა.
PH, რომელიც ერთ-ერთ სასიცოცხლო მაჩვენებელს წარმოადგენს, შემოყვანის დროს იყო გვამის მსგავსი. სიცოცხლესთან შეუთავსებელი ბუფერული სისტემის ანალიზი გააჩნდა ამ ქალს. ქალბატონმა პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში რამდენიმე საათი იცოცხლა – განაცხადა ლევან რატიანმა
„რა თქმა უნდა, ითვლება რომ კოვიდ ინფიცირებული იყო, რომ ამ ინფექციამ გამოიწვია ამ პაციენტის დამძიმება და ლეტალობა, ნამდვილად ესეა, მაგრამ მისი დამძიმება ნებისმიერ ვირუსულ ინფექციას შეიძლებოდა გამოეწვია, ვინაიდან ქალბატონს ანამნეზში ჰქონდა უამრავი ქრონიკული დაავადება, როგორიცაა პირველ რიგში გადატანილი ინფარქტი, შემდგომ განვითარებული გულის უკმარისობა, არტერიული გიპერტენზია. სხვა თუ არაფერი ხანდაზმული ასაკი, რომელიც პირდაპირ ასოცირდება არა თუ ამ ვირუსთან, ნებისმიერ ვირუსთან, როგორც მაღალი ლეტალობის ინდექსად. როგორც ჩემთვის არის ცნობილი ქალბატონს 3 კვირის ანამნეზი ჰქონდა, ვინაიდან კარგად გავეცანით, განუვითარდა ხველა, სუნთქვის უკმარისობა. დამძიმდა და 1 აპრილს მოხვდა თბილისის ზღვის ჰოსპიტალში.
ეს არის ცალკე შემთხვევა, როგორც ჩემთვის არის ცნობილი, მისი ერთ-ერთი ოჯახის წევრი წევს ჩვენს კლინიკაში და ველოდებით მის პასუხს ტესტზე. ამ პასუხის მიხედვით გადაწყდება ვინ არის ინფიცირების წყარო.“ – განაცხადა ტვ პირველის ეთერში ლევან რატიანმა.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 170 შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელებულია 36, ხოლო გარდაცვლილია 2 ადამიანი.
საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა გუშინ დაფიქსირდა.
გარდაცვლილი 79 წლის ქალია, რომელიც თსსუ-ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა.
კომენტარები