კორონავირუსის პანდემიის გამო გლობალური სასურსათო სისტემა უპრეცედენტო რყევებს განიცდის, რამაც შესაძლოა სასურსათო ნედლეულსა და კვების პროდუქტებზე ფასების ზრდა გამოიწვიოს. ამის შესახებ ნათქვამია ნიუ-იორკის უნივერსიტეტის თანამშრომლობის საერთაშორისო ცენტრის ექსპერტების მიერ გავრცელებულ დასკვნაში.
მათი განცხადებით, სასურსათო კრიზისის გამომწვევი მიზეზი, ერთი მხრივ, პანიკის გამო პროდუქტებზე გაზრდილი მოთხოვნა, მეორე მხრივ კი, სხვადასხვა ქვეყნის მიერ საზღვრების ჩაკეტვა და ტვირთების გადაადგილების შეზღუდვა შეიძლება გახდეს.
ექსპერტების შეფასებით, რისკის ჯგუფში პირველ რიგში ხორბალი და ბრინჯი შედის. მსოფლიოში ბრინჯის რიგით მესამე მიმწოდებელმა, ვიეტნამმა, დროებით მისი ექსპორტი აკრძალა, ყველაზე მსხვილმა მომხმარებელმა, ჩინეთმა კი ზოგიერთი სახეობის ბრინჯის შესყიდვის ფასები გაზარდა და რეზერვების შექმნას გეგმავს.
კომენტარები