ბანკში შეჭრის მოტივად თავდამსხმელის ოჯახის წევრის ჯანმრთელობის მდგომარეობა სახელდება. პირველი განცხადება გრიგოლ ნარსიას ადვოკატმა გააკეთა. დაკავებული პირის ინტერესებს ქუთაისის იურისტთა ასოციაციის 5 ადვოკატი იცავს.
როგორც უფლებადამცველი ამბობს, 37 წლის მამაკაცის ბანკში შეჭრის მოტივი მისი შვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა იყო. რაც შეეხება გრიგოლ ნარსიას შეიარაღებას, ადვოკატი ციცი ბაბუნაშვილი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფისგან აქვს ინფორმაცია, რომ ეს არ იყო ასაფეთქებლები მოწყობილობა და იყო სათამაშო.
“შევხვდი ბრალდებულს. კონკრეტულად თქვა, რომ ბავშვის ავადმყოფობასთან დაკავშირებით შევედიო. დანარჩენთან დაკავშირებით ჯერ საუბარი არ მქონია. სურვილი გამოთქვა ჩვენმა ორგანიზაციამ, დაიცვას ინტერესები. ახლა შევხვდებით გამომძიებელს. მხოლოდ და მხოლოდ მომაწოდა ინფორმაცია, რომ ასაფეთქებლები არ იყო, ეს იყო სათამაშო,” – ამბობს ადვოკატი, ციცი ბაბუნაშვილი.
ადვოკატების ინფორმაციით, გრიგოლ ნარსია მზად არის გამოძიებასთან ითანამშრომლოს.
“მოტივთან დაკავშირებით დაზუსტებით ნამდვილად რთულია საუბარი ამ ეტაპისთვის, თუმცა გარკვეული მოტივი ერთგვარი, როგორც საზოგადოებაში გავრცელდა, არსებობს ის, რომ არის მისი ოჯახის ერთ-ერთი წევრის გარკვეული ჯანმრთელობის მდგომარეობა. რაც შეეხება ბრალის წარდგენას, როგორც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსიდან გამომდინარეობს, 48 საათში უნდა წარედგინოს ბრალი პიროვნებას და შესაბამისად, დაკავებიდან 72 საათში უნდა მოხდეს მისი სასამართლოში წარდგინება,“ – ამბობს ადვოკატი, რომა ჭეიშვილი.
რუსთავი 2
კომენტარები