ნანა სულავა
„ალიას“ სკანდალურ ინტერვიუს და სიას აძლევს თავდაცვის სამინისტროს მე-11 ბრიგადის საარტილერიო დივიზიონის სამედიცინო სამსახურის ყოფილი უფროსი გიორგი ლილუაშვილი.
– გიორგი, ხელისუფლებაში ნაცმოძრაობის მოსვლის პირველივე დღეებიდან თავდაცვის სამინისტროში ბევრი ოფიცრის მიმართ დაიწყო პოლიტიკური ნიშნით დევნა. სამსახურებიდან დაითხოვეს მაღალი რანგის ოფიცრები, მათ შორის შენც. გვიამბე ამის შესახებ, რა მოხდა?
– დიახ, ეს პოლიტიკური დევნა იყო. სააკაშვილის რეჟიმის ერთ-ერთმა ყველაზე ოდიოზურმა სახემ გიორგი ბარამიძემ, რომელსაც ჯერ კიდევ შევარდნაძისგან ერგო მემკვიდრეობით სახელმწიფო გადატრიალებებში დიდი გამოცდილება და ეროვნულ მოძრაობაში იყო ჩანერგილი, როგორც კი თავდაცვის მინისტრი გახდა, პირველი, რაც გააკეთა, ის იყო, რომ თავდაცვის სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური სამსახური გააუქმა. მეორე ის იყო, რომ სრულიად უკანონოდ, 521 ოფიცერი გამოგვიშვა სამსახურიდან.
ჯერ ის ვთქვათ, რა მოხდა ეპიდემიოლოგიური სამსახურის გაუქმების შემდეგ. ვაზიანში ყოველთვის იყო წყლის პრობლემა, მაგრამ მის მინისტრად დანიშვნამდე სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური სამსახური ამას აგვარებდა და, წარმოიდგინეთ, რა მავნებელი იყო ბარამიძე, რომ ეს მნიშვნელოვანი სამსახური გააუქმა. ამის შემდეგ გამწვავდა სხვადასხვა სახის ინფექციური, ვირუსული და პარაზიტული დაავადებები. როდესაც ამის შესახებ მივმართე ბარამიძეს, პასუხად შემომითვალა, რომ გავჩუმებულიყავი.
– შენი გაჩუმება ვის დაავალეს?
– ბრიგადის მეთაურმა, კობა ლაჭყებიანმა ჩემს პირად მეთაურს კახა ტაბატაძეს დაავალა, რომ გავეჩუმებინე.
– დავუშვათ, შენ გაჩუმებულიყავი. პარაზიტები, მიკრობები, ჭიაყელები გაჩუმდებოდნენ? სადმე წავიდოდნენ, თუ რა? მაგრამ შენი ნათქვამიდან ისე ჩანს, რომ შენი მეთაურები ისეთი უმეცრები იყვნენ, ბარამიძეს რომ ეთქვა, თქვენი ცოლების გაცნობა მინდაო, თავიანთი კარიერის შესანარჩუნებლად ალბათ მიუყვანდნენ კიდეც?!
– სწორად შენიშნე… ეგენი იმდენად პანღურამორტყმული ჰყავდა ბარამიძეს, უარესსაც გააკეთებდნენ. ოქრუაშვილის მინისტრობის დროს ასეთი ფაქტიც მოხდა. ერთ-ერთ თათბირზე ოქრუაშვილმა პირდაპირ უთხრა მათ, თქვენი ბოზი ცოლებისთვის ვერ მიგიხედიათო. ერთ-ერთი ჯარების სახეობის სარდალმა პატაკი დაუწერა, წუხელ ჩემს ცოლს ვკითხე და ბოზი არ არისო. ეს ოფიციალური პატაკი დღემდე ინახება თავდაცვის სამინისტროში. ჩვენ მისი გამოქვეყნება გვინდოდა გაზეთ „სამხედროში“, მაგრამ თავი შევიკავეთ. და თქვენ გგონიათ, დღეს „ოცნებაში“ სხვა ხალხი ჰყავთ? ბარამიძე-ოქრუაშვილის გაზრდილი ოფიცრები „მეოცნებეებმა“ გადაიბარეს. გაზეთმა „სამხედრომ“ ერთ-ერთი კრიტიკული წერილი დაბეჭდა სხვა თემაზე. დაიბარეს მისი მთავარი რედაქტორი თემურ სირაძე, რომელიც გაქცეულია უცხოეთში და პოლიტიკური თავშესაფარი აქვს. გაზეთ „სამხედროს“ ჟურნალისტ ზვიად თხელიძეს მათგან ისეთი ფსიქოლოგიური ზეწოლა ჰქონდა, რომ თავისი პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს, ხრამში გადაიჩეხა. მაგრამ უბედურება ის არის, რომ კოჰაბიტაციის პოლიტიკის გამო „ოცნების“ რეჟიმმა ყველა ასეთი ვითომ ოფიცერი და სარდალი ადგილზე დატოვა. ჰოდა, ვიღაც სულელი რომ დაიწყებს მეორე ფრონტის გახსნაზე ლაპარაკს! ესენი იმდენად ხარბები არიან, როგორც კეზერაშვილმა გადაულოცა რუს ოკუპანტებს დიდძალი იარაღი, ესენიც ისე იზამენ. ისიცხომ გვახსოვს, აგვისტოს ომში კრიმინალებს რომ მიაღებინა მონაწილეობა.
ისევ დავუბრუნდეთ ეპიდემიოლოგიურ სამსახურს, რომლის გაუქმების შედეგად ჯარში სიბინძურისგან ეპიდემიები გავრცელდა. ამასთან დაკავშირებით არაფერი კეთდებოდა.
– გიორგი, მახსენდება 1989 წლის სექტემბერი, როცა თბილისში ერთ-ერთ ქარხანასთან, იდგა სრულიად ახალგაზრდა გიორგი ბარამიძე და მთელი ხმით გაჰკიოდა, კარავი მაქვს მოტანილი და ახლავე შიმშილობას დავიწყებ, თუ აქ არსებულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას არ გააუმჯობესებთო. მაშინ თუ ასე „ზრუნავდა“ ხალხისთვის, თავდაცვის მინისტრად გახდომის შემდეგ რატომ შეიძულა სანიტარია და ჰიგიენა, თანაც ჯარში?
– იმიტომ, რომ პოლიტიკური სიბინძურით მოწამლული პოლიტიკანია. მაშინ ისე სჭირდებოდა, რადგან დივერსანტად იყო ჩანერგილი ეროვნულ მოძრაობაში. მის მიერ სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური სამსახურის გაუქმების შემდეგ ვაზიანში მინერალური წყლები დაბინძურდა. მაშინ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე იყო ანი დოლიძე. მე ამ საკითხთან დაკავშირებით პრესკონფერენცია მოვაწყვე. ანი დოლიძე ვაზიანში წყლის ანალიზების ასაღებად ჩემთან ერთად იმყოფებოდა. ჩვენთან ერთად იყო იურისტი და ამჟამად დეპუტატი თამარ კორძაია, როცა დაბლოკეს ჩვენი პრესკონფერენცია, ანი დოლიძემ და კორძამიამ მიმართეს საელჩოებს. საელჩოებში ამ ფაქტმა დიდი პანიკა გამოიწვია. მაშინდელი ტელევიზიები აიძულეს, გაეშუქებინათ ეს თემა. პარალელურ რეჟიმში, როგორც საუკეთესო ოფიცერი, სამხედრო ბრიგადის მეთაურმა მიმავლინა სამხედრო აკადემიაში ინგლისური ენის შესასწავლად და შემდეგ ამერიკაში საექიმო კურსებზე მაგზავნიდნენ და, როცა უნდა წავსულიყავი, სწორედ მაშინ მითხრეს, რომ განთავისუფლებული ვიყავი სამსახურიდან. ეს ყველაფერი შეასრულა კადრების უფროსმა გია ჯაჭვაძემ, რომელიც დღეს თავდაცვის სამინისტროში საკადრო პოლიტიკას განსაზღვრავს.
– გიორგი, ვერ გავიგე, თუ სამსახურიდან განთავისუფლებული იყავი, ამერიკაში რა მიზნით გაგზავნიდნენ?
– მათი მიზანი იყო, ჩემი სამხედრო ნაწილიდან გაშვება. მისთვის მთავარი იყო, მინისტრის ბრძანება შეესრულებინა. ის მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით იყო თანამდებობაზე. „ოცნების“ ხელისუფლების პირობებშიც, ლაჭყებიანი დღემდე თანამდებობაზეა. ის დღეს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილეა. როცა ოქრუაშვილი მოათრიეს, ამ ვაჟბატონმა ლაჭყებიანი მე-11 ბრიგადის მეთაურობიდან სამშვიდობო ძალების სარდლად გადაიყვანა. სწორედ ამ ლაჭყებიანის ხელით ათეთრებდა ერგნეთის ბაზრობიდან შემოსულ შავ ფულს ოქრუაშვილი. აი, დემოკრატიის კიდევ ერთი ვარსკვლავი. ამიტომ უყვართ პოლიტიკურ ღორებს სიბინძურეში გორაობა. თვითონ რომ ბინძურები არიან, თავიანთ გვერდითაც ასეთი ბინძურები უნდათ, რომ ჰყავდეთ, რათა დააავადონ საზოგადოება და დაავადებულმა საზოგადოებამ ამ ღორებს პასუხი არ მოსთხოვოს. ეს პოლიტიკური მეძავები ჯერ ნაცებს ემსახურებოდნენ, ახლა კი – ქოცებს. მათი ადგილი სამხედრო ტრიბუნალის წინაშეა, რომ პასუხი აგებინონ სამშობლოს ღალატისთვის.
ახლა ნაციონალური არხები აცხადებენ, ჯარისკაცები გარბიანო. ჯარიდან დეზერტირები გარბიან, იმიტომ გარბიან, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს მთელი შეიარაღებული ძალებიდან დაითხოვეს გამოცდილი სამხედრო მოსამსახურეები. მათ, ვისაც სამშობლო უყვარდა, არც ბარამიძე, არც ოქრუაშვილი, არც კეზერაშვილი არ აჩერებდა ჯარში. იმიტომ არის, რომ დღეს მომავალ თაობას ჯარში წასვლის ეშინია. დღეს მღვდლებად უშვებენ გირჩები წვევამდელებს, რომ ჯარში არ წავიდნენ. გირჩმა ბევრი მათგანი აკურთხა წმინდა გირჩმადიდებლებად. გირჩმადიდებლები ფულს იხდიან იმაში, რომ ჯარში არ წავიდნენ. მათ სამშობლო რომ უყვარდეთ, ამას არ იზამენ. დეზერტირები რომ გარბიან, არ რცხვენიათ? იმის ნაცვლად, რომ დეზერტირების სტატუსი მოიხსნან, გარბიან. ახლა ჯარისკაცის გახეულ ბათინკს რომ აჩვენებენ ნაციონალური არხები, მძიმე პირობებს ასახელებენ და ამიტომ გარბიანო, ჩემს დროს ბათინკს ჩვენ თვითონ ვყიდულობდით და არავინ გაქცეულა. არ გადეზერტირებულა. არც საჭმელი გვქონდა და არც სასმელი, მაგრამ ჩვენი ქვეყანა გვიყვარდა. ნაცებს რა აქვთ სალაპარაკო, ამერიკელების მოცემული ტექნიკა აჩუქეს რუსებს. გორის სატანკო ბატალიონიდან ბოქსში ტაოტიანი ტანკები დაუტოვეს რუსებს, ამერიკული ჰამერები, რომლებიც აღჭურვილი იყო კავშირგაბმულობით და ტექნიკით. აღნიშნული ტექნიკა რუსულ ქვედანაყოფებს ჩააბარეს. ასე რომ, რუსებს მარტო უნიტაზები არ წაუღიათ საქართველოდან. აღარაფერს ვამბობ ჯავშნიან მანქანებზე და სხვა უამრავ შეიარაღებაზე. როგორ ბედავენ მოღალატე ნაცები ან მათი ტელევიზიები და ხმას როგორ იღებენ, როცა ვანო მერაბიშვილის ნაჩუქარი თურქული ჯავშან-ტრანსპორტიორი „კობრა“ რუსეთის სამხედრო მუზეუმშია გამოყენებული ექსპონატად, როგორც საქართველოზე გამარჯვების სიმბოლო. წავიდეს ჟურნალისტი მელაძე მოსკოვის მახლობლად, კეზერაშვილის ნაჩუქარი საბრძოლო ტექნიკის გამოფენაზე, რომელსაც „პოლიგონი – კუბინკა“ ჰქვია. რატომ არა აქვს მელაძეს კითხვები თავად უმაღლეს მთავარსარდალთან, სააკაშვილთან, ბარამიძესთან, კეზერაშვილთან? რასაც მე ვყვები, ყველაფერი სიმართლეა და ბევრი რამის თვითმხილველი ვარ. მაგრამ მელაძე არ წავა მათთან, რადგან მათი გუნდის წევრია და ფარავს ძველ დანაშაულობებს. თუ მართალი ჟურნალისტია, გენშტაბს წაუყენოს ბრალდება ამ ვაჟბატონების მიერ ჩადენილ დანაშაულობებზე. კეზერაშვილის მინისტრობის დროს გადაეცათ რუსებს ძვირფასი შეიარაღება. იმ შეიარაღებით უკრაინელებს ხოცავენ რუსები. უძვირფასესი გერმანული წარმოების ნაღმსაძებნი, 6 ერთეული, რუსებს აჩუქეს. რუსებმა თქვეს, ჩვენ ეს არ გვქონდაო. ახლა ქოცი მინისტრების სახლებს რომ აჩვენებს მელაძე, რა, იმათი სახლები ალალი შრომით არის აშენებული? როგორ შეიძლება, თავისუფალი ჟურნალისტი ასეთი ტენდენციური იყოს?!
ახლა ვეკითხები ნაც-ქოცური ტელევიზიების ჟურნალისტებს, იქნებ გამარკვიონ: სასამართლოს გადაწყვეტილებით არ აღმადგინეს სამსახურში, მაგრამ 2008 წელს კეზერაშვილმა გამოსცა ბრძანება, რომ თავიანთი შეხედულებისამებრ აეყვანათ ოფიცრები. აგვისტოს ომის დროს ჯარში გამიწვიეს, მაგრამ თანამდებობაზე არ დამნიშნეს. საველე ჰოსპიტალში წამიყვანეს და მერე უკან წამოვედი. ჯარში დღესაც გაწვეული ვარ.
– ვერ გავიგე, ჯარში რატომ ხარ გაწვეული?
– მეც ვერ გავიგე, რას აკეთებს თავდაცვის სამინისტრო? ყველა მინისტრს ამას ვეკითხები, ვინც კეზერაშვილის შემდეგ იყო. ახლა ჯუანშერ ბურჭულაძეს მივწერე. რეაგირება – ნული. ეს იმიტომ, რომ ისევ ის კადრები მუშაობენ და არ იციან, რას აკეთებენ. მე კი ისევ ჯარში ვითვლები.
– გიორგი, შენ ამბობ, რომ დღეს სახელმწიფოს ფაქტობრივად ჯარი არ ჰყავს? გამოცდილი ოფიცრები დათხოვილები არიან სამსახურებიდან. ჯარისკაცები გარბიან. მაშინ თავდაცვის სამინისტროს რა ფუნქცია აქვს?
– რა და, ფულს აკეთებს და ათეთრებს. საერთაშორისო გრანტებს ითვისებს და არსებობს ეჭვი, რომ მონაწილეობს მსოფლიოში იარაღით ვაჭრობაში. იმიტომ აქვთ ამდენი სახლები და აგარაკები ძველებსაც და ახლებსაც. საქართველოში დისლოცირებული საბჭოთა არმიის რუსმა ოფიცრებმა საქართველოს დამოუკიდებლობის შემდეგ დატოვეს საცხოვრებელი ბინები და დიდი ქონება. ეს ბინები უნდა გადასცემოდათ უბინაო ქართველ ოფიცრებს და ვეტერანებს. მაშინ თავდაცვის სამინისტროს საბინაო კომისიის თავმჯდომარე იყო დევი ჭანკოტაძე. ეს ის ჭანკოტაძეა, რუსთაველზე ზარბაზანი რომ შემოაგორა და საქართველოს დამოუკიდებლობას და კონსტიტუციურ ხელისუფლებას ჭურვი დაახალა. ეს ის დევი ჭანკოტაძე იყო სწორედ, ბინებს რომ ყიდდა. შემდეგ დარჩენილი ბინები ქალაქის მერის გიგი უგულავას ხელში აღმოჩნდა.
– შევარდნაძის მმართველობის დროს ვერ მოასწრეს გაყიდვა?
– ბევრი გაიყიდა, მაგრამ ოფიციალურად გადაფორმებები მოხდა უგულავას ხელში. დანამდვილებით ვიცი, რომ უგულავამ არასამხედრო პირებზე გაყიდა და ვეტერანებს ერთი ბინაც კი არ მისცა. და ეს ბინები ძალიან პრესტიჟულ ადგილებში იყო და არა ქალაქის გარეუბნებში. ვინმეს ხომ არ ჰგონია, რომ უგულავამ მარტო 48 მილიონი შეჭამა საქართველოს ბიუჯეტიდან? მერე რა, საქართველოში რაც უფრო მეტ ფულს მოიპარავ, იმპერიალიზმი კი არ დაგსჯის, პირიქით. აგერ, ხომ გამოათრიეს კორუმპირებული უგულავა და ოქრუაშვილი ციხიდან, ხოლო კანონდამრღვევ მელიას საპროცესო გადაუხადეს. იმიტომ აქვს ახლა პოლიციის ვიცეპოლკოვნიკ გოგაშვილს იმედი, იმპერიალიზმთან დავაბეზღებ რაც შეიძლება ბევრს და მეც ჰარი-ჰარალეთი გამიყვანენ და მელიასნაირი და უგულავასნაირი პოლიტიკოსი ვიქნებიო. აი, ამ უბედურების იმედად როგორ უნდა იყოს საზოგადოება? ჩვენ ამათ, „ოცნების“ რეჟიმთან ერთად, შეიძლება ისეთ ხათაბალაში გაგვხვიონ, რომ შევარდნაძისა და სააკაშვილის ნამოქმედარი სულ ზღაპრად მოგვეჩვენოს. ბევრს არ მოსწონს ის, რომ მე, როგორც პარტიის ხელმძღვანელი, ვაკრიტიკებ კოჰაბიტაციის პოლიტიკას. ეს დანაშაულებრივი პოლიტიკაა. ზუსტად ამ პოლიტიკის შედეგად ხდება ბოლო 10 წლის განმავლობაში ყველა ანტიეროვნული, ანტისოციალური ქმედებები ქვეყანაში, მაგრამ რა, ვითომ პრეზიდენტები – მარგველაშვილი, ზურაბიშვილი, სწორედ ასეთებს იწყალებენ. პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა შეიწყალა ოქრუაშვილი, უგულავა. რატომ უკვირთ? რომ ამას აკეთებს ქალბატონი პრეზიდენტი? ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხი ჩემმა პარტიამ მისი გაპრეზიდენტებისთანავე დააყენა.
– რატომ?
– იმიტომ, რომ ჩვენი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი არ არის. ის ოფიციალურად, პასპორტის მიხედვით, სალომე ნინო ზურაბიშვილია და უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც პენსიას საფრანგეთიდან იღებს. ამიტომ ის არ შეიძლება იყოს საქართველოს პრეზიდენტი. ზურაბიშვილი უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების და ტრანსნაციონალური ორგანიზაციების გავლენის აგენტია.
– მაშინ, ბიძინა ივანიშვილმა რატომ დაასახელა მისი კანდიდატურა? რამდენი იღვაწა მისი გაპრეზიდენტებისათვის, ეს ყველამ კარგად ვიცით.
– იმიტომ აარჩევინა, რომ ისიც იმპერიალიზმის დაკვეთების შემსრულებელია. ისიც ისე ემსახურება იმპერიალიზმს, როგორც მის მიერ გაპრეზიდენტებული პერსონები და ყოველთვის იმ მხარეს ემხრობიან, რომელი იმპერიალიზმის გავლენის ცენტრიც არის ძლიერი მოცემულ მომენტში. ნებისმიერ ასეთ ცენტრს მოემსახურებიან, თავიანთი ანგარებითი პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე.
აი, ამათ ყველას, ნაცებს, ქოცებს, თავიანთ პრეზიდენტიან-ივანიშვილიანად პასუხს რომ მოსთხოვს, ისეთი პოლიტიკური ძალები უნდა მოვიდნენ ხელისუფლებაში, რაც შეიძლება მალე. ესენი ქვეყანაზე და ხალხზე რომ ფიქრობდნენ, 521 ყველაზე გამოცდილი ოფიცრის ბედს არ მოიკითხავდნენ? იმის ნაცვლად, რომ სამსახურში დავებრუნებინეთ და განაცდური დღეები აენაზღაურებინათ ჩვენთვის, ახლოს არ გაგვიკარეს. რამდენი ოფიცერი გარდაიცვალა უსახსრობისა და მძიმე სოციალური პირობების გამო. მე ჯერ ცოცხალი ვარ და რაც უნდა ხელები გადამიგრიხონ და დამიჭირონ, კარგად იცოდნენ ერთი რამ: 521 ოფიცრისა და მათი უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახის წევრებს ნაცქოცური კოჰაბიტანტური რეჟიმის გასათავისუფლებლად სახალხო არმიები გამოჰყვება. თქვენ, ნაცებო და ქოცებო, ქართული ჯარი რომ გაინტერესებდეთ და საქართველოს თავდაცვა, 521 კვალიფიციურ ოფიცერს აღადგენდით სამსახურში!ასევე აღადგენდით სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიურ სამსახურს! დამისახელეთ ისეთი ნატოს წევრი ქვეყანა, სადაც თავდაცვის სამინისტროში არ იყო სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური სამსახური. სულ ამერიკას რომ გაიძახით, ამერიკაში ეს სამსახური ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია.
„ოცნება“, შე გადამგდებო და აფერისტო, სააკაშვილის რეჟიმის საქალაქო სასამართლომაც კი ბათილად ცნო თავდაცვის მინისტრ გიორგი ბარამიძის ბრძანება 521 ოფიცრის განთავისუფლებაზე. ის გადაწყვეტილება თქვენთვის საკმარისი არ იყო? რა, ოქრუაშვილის გადაწყვეტილებას ასრულებთ? რომელმაც საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების შესრულების ნაცვლად 2 წლით უკანა რიცხვით დაგვითხოვა სამსახურიდან.
– რას ამბობ, მაშინ ხომ თვითონ არ იყო მინისტრი?
– რა თქმა უნდა, მერე მოვიდა, მაგრამ კანონი დაარღვია. მათთვის კანონი ხომ არაფერს წარმოადგენს. მან სასამართლოს გადაწყვეტილება არაფრად ჩააგდო. გავასაჩივრეთ ოქრუაშვილის გადაწყვეტილება, მაგრამ მაშინდელ მოსამართლეზე, ნინო შერაძეზე, ოქრუაშვილის მხრიდან ისეთი ზეწოლა იყო, რომ თავის გამოტანილ გადაწყვეტილებაზე მოსამართლემ ცხარე ცრემლებით იტირა. შერაძის გადაწყვეტილებაში ეწერა: საქართველოში უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება შეუძლია შეცვალოს მინისტრმა და გამოსცეს თავისი ბრძანება. ეს სასამართლოს კი არა, ოქრუაშვილის ნაბრძანები გადაწყვეტილება იყო. მე გავასაჩივრე საქალაქო სასამართლოს ეს სამარცხვინო გადაწყვეტილება, მაგრამ სააპელაციო სასამართლოს სამმა ნაძირალა მოსამართლემ ისევ ძალაში დატოვა და თან გამაფრთხილეს, რომ უზენაეს სასამართლოში არ გამესაჩივრებინა, მაინც ვერ მოიგებო, მითხრეს, მე მაინც გავასაჩივრე. უზენაესმაც ძალაში დატოვა. კიდევ რა გითხრათ? თქვენ, დღევანდელო ხელისუფლება, ნაცებთან ერთად ხართ საქართველოს დაუძინებელი მტრები. თქვენ ერთად უწევთ საქართველოს ხალხს ექსპლუატაციას. თქვენ ეთანხმებით ბარამიძის, ოქრუაშვილის, კეზერაშვილის, ახალაიას ბრძანებებს. რითი განსხვავდებით იმათგან? თქვენმა მინისტრებმა ალასანიამ, ხიდაშელმა, ხიდაშელის მოადგილე ანა დოლიძემ, ჩვენ რომ დაგვყვებოდა ერთ დროს და ყველაფრის საქმის კურსში იყო, როგორც კი თანამდებობაზე მოვიდა, დაგვიკიდა. არ დაიჯეროთ, ხალხო, ესენი ყველანი ერთად, თაღლითები და საქართველოს მომავლის გამყიდველები არიან. მახსენდება, ჩვენს უფლებებს სესიაშვილი და თადუმაძე ვითომ იცავდნენ. დღეს უდიპლომო თადუმაძე უვადო მოსამართლეა. სესიაშვილს „ალალი შრომით“ ნაშოვნი სასახლის აუზში წყალი უსხია. რამდენი აუზი აქვს ასეთი, ვინ მოსთვლის. იმიტომ გარბიან ადამიანები ჯარიდან და ქვეყნიდან. თქვენ გინდათ გყავდეთ გირჩები და გირჩის მადიდებელი მღვდლები. ამიტომ ქართველმა ხალხმა კარგად გაიგოს, რომ ნაცები, ქოცები და მათი სატელიტები ხალხის მტრები არიან. ახალი სახეები, ახალი ლიდერები უნდა მოვიდნენ, რომლებიც პასუხს აგებინებენ ამ დამნაშავეებს კანონის მთელი სიმკაცრით.
მოვუწოდებ ყველა პატიოსან ადამიანს, დავირაზმოთ! დიდ მიზანს ერთად მივაღწევთ. სხვა შემთხვევაში ჩვენ კიდევ უფრო უარეს დღეში აღმოვჩნდებით ამათ ხელში.
კომენტარები