გამოცემა SOVA-ს ცნობით, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრი ინალ არძინბა საქართველოს ძალის არგამოყენების შეთანხმებაზე ხელმოწერისკენ მოუწოდა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებაზე, რომ საქართველო აპირებს საკუთარი დრონების წარმოებას, არძინბამ განაცხადა, რომ ამას სოხუმის ე.წ მთავრობა პირდაპირ საფრთხედ მიიჩნევს.
„ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს, ჟენევას მოლაპარაკებების ფარგლებში ხელი მოაწეროს ძალის არ გამოყენების შესახებ ორმხრივი ვალდებულების შეთანხმებას. აფხაზეთი მშვიდობის მოყვარული ქვეყანაა, ჩვენ არ ვაპირებთ ვინმეზე თავდასხმას. მაგრამ ჩვენს სამშობლოს, ჩვენს ხალხს და მშობლიურ მიწას ბოლომდე დავიცავთ“ – განაცხადა არძინბამ
არძინბას თქმით, საქართველოსთან სამხედრო კონფლიქტის შემთხვევაში, რაც გამორიცხული არაა, ეს ქვეყნები საქართველოს დაეხმარებიან.
„ეს კოლექტიური დასავლეთის ომის მანქანაა. უცხოელი დაქირავებული სამხედროების დაჯგუფებები, სამხედრო დანაყოფები გაწვრთნილები არიან ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სტანდარტების შესაბამისად. საქართველოსთან სამხედრო კონფლიქტის შემთხვევაში, რასაც ვერ გამოვრიცხავთ, ყველა ეს ქვეყანა ჩვენს მოწინააღმდეგეს დაუჭერს მხარს“
ინალ არძინბას ცნობით, ამ ფონზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ე.წ აფხაზეთის რესპუბლიკის თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერება, ისევე როგორც „კარგი, ძმური ურთიერთობების შენარჩუნება და გაძლიერება მოკავშირე რუსეთის ფედერაციასთან“.
„ჩვენ ვერ გადავდგამთ ნაბიჯებს, რომლებიც რუსეთისადმი არამეგობრულ დამოკიდებულებად ჩაითვლება. რუსეთი ჩვენი უსაფრთხოების გარანტია, ის ჩვენი სახელმწიფოს სუვერენიტეტის გაძლიერების კუთხით გვეხმარება. დღეს რუსეთის ფედერაცია წინ აღუდგა მსოფლიო უსამართლობას. ეს სიმართლისთვის ბრძოლაა, ეს სამართლიანობისთვის ბრძოლაა. და როგორც იცით, ძალა სიმართლეშია“ – განაცხადა ანილ არძინბამ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ 9 ივნისს, პარლამენტში “მინისტრის საათის” ფორმატში გამოსვლისას განაცხადა, რომ წლის ბოლომდე საქართველო აწარმოებს ქართულ უპილოტო საფრენ აპარატებს, დრონებს.
ბურჭულაძის თქმით, “თავდაცვისუნარიანობის ამაღლებისა და თავდაცვის ძალების გაძლიერების თვალსაზრისით უწყების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტული მიმართულება სადაზვერვო საშუალებების – ოპერატიული და ტაქტიკური უპილოტო სადაზვერვო და საბრძოლო საფრენი აპარატების მიმართულების განვითარება და გაძლიერებაა”.
თავდაცვის მინისტრმა განაცხადა ასევე, რომ შეიქმნა ერთობლივი ქართულ-პოლონური საწარმო.
ფორმულა.
კომენტარები