ანი დვალიშვილი
გულზე ხელი დაიდეთ და გულწრფელად თქვით – რამდენმა გაატარეთ ქართულ-ჯიგრულ პონტში ავტომობილი ტექ-დათვალიერებაზე? ანუ, როცა გამონაბოლქვი ზომაზე მეტი იყო და ნაცნობობით გაგიტარეს? ან ზედ ტექ-დათვალიერების წინ, ავზში სპეციალური ხსნარი ჩაასხით და ისე გაატარეთ? ჰოდა, სულ ტყუილად გიხარიათ, უკვე გადამზადებას გადიან ის ადამიანები, რომლებიც 1-ლი თუ არა, 3 იანვრიდან აუცილებლად, ჯერ დედაქალაქის (შემდეგ მთელი საქართველოს) ქუჩებში ივლიან და ავტომობილების გამონაბოლქვს შეამოწმებენ. დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში კი, მიიღებთ „გონივრულ ვადას“ პრობლემის გამოსასწორებლად და თუ ვერ მოახერხებთ, ან მანქანა უდნა გააჩეროთ, ან ახალი იყიდოთ.
„ახლა იმაზე მიდის მსჯელობა, გაფრთხილებისა და ერთ თვიანი ვადის მიცემის შემდეგ, მძღოლებს ჰქონდეთ ვალდებულება, რომ თავად გაატარონ მორიგ შემოწმებაზე უფასოდ მანქანა თუ ისევ შემთხვევითობის წყალობით? საქმე ის გახლავთ, რომ ყველამ იცის, საქართველოში ძალიან ბევრი ძველი მანქანაა და ისინი როგორმე ახლებით უნდა ჩანაცვლდეს და ვინც ვერ მოახერხებს, ფეხით ივლის“, – გვეუბნება ექსპერტი, რომელიც ამ სფეროს რეგულაციაში აქტიურად არის ჩართული.
ანუ, თუ თქვენს ავტომობილს დაუდგინდება ზედმეტი გამონაბოლქვი, ერთი თვის შემდეგ, უდიდესი ალბათობით, თქვენვე მიიყვანთ შესამოწმებლად და თუ ისევ დაუდგინდა, ჯარიმა და მორიგი შემოწმება არ აგცდებათ. თუ არ მიიყვანთ, მაშინ, სანომრე ნიშანი გადაეცემა ჭკვიან კამერებს და ჯარიმა უკვე ფოსტით მოგივათ. წინასწარი გათვლით, ყველაზე ცუდ შემთხვევაში, ამ ყველაფერმა მანქანების რაოდენობა 20-30%-ით უნდა შეამციროს, ხოლო გამონაბოლქვი 70-80%-ით შემცირდეს. ასე შემცირდება ტაქსების რაოდენობაც და ქალაქში საცობების პრობლემაც მოგვარდება და მაღალჩინოსნებიც შეუფერხებლად იმოძრავებენ და ჩვენ, მიწიერი „ჭია-ღუა მატლები“ ხელს აღარ შევუშლით და აღარც ნერვებს მოვუშლით… ასეთი საყვარელი და ჩასაყლაპია ხელისუფლება, რომელსაც ხალხზე ზრუნვა მათი მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება კი არა, უარესად გაღატაკება და „დაჩმორება“ მიაჩნია და ევროპისკენ გეზს მაინცდამაინც ხალხის მოხრჩობით იღებს, დანარჩენში ევროპა როგორ და სად ჰკიდიათ, კი ვხედავთ…
კომენტარები