გიორგი ჯავახაძე, ალია
„ალიას“ ესაუბრება „ენმ“-ს წევრი, რომელსაც, ამ ეტაპზე ვინაობის საჯაროდ დაფიქსირება არ სურს:
– ამ თემაზე არც კულუალურად ვისაუბრებდი, ეს თემა უკვე ღიად, საჯარო სივრცეში განხილვის საგნად რომ არ გადმოეტანათ. დაპირისპირება ახლა არ დაწყებული პარტიაში, დაპირისპირება უკვე წელიწადნახევარია გრძელდება. მარტო ბოლო თვეებში, სამი პირი გამოეყო პარტიას და ცალკე გავიდა, შეიძლება პარტიას 1 პირი გამოეყოს, მაგრამ მათ ამ პარტიაში თავიანთი ჯგუფები, გუნდები ყავდათ – ისინი ამ გუნდიანად მიდიან. ის, რომ ასე გახშირდა პარტიას გამოეყნონ ადამიანთა ჯგუფები – ყველაზე კარგად მიუთითებს იმის, რომ ვერ ახერხებს მელია პარტიის მართვას. ნიკა მელიასთან პიროვნულად არანაირი პრობლემა არა მაქვს, მაგრამ, სამწუხარო ფაქტი ისაა, რომ მართლა ვერ მართავს პარტიას. ვიტყოდი, რომ ეს ძველების და ახლების ომია პარტიაში, რაც ასევე პარტიას აზიანებს. თავის დროზე, როცა მერაბიშვილმა და კეზერაშვილმა ახალაიას წინააღმდეგ გააჩაღეს ომი, ვინ დააზარალა ამ ომმა? ისევ და ისევ პარტია. 2016 წელს, ვიცოდით, რომ 7 ადამიანი გადაუდგა პარტიას, თუმცა, მერე აღმოჩნდა, რომ ბევრად მეტი იყო ასეთი. მახსოვს, პარტიის ოფისში და ოფისთან, მომხრეები იდგნენ და ყველა ძალიან ცუდ დღეში იყო, წიკლაური გამოდიოდა ხოლმე და ლამის იჩოქებდა ხალხის წინ, ნუ ყვირით, დაიცადეთო. საბოლოოდ, აღმოჩნდა, რომ პარტიის წაღება სურდათ პირდაპირ, სახელიანად. მაშინ გადამწყვეტი აღმოჩნდა გია ბარამიძის ხმა და ეს ვერ მოხერხდა. მას შემდეგ ასეთი განსაცდელის წინაშე პარტია არ ყოფილა. ძველების და ახლების ბრძოლაა ახლა და ჯერჯერობით, კი, მელიაა თავმჯდომარე, მაგრამ ძველები ჯაბნიან, რამდენი ახალგაზრდა კადრი წავიდა პარტიდაან და მერე ქვეყნიდანაც? მე ვიცი ასეთი არაერთი, ვისზეც ძალიან მწყდება გული დღემდე. ძველებს მეტი გამოცდილება აქვთ და ახალ კადრებს არ აძლევენ წინ წასვლის საშუალებას და მელია ამას ვერ არეგულირებს, ან არ ვიცი…
შიდა დაპირისპირება მას შემდეგ გამწვავდა, რაც ნიკა მელიამ ვანო მერაბიშვილი გააგდო ოფისიდან. ერთ დღესაც ვანო მერაბიშილი მოვიდა ოფისში, ხილი მოიტანა. წავიდა ნიკა მელიას ოთახისკენ, მალე იქედან გვესმის ჩოჩქოლი და ჩემი თვალით ვნახე, როგორ გამორბოდა ვანო მერაბიშვილი გაფითრებული სახით. ის, რაც მაგის მერე ხდება, ვანოს ხელის გარეშე ვერ მოხდებოდა. ვანო მერაბიშვილი და კეზერაშვილი თავის მხრივ ერთმანეთთან საკმაოდ კარგად გრძნობენ თავს. ხრიკება, პარტიის ახალი სახეების ფეხის ვერ დამკვიდრება, პარტიიდან ჯგუფების ცალკე გასვლა, ასეთი მწვავე დაპირისპირებები, რომლებიც თვეებია გრძელდება, ვერ მოხდებოდა ისეთი ფიგურის გარეშე, რომელსაც მასების მართვის დიდი გამოცდილება არ აქვს და თან პარტიასთან ახლოს არ არის – ასეთი კი ვანო მერაბიშვილია. მეტიც, ყველამ ვიცით, რომ მას პროტეჟეც ჰყავს, პეტრე ცისკარიშვილი, რომელიც ისე დაუნიშნეს მელიას, აზრიც კი არ უკითხავთ. აქვე ვიტყვი იმასაც, რომ რამდენიმე თვის წინ, ვანო მერაბიშვილი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებსაც შეხვდა, სადაც უთხრა, როცა დაგჭირდებით, მითხარით და მხარში დაგიდგებითო – იმათაც განა ტყუილად აღუთქვა დახმარება. სხვათა შორის, კობა ნაყოფიას დანიშვნით ნამდვილად არ წაგვიგია, თუ რამე ტიპის დახმარება მიიღო ხალხმა აქციების დროს, კარვით დაწყებული, საკვებით დასრულებული – კობას დროს მოხდა და ხშირად საკუთარ ფულსაც ხარჯავდა. მოგეხენებათ, კობას აბარია ფინანსები პარტიაში და ამ მხრივ იგი ბევრად ხელგაშლილია, ვიდრე მისი წინამორბედი, რომელიც ლამის ერთ ხაჭაპურსაც ამადლიდა ხალხის. ვანო მერაბიშვილის თემას რომ დავუბრუნდე, თუ დააკვირდით, საერთოდ აღარ აკეთებს პოლიტიკურ განცხადებებს, არადა პოლიტიკაშია, არსად წასულა პოლიტიკიდან – იგი ჩუმად მოქმედებს. ვანო მერაბიშვილი უფულო კაცი არ არის, მაგრამ მარტო ვერ გაწვდება ფინანსურად მაინც და სწორედ ამისათვის სჭიდება მას კეზერაშვილი. არავისთვისაა საიდუმლო, რომ პარტიის წევრების ბევრი პროექტი სწორედ კეზერაშვილის დაფინასებულია, ჩემი ინფორმაციით, ლევან ხაბეიშვილის ანტიკორუფციული ბიუროც კეზერაშვილის დაფინანსებულია და აფინანსებს დღემდე. თუმცა, კეზერაშვილის ფული არ არის კონკრეტულად ნიკა მელიასთვის. მაგალითად, მეორე დიდი აქცია რომ მოვაწყვეთ და ღამე რომ უნდა გაგვეთია და უწყვეტი აქციები რომ დაანონსა ნიკა მელიამ, ძალიან ციოდა იმ ღამეს, გავიყინეთ, გავხედე, ხალხი დროშებს კეცავდა და იშლებოდა, გამთენიისას უკვე 3 000 კაციც აღარ დარჩა ნიკა მელიას აქციის გასაგრძელებლად. რატომ მოხდა ეს? ამ ხალხთან არავინ მიდიოდა, ელემენტარულად ცხელ ჩაის არავინ აწვდიდა, შიოდათ, ციოდათ, არავინ ეუბნებოდა, აგერ, ჩვენც თქვენ გვერდით ვართო. სრულიად უკონტროლოა რეგიონები, დავუშვათ 10 „მარშუტკის“ თანხა აქვს ჩარიცხული, მოჰყავს 3-5 და არავინ არაფერს ეკითხება. ერთხელ მე უნდა წამოვსულიყავი რეგიონიდან და იმ ადამიანს, ვისაც ჩემი წამოსაყვანი ფული, ვიცოდი, რომ ჩაურიცხეს, დავურეკე და ვეკითხები, აბა, რატომ არ დამირეკე? – მიპასუხა, შენ ისედაც წამოხვალ, ვიცი და აღარ დაგირეკეო. ესაა სწორი მიდგომა?
პარტიაში უკვე უფრო ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ ნიკა მელია წავა და თავის ხალხს წაიყვანს პარტიიდან, მაგრამ საქმე ისაა, რომ ნიკას არ ჰყავს ეს „თავისი ხალხი“, იდეოლოგებიც კი არა ჰყავს, მოგისმენს, ყველასაც მოუსმენს, მაგრამ ვისთან ერთად იღებს გადაწყვეტილებებს, გაუგებარია.
რამდენიმე კანდიდატს განიხილავენ თავმჯდომარედ, პეტრე ცისკარიშვილს ყველაზე აქტიურად, საუბარია ლევან ხაბეიშვილზეც, თუმცა, მეეჭვება, ხაბეიშვილი მიიყვანონ პარტიის სადავეებთან. სამწუხაროდ, დიდად არც მელია უნდა ხალხს, არც ცისკარიშვილი, არც ხაბეიშვილს ჰყავს ბევრი მომხრე – მაგრამ უბედურება ისაა, რომ არც ჩანს სხვა კადრი. რაც შეეხება ლევან ვარშალომიძეს, მას არც კი ახსენებენ, საერთოდ არ ჩანს და როგორც ვიცი, არცაა საქართველოში.
რაც შეეხება კეზერაშვილს, კეზერაშვილი „ენმ“-ის მომხრეთა უმრავლესობას არ მოსწონს, არც მე, იმასაც ვიტყვი, რომ საკმაოდ სუსტი მინისტრი იყო, თუმცა, აქვე მინდა ვთქვა ისიც, რომ იგი სხვებივით ცალი კალოშით არ მოსულა მთვარობაში, საკმაოდ შეძლებული ოჯახიდან მოვიდა და მერე კი, ბატონო, დაამატა და დაამატა.
დაჭამა ხალხმა ერთმანეთი, სანამ მიშას ციხიდან გამოხსნას ვითხოვდით აქტიურად, მიშისტებს გვეძახდნენ, ახლა როცა ვამბობთ, ღია დაპირისპირებას მორჩითო, ახლა ნიკასტებს გვეძახიან. როგორ მოვიქცეთ, უკვე აღარ ვიცით. ეს მდგომარეობა დიდხანს ვერ გასტანს.
რაც შეეხება სიებს, თუ რიგგარეშე არჩევნები იქნება, ის კი ზუსტად ვიცი, რომ ნიკა მელია აღარ დაუშვებს იგივე შეცდომას და გაერთიანებული ოპოზიციის სიით აღარ წავრდგებით. ენმ-ის წარმომადგენლების დასაცავი გახდა ლელოს, ევროპული საქართელოს და ყველა ოპოზიციური პარტიის ხმა არჩევნებზე, თავიანთი წარმომადგენლები ან სულაც არ იყვნენ, ან უხმოდ იყვნენ. ყველა ბრძოლამ ჩვენ თავზე გადაიარა და საქმე საქმეზე რომ მიდგება, თქვენ ვინც ხართო, გვპასუხობენ. ერთ-ერთი აქციის დროს, ქურთუკების დაწვა რომ დაიწყეს ახალგაზრდებმა (ეს ის პერიოდია, შეშა რომ არ შეგვატანინეს), ოღონდაც ცეცხლი დაენთოთ ცოტა გამთბარიყვნენ, ჩვენი პარტიის ერთმა აქტიურმა მხარდამჭერმა მამუკა ხაზარაძეს მისწერა, დახმარება სთხოვა, ახალგაზრდებს შიათ, ცივათ, იყინებიან, რეგიონებიდან არიან ჩამოსულნი, ბინაც არა აქვთ თბილისში, ღმერთი არ გწამთ, იქნებ რამე გააკეთოთო და მაჩვენა ეს მესიჯი, რომელიც გახსნილი იყო და უპასუხოდ დატოვებული. ასე რომ, ნიკა მელია, დიდი იმედი მაქვს, იგივეს არ გააკეთებს. იგივენაირად მოექცა მელიას ხელმძღვანელობით გამართულ ყველა აქციას კეზერაშვილიც. ლამის ყველა აქცია უფულოდ ჩატარდა და არ ხდება ასე, სჭირდება ფინანსები აქციებს. მართალია, კულუარულად დიდხანს საუბრობდნენ იმაზე, რომ აი, რაღაცა მომენტს ველოდებით, თუმცა, შთაბეჭდილება გვრჩება, რომ „ძველები“ გადამწყვეტ მომენტში, არასოდეს დაეხმარებიან ნიკა მელიას წამოწყებულ აქციებს, სწორედ ამიტომ ვეღარ კეთება პერმანენტული აქციები. ნებისმიერი რეგიონიდან ბევრად იმაზე მეტი ადამიანის ჩამოყვანა შეიძლება, 30-50-ჯერ ბევრად მეტის, ვიდრე ჩამოჰყავს პარტიას – ვერ და არ ჩამოჰყავს, სწორედ ფინანსების პრობლემის გამო. თითქოს მზადაა ყველაფერი, თითქოს აი, ვიღაც იღებს პასუხისმგებლობას რეგიონებიდან ხალხის ჩამოყვანაზე და მერე დიდი ქალაქიდან მოჰყავს 60-80 ადამიანია და ესაა ბევრი?
მახსოვს, მიშას გამოშვების მოთხოვნით ჩატარებული მეორე აქციის დროს, ნიკა მელია აშკარად ძალიან ნერვიულობდა და რაღაცას ელოდა. მოვიდა რამდენიმე პოლიტიკოსი, ცალკე გავიდნენ სასაუბროდ, რაღაც ამბავი მოუტანეს, ერთი გიგი იყო უგულავა. ნიკა მელია გაფითრდა მათთან საუბრისას და რომ დაასრულა საუბარი და ხალხისკენ წამოვიდა, ერთიანად კანკალებდა. მაშინ „ალია“ წერდა, რომ ნიკა მელიას, იმ დღეს მიუტანეს ამბავი, რომ თუ აქცია არ დაიშლებოდა, რუსთავის ციხეში დაწყებულ ხანძარს სააკაშვილი „ემსხვერპლებოდა“ და ამაზე მერე ბევრი საუბრობდა. არ გამოვრიცხავთ ამ ვარიანტსაც, თუმცა, ამას ისიც დაემატა, რომ ნიკა მელიას არც მაშინ, არც ფინანსური და არც მორალური, არც ფიზიკური დახმარება არ გაუწიეს ადამიანებმა, რომლებსაც ამის გაკეთება შეეძლოთ.
ნიკა მელიამ ჩამოიყვანა სააკაშვილი ქვეყანაში მოტყუებითო და ეგ კი ნამდვილად ვიცი, ნიკა მელიაპარტიის ძირძველ წევრებს რომ ეკითხებოდა, გამარკვიეთ, მართლა ჩამოსულია, თუ არაო – ისიც არ იცოდა, რომ ჩამოსული იყო. მიშას დაპირდნენ ხალხის მობილიზებას ბათუმშიო, როგორ დაპირდებოდნენ, როცა არ კი იცოდნენ, რომ ჩამოდიოდა? არანაირი მობილიზება, ცხადია, არ ხდებოდა. ახლაც ვერ ვხვდებით ბევრნი, რატომ ჩამოვიდა მიშა. მაგრამ მაგ დროისთვის, დასავლეთს მკაცრად ჰქონდა ნათქვამი, რომ რევოლუციას არ დაუშვებდა ქვეყანაში და როგორც ჩანს, მიშამ იფიქრა, რეოლუციის გარეშე, მისი ფაქტორით, დაიცავდა ხალხის ხმებს ისე, რომ არ გაეყალბებინა „ოცნებას“.
რაც შეეხება ღია გამიჯვნას, ბევრი დღემდე არ ემიჯნება მელიას ღიად, თუმცა, სხვა სიტუაციაა შიგნით, მაგალითად, გია ბარამიძეს, არაერთხელ ჰქონდა მასთან ცხრე კამათი, სხვა ლიდერებსაც. რაც შეეხება სააკაშვილს, ამბობენ, ის პოლიტიკიდან მიდისო, თუმცა, ადვოკატებმა ჩვენთან ამ თემაზე არ უსაუბრიაო და არც ისაუბრებდა პარტიის შიდა საქმეებზე ადვოკატებთან. მიშას ძალიან უნდა გუნდურობის ეფექტი მაინც შეინარჩუნოს და როცა გიული ალასანიამ საყვეედრი თქვა პარტიაზე, მაგის შემდეგ სააკაშვილმა სთხოვა, პარტიის საქმეებში არ ჩაერიო. სწორედ ამიტომ არ ამბობს არაფერს პარტიაზე ციხიდან და სწორედ ესაა ამ ერთგვარი მორატორიუმის მიზეზი – არ სურს ამ დაპირისპირების აფიშირება. თუმცა, უკვე იმ მოცემულობამდე მივედით, რომ აღარ დაიმალება და ბევრს ეშინია უკვე, არ ახდეს ივანიშვილის მუქარა – საკუთარი ხელით დაგანგრევინებთ თქვენ პარტიასო.
სტატიაში დასახელებულ პირებს, თუ კომენტარის გაკეთება ენდომებათ, „ალია“ მზადაა, მათ ამის საშუალება მისცეს.
კომენტარები