აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა აფგან მუხთარლიმ მისი გატაცების საქმესთან დაკავშირებით განაცხადა:
– გოგაშვილის განცხადების საფუძველზე ივანიშვილის და გომელაურის დაკითხვას ვითხოვ, პრემიერს კი მივმართავ, რომ შს მინისტრს უფლებამოსილება შეუჩეროს.
“ჩამოვედი იმისთვის, რომ პროკურატურას რამდენიმე მოთხოვნა წავუყენო:
პირველი, ეს სოსო გოგაშვილის განცხადებებია, რომელმაც თქვა, რომ ჩემი გატაცების ორგანიზებაში მონაწილეობდნენ ივანიშვილი და შინაგან საქმეთა მოქმედი მინისტრი [ვახტანგ გომელაური]. მე მოვითხოვ პროკურატურისგან, რომ ორივეს დაკითხვა მოხდეს ჩემს საქმეზე.
ვაპირებ, მივმართო მოქმედ პრემიერ-მინისტრსაც, რომ შინაგან საქმეთა მინისტრს შეუჩეროს უფლებამოსილება, იმიტომ, რომ თუ გომელაური პოსტზე დარჩება, მას შეუძლია გავლენა მოახდინოს გამოძიებაზე.
ხვალ ან ზეგ ჩემს ოფიციალურ მიმართვას მიიღებს საქართველოს პრემიერი და პარლამენტი. დღესვე მექნება ამის შესახებ პროკურატურაში საუბარი და ამის შემდეგ შესაძლოა ჩემი მოთხოვნები გაიზარდოს,” – თქვა აფგან მუხთარლიმ.
მკითხველს შევახსენებთ, სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანმა, სოსო გოგაშვილმა 26 ივლისს სოციალურ ქსელში მორიგი განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის გატაცება და შემდეგ ამ მასალების წაშლა უშუალოდ ბიძინა ივანიშვილის დავალებით მოხდა .
კომენტარები