საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია BM.GE-ის მთავარი რედაქტორის, თელარა გელანტიასთვის საქართველოს მთვარობის სხდომაზე დასწრების შეზღუდვის შემთხვევებს ეხმაურება.
ომბუდსმენი ხაზს უსვამს მედიის განსაკუთრებულ ფუნქციას, გაავრცელოს საჯარო ინტერესის სფეროში შემავალი ინფორმაცია და ხელი შეუწყოს ინფორმირებულ საჯარო დებატებს ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, რაც საზოგადოებრივ ცხოვრებაში მისი თითოეული წევრის ჩართულობის აუცილებელი წინაპირობაა.
“კრიტიკული მედიის არსებობა აუცილებელი პირობაა საზოგადოების თვითგამორკვევისა და დემოკრატიული სახელმწიფოს ჩამოყალიბების პროცესში. სახალხო დამცველი საგანგაშო ტენდენციად მიიჩნევს ჟურნალისტებისთვის პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში ხელის შეშლის ფაქტებს და მიაჩნია, რომ აღნიშნული საფრთხეს უქმნის ქვეყანაში არსებულ მედია პლურალიზმსა და უარყოფითად აისახება ქვეყნის დემოკრატიულ პროცესებზე”. – ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.
სახალხო დამცველი მოუწოდებს ხელისუფლებას, უზრუნველყოს მედიის წარმომადგენლების დაუბრკოლებელი წვდომა ინფორმაციაზე, მათ შორის, თანასწორობის პრინციპის დაცვით, ჟურნალისტებს მთავრობის სხდომებზე დასწრებისა და მათთვის სასურველი კითხვების დასმის შესაძლებლობა მიეცეთ.
თელარა გელანტიამ მთავრობის სხდომის გაშუქებისა და პროფესიული საქმიანობის განხორციელების შეზღუდვის ფაქტზე ჯერ კიდევ 2022 წლის 12 სექტემბერს გაავრცელა . ინფორმაცია. მისი განმარტებით, მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის წარმომადგენელმა მას სხდომაზე დასწრების აკრძალვის მიზეზად წესების დარღვევა, ბევრი შეკითხვის დასმა და ამ გზით კოლეგებისთვის ხელის შეშლა დაუსახელა. თელარა გელანტიასგან განსხვავებით, მის თანმხლებ ოპერატორს სხდომაზე დასწრების პრობლემა არ შეჰქმნია. თელარა გელანტიას მთავრობის სხდომაზე დასწრებაზე არც 26 სექტემბერს დართეს ნება.
სახალხო დამცევლის განცხადებით, ბოლო პერიოდში არაერთხელ გამოიკვეთა ცალკეული სახელმწიფო უწყებების მიერ ორგანიზებულ ბრიფინგებსა თუ მუნიციპალურ ღონისძიებებზე კრიტიკული მედიის წარმომადგენლების არდაშვების ან/და არმიწვევის ტენდენცია, რასაც ომბუდსმენი თანასწორობის პრინციპთან შეუსაბამო პრაქტიკად აფასებს.
კომენტარები