პარტია „დროას“ წარმომადგენლებსა და სამოქალაქო აქტივისტებს პოლიციამ ლარსის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტთან აქციის ჩატარების უფლება არ მისცა.
“დროას” წარმომადგენლები და აქტივისტები ამ წუთებში გველეთში, იმ გვირაბთან იმყოფებიან, რომელიც ლარსის სასაზღვრო პუნქტს უკავშირდება, თუმცა ადგილზე მობილიზებული პოლიციის გადაწყვეტილებით, გვირაბში გასვლისა და ლარსამდე მისვლის საშუალება არ აქვთ.
როგორც საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე კახა ბუხრაძემ “დროას” წარმომადგენლებსა და აქტივისტებს განუცხადა, ლარსის გამშვები პუნქტიდან საქართველოსკენ რთული მოძრაობაა და იმისთვის, რომ არ შეიქმნას კოლაფსი, ასევე აქციის მონაწილეების უსაფრთხოება იყოს დაცული, პოლიცია მათ ლარისის სასაზღვრო პუნქტთან მისვლისა და აქციის ჩატარების უფლებას ვერ მისცემს.
როგორც მან აქციის მონაწილეებს განუმარტა, აქციის ჩატარება შეეძლებათ იმ ადგილას, სადაც ახლა იმყოფებიან – გველეთში.
„უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე ვერ გაგატარებთ. დიდი ნაკადი შემოდის რუსეთიდან, კოლაფსი რომ არ შეიქმნას, იქ ვერ ჩაგატარებინებთ აქციას“, – მიმართა ბუხრაძემ.
თავის მხრივ, „დროას“ წარმომადგენლებმა პოლიციას განუმატეს, რომ გზის გადაკეტვას არ აპირებენ. შესაბამისად, თხოვნით მიმართეს პოლიციას, რომ ლარსის სასაზღვრო პუნქტამდე მიუშვან.
ინტერპრესნიუსი.
კომენტარები