ის ადამიანი, ვინც ჩემზე გაიწია დასარტყმელად, არის კრივის ფედერაციის ხელმძღვანელი, – ამის შესახებ კულტურისა და სპორტის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.
მისი თქმით, მიუხედავად ამ ფაქტისა, ქართულ კრივს სამინისტროს მხრიდან ხელშეწყობა ექნება, თუმცა ფედერაციის გვერდის ავლით.
“კრივის ფედერაციის წარმომადგენლებისგან ან მოკრივეებისგან რომ იყო ჩემდამი რამე წინააღმდეგობა, ეს არის სიცრუე. ჩვენ გვყავს მოკრივეები, რომელი ასაკისაც გნებავთ, არიან ერთი მეორეზე ღირსეული არა მხოლოდ თავიანთი დიდი მიღწევებით, არამედ თავიანთი ქცევით, რადგან ამ თემამ ასეთი გამოხმაურება მიიღო, გამოვიყენებ ეთერს და გეტყვით, ის ადამიანი, ვინც ჩემზე გაიწია დასარტყმელად, არის კრივის ფედერაციის ხელმძღვანელი, მაგრამ ეს არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს იმას, რომ ეს ქმედება ჩემს გონებაში ან განწყობაში გადამაქვს მოკრივეზე ან კრივის სახეობაზე. მათ იმხელა შედეგები აჩვენეს წელს, რომ მხოლოდ მადლობას იმსახურებენ და სულ რამდენიმე დღის წინ ჩვენი ახალგაზრდა მოკრივეები დავაფინანსეთ, ოღონდ ფედერაციის გვერდის ავლით. ქართულ კრივს, იმიტომ, რომ მათ არ გაუმართლათ ხელმძღვანელში, ჩვენ ხელს არ გავუშვებთ, მაგრამ ეს არის ასე, ეს არის ფაქტი. როგორც მეუბნებიან, მას აქვს განცდა, რომ უნდა, ჩაებღაუჭოს ამ ფედერაციას, მაგრამ მე ქართულ კრივს ამ ადამიანს, რომელიც, ამ ფაქტის მერე არავინ არ არის და არის ცარიელი ადგილი, ვერ დავაღუპვინებ, რადგან მე ვარ სპორტის მინისტრი, მე მევალება ქართული კრივის ხელშეწყობა და რა თქმა უნდა, ეს ხელშეწყობა მათ ექნებათ”, – განაცხადა თეა წულუკიანმა “იმედის“ ეთერში.
ცნობისთვის, საქართველოს კრივის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი დავით წიკლაურია.
კომენტარები