ევროკომისიის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრეს-სპიკერის განცხადებით, ევროკავშირი მკაცრად გმობს ალექსანდრ ლუკაშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტს.
პიტერ სტანოს შეფასებით, ოკუპირებულ აფხაზეთში ლუკაშენკოს ვიზიტი არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. მისი თქმით, ფაქტი საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევას წარმოადგენს.
„გარდა იმისა, რომ ამ პიროვნებას, ლუკაშენკოს, არა აქვს ლეგიტიმაცია, იმოქმედოს როგორც სახელმწიფოს მეთაურმა, ეს ვიზიტი განხორციელდა საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე, რომელსაც აქვს ერთადერთი ლეგიტიმური უფლებამოსილება აფხაზეთის რეგიონზე.
ასე რომ, ეს ვიზიტი არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევას.
ევროკავშირი კვლავ ადასტურებს თავის ძლიერ და მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, – განაცხადა სტანომ.
ბელორუსის პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში გუშინ ჩავიდა და ე.წ. პრეზიდენტს, ასლან ბჟანიას ბიჭვინთაში შეხვდა.
ლუკაშენკომ თქვა, რომ ის და ვლადიმერ პუტინი მივიდნენ დასკვნამდე, რომ “აფხაზეთი არ უნდა მიატოვონ”.
კომენტარები