“ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი უკვე რამდენიმე დღეა, რაც საზოგადოების ყურადღების ცენტრშია. მას მერე, რაც პეტრე ცისკარიშვილს ჟურნალისტმა ნანუკა ჟორჟოლიანმა პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილისადმი უყურადღებობაში დასდო ბრალი.
პეტრე ცისკარიშვილი წლების წინ, აშშ-ის განათლების მიღების შემდეგ, ძალიან ახალგაზრდა გამოჩნდა პოლიტიკაში. ის “ვარდების ხელისუფლების“ პოლიტიკოსია.
30 წლის ასაკში კი (2004-2006 წლებში) უკვე კახეთის გუბერნატორის პოსტს იკავებდა. თუმცა მანამდე იყო საინტერესო მომენტი მის ცხოვრებაში, როდესაც მთელი საქართველო მასზე ლაპარაკობდა. 2001 წელს პეტრე ცისკარიშვილი, საყვარელ ქალთან – ანი სურმავასთან ერთად პანკისში გაიტაცეს. შოთა ჭიჭიაშვილი, რომელიც ამ საქმეზე იყო ბრალდებული, წლების შემდეგ “კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში ცისკარიშვილის გატაცების ფაქტს ასე ისხსენებდა…
შოთა ჭიჭიაშვილი:
“პეტრე არც ჩემი მეგობარია და არც მისი ადვოკატი ვარ, მაგრამ მიმაჩნია, რომ მას, როგორც მთის კაცს, რაღაც ღირსება აქვს. იმ დროს პრეზიდენტობის კანდიდატებად მოიაზრებოდნენ კახა თარგამაძე, ზურაბ ჟვანია და მიშა სააკაშვილი.
ესენი ედუარდ მეფის ვეზირები იყვნენ, მეფის კარზე კი იყო დიდი ინტრიგები – ერთმანეთს უცინოდნენ, თან ძირს უთხრიდნენ. პეტრე ჟვანიას მეგობარი იყო. იმ დროს ჩვენ სულ სხვა ოპერაციაზე მივდიოდით. ძალოვანებმა შემომიგდეს კოტე ციხისთავი, ნაძირალა და ნომრიანი აგენტი, თელაველი კაცი. კახა თარგამაძემ, ნუგზარ საჯაიამ და მათმა “სასტავმა” კოტე ციხისთავი გამოაქცია ციხიდან, რის შემდეგაც მე მომადგა სახლში. შევიფარე, ვასვი, ვაჭამე, ჩავაცვი, გვერდში დავიყენე და ყველას ვუთხარი, ეს კაცი ჩემი სტუმარია და თუ რამე მოხდა, მის სისხლს მე ავიღებ-მეთქი. მოგვიანებით გავიგე, რომ ციხისთავი აგენტი ყოფილა. ჩვენი საქმისთვის მანქანის მონახვა მას დავავალე და მაინცდამაინც პეტრე ცისკარიშვილს არ მიგვაყენა? კოტე პოლიციელის ფორმით იყო და წიგნაკი ჰქონდა.
პეტრე ვაჟკაცი ბიჭი აღმოჩნდა, წინააღმდეგობა გაგვიწია, ამიტომაც მისი წაყვანა მოგვიწია. უბრალოდ, გვინდოდა, დროებით, 1-2 დღე იზოლაციაში მოგვექცია, სანამ საქმეს გავაკეთებდით. მას თან ახლდა შეყვარებული, რომელსაც ვუთხარი, წადი, დაიკო, შენთან საქმე არ გვაქვს-მეთქი. ქალს თურმე ძალიან ჰყვარებია პეტრე და გვითხრა, სადაც ეს, მეც იქო და არ მიატოვა. ასეთი თავგანწირვის გამო პატივისცემა გაგვიჩნდა მის მიმართ. მათთვის ზედმეტი არავის არაფერი უკადრებია, პირიქით, რომ სციოდა, ჩვენს ტანსაცმელს ვაცმევდით იმ გოგოს.
ჩვენ არც გამოსასყიდი მოგვითხოვია. იმათ ჩემი ძმა ჰყავდათ დაჭერილი არაკაცურად – ერთი ძმა სპეცსამსახურებმა მოწამლეს და მომიკლეს, მეორე ძმა მის დასაფლავებაზე მოდიოდა, ვითომ კორიდორი მისცეს და დაიჭირეს.
რადგან ასე ვერაგულად დააკავეს, ხელისუფლებას ულტიმატუმი წავუყენე, ჩემი ძმა გამოუშვით და პეტრეს გადმოგცემთ-მეთქი. გაუშვეს და მეც გავუშვი. ეს იყო და ეს. პეტრეს ნარკომანობას აბრალებდნენ, მაგრამ ის სპორტსმენი კაცი იყო და სიგარეტსაც კი არ ეწეოდა, არც არავის ვალი ჰქონია, ეს იყო ბინძური პიარი. მგონია, ღირსეული კაციცაა, ჩემთვის ხელი არ დაუდია, არც არაფერი დაუშავებია, მეც ჩემი მხრივ, მისი ღირსება დავიცავი. მე მას მტრად არ ვთვლი, ჩვენ ერთმანეთში ყველაფერი მაშინვე გავარკვიეთ…”
ამ ამბის შემდეგ პეტრე ცისკარიშვილმა და ანი სურმავამ იქორწინეს და ვაჟი – ნიკოლოზი შეეძინათ. იმ პერიოდში, ისინი ყველაზე პოპულარულ წყვილად მიიჩნეოდნენ, იბეჭდებოდა მათი ინტერვიუები, ჟურნალისტები შინ აკითხავდნენ რათა ოჯახური ცხოვრების ეპიზოდები გადაეღოთ…
პეტრე ცისკარიშვილის პოლიტიკური კარიერა წარმატებით განვითარდა, გუბერნატორობის შემდეგ სოფლის მეურნეობის მინისტრის პოსტი ჩააბარეს. მინისტრის პოსტი პარლამენტმა შეცვალა და ცისკარიშვილი ახმეტის მაჟორიტარი გახდა. “ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, კი როგორც მაჟორიტარი ახმეტაში დამარცხდა, თუმცა პარტიული სიით დეპუტატი მაინც გახდა. 2022 წლის 10 იანვარს აირჩიეს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურ მდივნად, ამ პოსტზე შეცვალა კობა ნაყოფია.
“ჰყავს მეუღლე და ერთი ვაჟი – ნიკოლოზი. ფლობს ინგლისურ, რუსულ, იტალიურ და ესპანურ ენებს…“ – ამას ცისკარიშვილის შესახებ ვიკიპედიაზე გამოქვეყნებულ მასალაში ამოიკითხავთ, თუმცა 2012 წლიდან პოლიტიკოსს დეკლარაციაში მეუღლე მოხსენიებული აღარ ჰყავს.
2013 წელს, ჟურნალ რეიტინგში გამოქვეყნდა სტატია, რომ ათწლიანი თანაცხოვრების შემდეგ პეტრე ცისკარიშვილი მეუღლეს, ანა სურმავას გაშორდა და საცხოვრებლად ცალკე გადავიდა. სტატიაში ვკითხულობთ, რომ პეტრეს ახალი სიყვარული ცნობილი მოქანდაკის, კოტე მერაბიშვილის შვილიშვილი, მარიკა მერაბიშვილი იყო, რომელთანაც წლების მეგობრობა აკავშირებდათ. მეგობრების თქმით, პეტრე და მარიკა რვა წლის მეგობრები იყვნენ. წყვილი ურთიერთობის აფიშირებას ყოველთვის გაურბოდა. როგორც მათი მეგობარი ამბობს, დღეს ისინი ცოლ-ქმარი არიან და ორი ქალიშვილი – ალისა და ემილი ჰყავთ.
პეტრე ცისკარიშვილის პოპულარობის მიუხედავად ის პირად ცხოვრებაზე მედიასთან არასოდეს ლაპარაკობს.
მარიკა მერაბიშვილი და რუსეთში მცხოვრები მომღერალი ქეთა თოფურია წლებია მეგობრობენ. მედიაში იძებნება 2013 წლის სტატია, რომელშიც ვკითხულობთ, რომ პეტრემ და მარიკამ, ქეთასთან და მომღერლის იმჟამინდელ ქმარ ლევ გეიხმანთან ერთად, სენ-ტროპეში დაისვენეს.
ნინი გიგიშვილი – ამბები.ჯი.
კომენტარები