ანი დვალიშვილი
პარლამენტში მინისტრთა მოსმენა ინდური ფილმივით გრძელდება. აქ ყველაფერია – ცეკვა, სიმღერა, ყვირილი, ჩხუბი (ჯერ ხელჩართულზე არ გადასულან, მაგრამ რეალურად არც ინდურ ფილმებში ჩხუბობენ) და სანახაობა ნამდვილად არის. აი, ცოტა პურიც რომ შეაშველონ ამ ყველაფერს, იდეალურ სახელმწიფოში ვიცხოვრებთ, მაგრამ როგორც წესი, პურის შეშველება ყოველთვის ჭირს და ახლაც ასეა. სოციალურად დაუცველთა ოდენობა კრიტიკულ ზღვარს რომ გადასცდა, ხელისუფლებამ კი იცის, მაგრამ ვერაფერს აკეთებს. ვერ აკეთებს იმიტომ, რომ ამის საშუალებას ბიჯეტი არ აძლევს და თან, არჩევნების წინ, რაც უფრო მეტი ადამიანი ეყოლება დამოკიდებულ-ჩამოკიდებული ბიუჯეტზე, მით უკეთესი.
რაც შეეხება ოპოზიციას. ნიკა გვარამიას დაკავების შემდეგ, ოპოზიციურ არხებს შორის დაპირისპირება ისე გაიზარდა, რომ ერთი მხარე მეორის კრიტიკას არ ერიდება. ნიკა მელიას მიერ ყველასთვის ცნობილი განცხადების შემდეგ, მას არამარტო სხვა ოპოზიციური პარტიების ლიდერები, არამედ საკუთარი გუნდის წევრებიც დაუპირისპირდნენ, თუმცა მელიამ ის, რაც თქვა, ოპოზიციური სპექტრისთვის არ იყო განკუთვნილი.
„ყველაზე კარგად სწორედ მელია ხვდება, რომ 2024 წლის არჩევნებისთვის ნაციონალური მოძრაობის ამომრჩეველში თუ არ იქნება სააკაშვილის ფაქტორი, არათუ გამარჯვებაზე, მეორე ადგილის მოპოვებაზეც კი სერიოზული საჭიდაო იქნება და შესაძლოა, ნაციონალური მოძრაობა მართლაც პოლიტიკური რუკიდან გაქრეს. ამიტომ, მელიამ ის რაც თქვა, სააკაშვილისთვის იყო განკუთვნილი და თუ ექსპრეზიდენტს რეაქცია არ ექნება, მელია უარესს იტყვის, ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ სააკაშვილმა ხმა ამოიღოს და ქართულ პოლიტიკაში კვლავ ჩაერთოს“, – გვეუბნება ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი.
მისივე თქმით, გუნდის შიგნით არეულობა ნამდვილად არის. თითქოს შინაგანად არავის სჯერა, რომ მიშა ქართული პოლიტიკიდან წავიდა, მაგრამ იმას კი ყველა ხვდება, რომ სააკაშვილის აქცენტირება მხოლოდ უკრაინულ პოლიტიკაზე, მთავარ ოპოზოციურ პარტიას, ამომრჩეველს ყოველდღიურად ართმევს. თანაც, სახელისუფლებო გუნდმა, მოახერხა და რეგიონებში არაერთი ნაციონალი დაასაქმა საჯარო სამსახურში, აქეთ ვერც წალენჯიხა აყვავდა ისე, როგორც არჩევნების მერე აანონსებდნენ და ოპოზიციამ გია ხარჩილავა მუნიციპალიტეტს მარტო შეატოვა. არსად ჩანს ის დანაპირები მილიონობით ინვესტიციის შესახებ, რომელსაც სწორედ ოპოზიციური პარტიების ლიდერები გასცემდნენ და ხარჩილავაც იძულებული გახდა, პროექტები სამთავრობო დაფინანსებით განეხორციელებინა და რაც მთავარია, ეღიარებინა, რომ ეს ყველაფერი ცენტრალური ბიუჯეტიდან კეთდება. სწორედ ამიტომ, სააკაშვილის ფაქტორის გარეშე, არჩევნების მოგება უკვე მოგებულ მუნიციპალიტეტშიც კი გაჭირდება.
კომენტარები