დეპუტატი, ლევან იოსელიანი:
“ამ საკითხს რაც პარლამენტში შემოვედი მის მერე ვაყენებ და შედეგს ვერ მივაღწიე. რამდენიმე დღის წინ პრემიერმა თქვა, რომ მასწავლებლების ხელფასი 125 ლარით იზრდება, რაც ძალიან კარგია, მეტსაც იმსახურებენ.
მე მინდა ვუთხრა ირაკლი ღარიბაშვილს, რომ 125 ლარი საერთოდ არ აქვთ ხელფასი მუსიკის მასწავლებლებს, ხატვის მასწავლებელს და სახელოვნებო სკოლებში დასაქმებულ მასწავლებლებს. ეს ადამიანები არიან უბრალოდ მიტოვებულები, მათზე არავინ საუბრობს, დისკრიმინაციული მიდგომაა, საჯარო მოხელეს 10 პროცენტი ემატება, ყველას რაღაცა ემატება და ამ ხალხს არასოდეს არაფერი ემატება, მათ პრაქტიკულად ხელფასი არ აქვთ, ენთუზიაზმე მუშაობენ, ენთუზიაზმზე ასწავლიან ჩვენს შვილებს მუსიკას, ხატვას, ძერწვას. არავინ ამაზე არ ლაპარაკობს – ყველას ველაპარაკე, ყველა საქმის კურსშია, ყველა მეთანხმება, მაგრამ არანაირი ნაბიჯი არ იდგმება. პროფესიული განვითარების და კარიერული წინსვლის სისტემა აქვთ სკოლის მასწავლებლებს და კარგია – მუსიკის მასწავლებელი არც კარიერულად და არც პროფესიულად უნდა განვითარდეს ასე გამოდის. მათ საერთოდ სტატუსი არ აქვთ მასწავლებლების – ეს მეორე, ცალკე უბედურებაა. არ მესმის, რატომ არის პირობითად ბიოლოგიის და ისტორიის მასწავლებელი – მასწავლებელი და ხატვას, ფორტეპიანოს ვინც ასწავლის – ის არ არის მასწავლებელი. ეს ადამიანები, რახან კულტურული ხალხია, გზებს არ კეტავენ, ქვებს არ ისვრიან, ასე შეიძლება მათი გარიყვა?
ბევრჯერ მივმართე განათლების მინისტრს, ფინანსთა მინისტრს – თან საუბარი რაზეა – დაახლოებით 5 მილიონ ლარზე, რომელიც ამ ადამიანების პრობლემას მოაგვარებს, როდესაც ასეული მილიონებით იზრდება მთელი რიგი მიმართულებებით დაფინანსება.
კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, ამ ადამიანებს მივცეთ ხელფასი, დღეს რასაც იღებენ, ეს არ არის ხელფასი – თუ არ გვინდა ჩვენი შვილები დარჩნენ საერთოდ ხელოვნების განათლების გარეშე. მე ეს მაწუხებს და ბევრს აწუხებს ამ ქვეყანაში და კიდევ ერთხელ მივმართავ ირაკლი ღარიბაშვილს, დაინტერესდეს სახელოვნებო სკოლების მასწავლებელთა პრობლემით. ამ ადამიანებს არაფერი არ ეხებათ, მთელი ეს წლები არ შეხებიათ და დღეს, როცა დაანონსებულია მასწავლებელთა ხელფასების ზრდა, ამ ადამიანების შემოსავალზე ეს არ აისახება.
კომენტარები