ხვალ, 7 აპრილს მართლმადიდებლური სამყარო, ერთ-ერთ უდიდეს საუფლო დღესასწაულს, ხარების ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს. ცამ დღეს ყოვლადწმიდა მარიამთან ერთად მთელ კაცობრიობას ეუწყა, რომ სახიერმა ღმერთმა ადამიანი სიკვდილისა და ცოდვის სამუდამო ტყვეობისათვის ვერ გაიმეტა და ეშმაკის მონობისაგან მისი გამოხსნა გადაწყვიტა. ეს დღე არის დასაბამი ჩვენი ცხონებისა.
ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხარება ბრწყინვალე ქრისტიანული დღესასწაულია და იგი 12 საუფლო (უძრავი) დღესასწაულთაგანია.
იმის შესახებ, თუ სად და როდის გაჩნდა პირველად ხარების დღესასწაული, არაფერია ცნობილი. მხოლოდ ის ვიცით, რომ 560 წელს იმპერატორმა იუსტინიანემ ხარების აღნიშვნის თარიღად 25 მარტი (ახალი სტილით 7 აპრილი) მიუთითა.
დღესასწაულის სახელწოდება – ხარება – მასთან დაკავშირებული მოვლენის მთავარ არსს გადმოსცემს: მარიამ ღვთისმშობლისათვის ხარებას, რომ მისგან იშვებოდა იესო ქრისტე – ძე ღვთისა. წმინდა წერილის თანახმად, გაბრიელ მთავარანგელოზი ქალწულ მარიამს გამოეცხადა და ახარა, რომ ის ძეს ღვთისას შობდა და ამით ის ძე კაცისა გახდებოდა.
მარიამმა ანგელოზს მიუგო: “აჰა, მხევალი ვარ უფლისა. მეყოს შენი სიტყვისამებრ”. ამ ნებაყოფლობითი თანხმობის გარეშე ღმერთი ვერ განკაცდებოდა. საეკლესიო თქმულება ამბობს, რომ სწორედ იმ დროს, როდესაც ქალწულ მარიამს მთავარანგელოზი გამოეცხადა, ის წინასწარმეტყველ ესაიას წიგნს კითხულობდა, სიტყვებს მესიას დაბადების შესახებ.
კომენტარები