ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა:
„ყველას აინტერესებს, დამთავრდება თუ არა COVID-ის პანდემია. დარჩება თუ არა კორონავირუსი ჩვენს ცხოვრებაში. მართალია, პიკის პერიოდები უკვე გავიარეთ, მაგრამ ისეთი პირი უჩანს, რომ პანდემია უახლოეს დროში არ დამთავრდება და კორონავირუსი მალე არ გაქრება. ბოლო თვეებში მსოფლიოშიც და საქართველოშიც ეპიდვითარება დასტაბილურდა კლების ტენდენციით. თუ ჯერ კიდევ ერთი თვის წინ, მსოფლიოში COVID-ის ახალი შემთხვევების რაოდენობა დღეში 1 მილიონზე მეტი იყო, ახლა, დაახლოებით, 500-700 ათასის ფარგლებშია. მიუხედავად იმისა, რომ „ომიკრონი“ შედარებით მსუბუქი მიმდინარეობით ხასიათდება, მაინც არ არის სწორი ის აზრი, რომ იგი საფრთხეს არ წარმოადგენს სიცოცხლისთვის. მსოფლიოში ბოლო თვეებში, ყოველდღიურად, COVID -ით 1000-დან 2000-მდე გარდაცვალება ფიქსირდებოდა, რაც „დელტა“ შტამით გამოწვეულ სიკვდილობაზე ბევრად ნაკლებია, მაგრამ ცოტა მაინც არ არის. მსგავსი ტენდენციაა საქართველოშიც. თუ ჯერ კიდევ 1 თვის წინ ყოველდღიურად საშუალოდ COVID-ის დაახლოებით 1800 ახალი შემთხვევა ფიქსირდებოდა, ახლა ახალი შემთხვევების დღიური რაოდენობა განახევრებულია შემდგომი კლების ტენდენციით.
მეხანძრე მუდმივად უნდა გვყავდეს და არა მხოლოდ ხანძრის დროს. ის, რაც საქართველოში პიკის პერიოდებში გაკეთდა, სწორი იყო. ჯანდაცვის სისტემას მობილიზებული ჰქონდა 103 COVID კლინიკა და ძალიან დიდი საწოლფონდი – 9000 საწოლი და ამან გადაგვარჩინა. ამის გაკეთება იოლი არ იყო. უფრო მეტიც – ეს გმირობის ტოლფასი იყო. ახლა, COVID კლინიკების რაოდენობა შემცირებულია და მხოლოდ 40-მდე კლინიკა იღებს COVID ავადმყოფებს. ამასთან ეს კლინიკებიც ე.წ. ჰიბრიდულ რეჟიმში მუშაობენ ანუ COVID ავადმყოფებსაც იღებენ და სხვა დაავადებებით პაციენტებსაც. დღევანდელ პირობებში ეს სავსებით საკმარისია და ყველა პაციენტი, ვისაც ჰოსპიტალიზაცია სჭირდება, დაუყოვნებლივ და შეუფერხებლად ჰოსპიტალიზდება. მატების შემთხვევაში ჯანდაცვის სისტემა მზად არის უმოკლეს დროში შესაბამისი რეაგირებისთვის“
კომენტარები