ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, გიორგი შარვაშიძემ აკადემიურ საბჭოს გადადგომის თხოვნით მიმართა. როგორც თავად წერს, ის რჩება უნივერსიტეტის პროფესორად:
“კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა უნივერსიტეტის პროფესურას, ადმინისტრაციას, სტუდენტებს და ჩვენი უნივერსიტეტის ყველა გულშემატკივარს. ჩვენ სწორედ ერთად მოვახერხეთ ამ წარმატებული ნაბიჯების გადადგმა, თუმცა კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი და გასაუმჯობესებელი.
დღეს მივმართე აკადემიურ საბჭოს, რექტორის თანამდებობიდან გადადგომის თაობაზე. გადაწყვეტილება დიდი ხნით ადრე მივიღე, რის შესახებაც საუნივერსიტეტო საზოგადოება ინფორმირებული იყო. ჩემი გადაწყვეტილების შესახებ საბჭოს ვაცნობე მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის მიერ ჩვენი უნივერსიტეტის ინსტიტუციური შეფასების შედეგი და სხვა მნიშვნელოვანი სიახლეები.
მე ღრმად მწამს, რომ ჩვენი უნივერსიტეტი განვითარების იმ ევროპულ გზაზე სვლას, რა გზასაც დღეს ადგას, კვლავ ღირსეულად გააგრძელებს.
დაბოლოს, მიხარია, რომ ვარ 300 000 კურსდამთავრებულს შორის ერთ-ერთი და რომ მრავალი წელი ვხელმძღვანელობდი რეგიონში პირველ უნივერსიტეტს. ერთხელ უნივერსიტეტელი, მუდამ უნივერსიტეტელია. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი მომავალი საქმიანობა უკავშირდება საერთაშორისო ურთიერთობებს, ვრჩები უნივერსიტეტის პროფესორად და დიდ გულშემატკივრად“, – წერს შარვაშიძე სოციალურ ქსელში.
კომენტარები