ლევან ჯავახიშვილი
„ალიას“ ესაუბრება პარლამენტის ყოფილი წევრი, გედევან ფოფხაძე.
– „ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლებაში მოსვლის 10 წლისთავი ზარ-ზეიმით აღნიშნა. აქცენტი იმაზე გააკეთეს, რომ 2012 წელს დაამარცხეს ბოროტი და სისხლიანი ძალა, „ნაცმოძრაობა“. „ნაცმოძრაობის“ შეფასებაში ვეთანხმები, მაგრამ ვინც ეს ძალა დაამარცხა, ვინც „ნაცებს“ წლები ებრძოდნენ, კაცი აღარ დარჩა „ქართულ ოცნებაში“, ყველანი წამოხვედით და ხომ ვერ მეტყვით, დარჩენილთაგან ვინ ებრძოდა?
– შენ მაგი თქვი… მე ბორჯომის მაგალითზე გეტყვით, როგორც ბორჯომის ყოფილი მაჟორიტარი „ქართული ოცნებიდან“. 2012 წელს გავაერთიანეთ ხალხი, დავამარცხეთ „ნაცმოძრაობა“ და ხალხის დამსახურება იყო ეს გამარჯვება მთლიანად. ბორჯომში მე მოვიგე მაჟორიტარული არჩევნები დანარჩენ სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ხუთ რაიონში მოიგეს „ნაციონალების“ მაჟორიტარმა კანდიდატებმა. დღეს, მაგ რეგიონს, საიდანაც მე ვიყავი დეპუტატი, ,„ქართული ოცნებას“ წარმოადგენს ანტონ ობოლაშვილი, ოთხ რაიონს ერთად – ახალციხეს, ადიგენს, ბორჯომსა და ასპინძას. ის იყო ვანო მერაბიშვილის ყოფილი ხაზინადარი, მისი ბიზნეს-პარტნიორი და ერთ-ერთი დასაყრდენი ამ რეგიონში. 2012 წლის არჩევნებში აქტიურად ეხმარებოდა „ნაცმოძრაობას“. მე მაინტერესებს, რატომ უნდა ჩავთვალო, რომ „ქართულმა ოცნებამ“ და ხალხმა მოიგო „ნაცებთან“? მე ვხედავ, „ნაცები“ არიან გამარჯვებულნი – ისინი არიან ყველა თანამდებობაზე, მათ ჰყავთ პოლიტიკური ძალა, ისინი არიან სასამართლოში, პროკურატურაში, ძალოვან სტრუქტურებში, სასამართლოში. ამ და სხვა სტრუქტურებში დატოვეს საზოგადოებისა და მედიის მიერ დანაშაულში მხილებული ადამიანები და ჩემი აზრით, მათთვის ამ დანაშაულებები დამტკიცება პრობლემა არ იქნებოდა. „ქართულ ოცნებას“ რომ გადახედოთ, ყოფილი „ნაცები“ უკვე სჭარბობენ მათ, ვინც 2012წლამდე „ნაცმოძრაობის“ წევრი, დამფინანსებელი ან აქტიური მხარდამჭერი არ ყოფილა. რეალურად, თვითონ გახდნენ „ნაცები“. ხალხის გამარჯვება მაშინ იქნებოდა, როდესაც ხალხი იქნებოდა ძალაუფლების წყარო, ხოლო „ქართული ოცნება“ ხალხის წინაშე ანგარიშვალდებული და ხალხის ნების აღმსრულებელი. რეალურად, მოხდა ფორმალური ცვლილებები, „ქართულმა ოცნებამ“ თითქმის შეუცვლელად გადაიბარა „ნაცების“ მართვის მანკიერი სისტემა და იმ სისტემით მართავს ქვეყანას, რომელსაც ვებრძოდით. ხელისუფლებაში არიან ისევ მჩაგვრელები, ისევ მძარცველები, ბიუჯეტის ვირთხები.. ამიტომ ჩემს თავს გამარჯვებულად ვერ ჩავთვლი და ჩავთვლი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ გამარჯვების სიკეთით ისარგებლებს ქართველი ხალხი.
კომენტარები