ანი დვალიშვილი
პარლამენტში, უმრავლესობამ დაშლა-არმოშლის კიდე ერთი სადღეგრძელო რომ შესვა, კარგად მოგეხენებათ. ერთი ეგ იყო, ირაკლი კობახიძემ „გული გაგვიკეთ“, როცა თქვა, ეს დეპუტატები პარტიას გაემიჯნენ, თორემ უმრავლესობას კი არაო და მივიღეთ ის, რომ ეს ხალხი „ოცნებაში“ არ არის, მაგრამ… „ოცნებაშია“. ჰო, ცოტა არეული და გაურკვეველი ამბავია, მაგრამ სხვა რა არის ამ ქვეყანაში დალაგებული… ის, რომ მმართველი გუნდი როგორც პოლიტიკურ ასპარეზზე, ისე მედიაში აპირებს აქტიურ ბრძოლას, უკვე დადასტურდა და აგერ, ერთ-ერთი ტელევიზია „ხალხის ძალას“ გააყოლა. ანუ, ისინი „ოცნებასთან“ არ იქნებიან, მაგრამ იქნებიან უმრავლესობაში. გნებავთ ოფიციალური დაარქვით, გნებავთ – არაოფიციალური, რეალურად, არჩევნებამდე ზუსტად ორი წლით ადრე, „ქართული ოცნება“ წინასაარჩევნო კამპანიას იწყებს და ეს ყველაფერი არამარტო სარეკლამო ბანერებით გამყარდება, არამედ ბროშურბიც კი დაიბეჭდება ხელისუფლების მიღწევების აღსანიშნად. საუბარია პენსიისა და ხელფსების ზრდაზე (მერე რა, რომ ისეა ფასები გაზრდილი, ამ ფულით არსებობა შეუძლებელია), წამლის ფასის შემცირებაზე (მერე რა, რომ ეს ყველა მედიკამენტს არ ეხება და ჯამში ისევ ძვირს ვიხდით სხვა წამლის ხარჯზე), აგერ, რიგ მაღაზიებში პურმაც დაიკლო 10 თეთრით (მერე რა, რომ მანამდე 40-ით მოიმატა). ოპოზიციის დასუსტების ფონზე, „ოცნებას“ სურს, რომ უდიდესი უპირატესობა შეიქმნას და პიკი საარჩევნოდ ჰქონდეს, ანუ „რაზგონს“ სწორედ ახლა იღებენ და ფინიშის ხაზის ტრიუმფალური გადაკვეთა 2024 წელს სურთ. უკვე გადაწყვეტილია, ყოველ შემთხვევაში, გეგმა ასეთია, რომ 2023 წლის გაზაფხულიდან რეგიონებში პარტიული ოფისები გაიხსნება, დაიწყება აქტივისტების მშვიდი ტემპით მობილიზება, ხოლო იმავე 2023 წლის შემოდგომიდან, პროცესი აქტიურ ფაზაში გადავა და ზუსტად ერთი წლით ადრე, წინასაარჩევნო კამპანია სრული სვლით გაგრძელდება და… უზარმაზარი თანხები დაიხარჯება. სახელისუფლებო გუნდმა იგრძნო არამხოლოდ ის, რომ ოპოზიცია დასუსტდა, არამედ ისიც, რომ მათ ფინანსების სერიოზული პრობლემა უდგას და სწორედ ამიტომ, ფინანსური მიმართულებით აპირებს დარტყმის მიყენებას.
„არჩევნებამდე კანონში შევა ცვლილება, რომელიც საარჩევნო სუბიექტებს თანხების ხარჯვის მიმართულებით, შეზღუდვებს დაუწესებს და აუცილებელი იქნება ე.წ. შავი ფული, რომელიც ოპოზიციას ძალიან იშვიათად აქვს, ხელისუფლებს კი… სწორედ ეს იქნება ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იმისა, რომ ოპოზიციური პარტიები წინასაარჩევნო კამპანიას, საუკეთესო შემთხვევში, არჩევნებამდე 2-3 თვით ადრე დაიწყებენ და ეს მაშინ, როცა „ოცნება“ იგივეს 2 წლით ადრე აკეთებს, მართალია ჯერ ნელი ტემპით, მაგრამ ე.წ „მწვანე სიების“ შედგენას, გაფილტვრას, დიდი დრო სჭირდება და ეს საქმე „ოცნებას“ მოთავებული ექნება. დიდი შანსია, საამისოდ ოპოზიციას დრო და ფული არ ჰქონდეს“, – გვეუბნება ჩვენი წყარო.
კომენტარები