ლევან ჯავახიშვილი
„ალიას“ ესაუბრება „ლეიბორისტული პარტიის“ გენერალური მდივანი, გიორგი გუგავა.
– ბატონო გიორგი, მედიით კიდევ ერთხელ გავრცელდა მტკიცებულებები, რომ ძალოვანი უწყებები მართლა ყველას სატელეფონო საუბრებს უსმენენ, ვისი საუბრებიც აინტერესებთ – ირაკლი კობახიძეს, მამუკა მდინარაძეს, „ქართული ოცნების“ სხვა დეპუტატებს, ბიძინა ივანიშვილის ძმისშვილსაც კი. ამას რა ჰქვია, უკვე აღარ ვიცი. სახელი თქვენ დაარქვით.
– ბიძინა ივანიშვილი ვიდრე ღიად შემოვიდოდა პოლიტიკაში, მანამდე გვითხრა მასთან დაახლოებულმა ადამიანმა, რომ საკუთარი ოჯახის წევრებს ფარულად უსმენდა. ეს, ერთის მხრივ, არის მანიაკალური მიდრეკილება, მეორე, ეს არის მართვის ყველაზე ბინძური ინსტრუმენტი. რისთვის სჭირდება ამ ხალხის სატელეფონო საუბრების მოსმენა და მერე ამ ჩანაწერების შენახვა ივანიშვილს? ეს, უკანონობაა, ამორალურია, უზნეობაა. ეს ავადმყოფობა ყოველგვარ ზღვარს რომ სცდება, ეს ერთია. მთავარი ის არის, რომ ბიძინა ივანიშვილს ეს ყველფერი სჭირდება იმისთვის, რომ იცოდეს მის გარშემო მყოფი ადამიანების ნაკლოვანებები, ცოდვები. მერე კი, ამ ყველაფერს გამოიყენებს პოლიტიკური მართვის ბერკეტად – დასაშანტაჟებლად და ამ გზით, კონკრეტულ ადამიანებზე გავლენის მოსაპოვებლად, რომ საბოლოო ჯამში, ყველანი აქციოს მარიონეტებად. მერე გვიკვირს, ასეთი უტყვი მარიონეტებით რატომ არის დაკომპლექტებული პარლამენტი, მთავრობა, საკრებულოები, მერიები თუ გამგეობები. იმიტომ, რომ ყველას შესახებ კომპრომატები აქვს და სუს-ი თუ შს სამინისტრო, ამ ხალხს მართავს ამ კომპრომატებით, რასაც ეტყვიან, იმას ამბობენ და აკეთებენ. მარტო ფარული მოსმენები არ არის. ხდება ამ ხალხის თვალთვალი, ფარული გადაღებები და გროვდება ეს კომპრომატები. გარდა ამისა, ამ თავის გუნდის წევრებს, ბიუჯეტიდან ფულის მოპარვისა და სახელმწიფო ქონების უკანონოდ მითვისების საშუალებას აძლევს და ეს საქმეებიც დახარისხებულია და შემოდებული თაროებზე. თუ ვინმე ხმას ამოიღებს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, ჯერ მათი კომპრომეტირება მოხდება ამ ფარული სატელეფონო ჩანაწერებით, ვიდეოებით და თუ მაინც არ გაჩერდა, მერე კორუფციის მუხლით აღუძრავენ საქმეს და ან ასე გააჩუმებენ, ან დაიჭერენ. სოსო გოგაშვილის მაგალითი სახეზე გვაქვს – რაც უკანონოდ ჰქონდა ნაშოვნი, ყველაფერი ჩამოართვეს და კორუფციის მუხლიც დაუმატეს. გარდა ამისა, პირადი ცხოვრების ამსახველი აუდიო-ვიდეო ჩანაწერებიც აქვს დაარქივებული ივანიშვილს. რა, არ გამოუქვეყნეს ივანიშვილის ურჩ პოლიტიკოსებს ამ ტიპის ჩანაწერები? ჟურნალისტებს არ დაემუქრნენ ამგვარი ვიდეოების გამოქვეყნებით? ბევრი ადამიანი ვნახეთ ჩვენ ამგვარი კომპრომატებით, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით განადგურებულნი. ოჯახები დაანგრიეს ამ ნაძირალებმა. იმ ოჯახებში ბავშვები იყვნენ და ისინი და დღეში ჩაყარეს, ესეც წარმოიდგინეთ. მოკლედ, ივანიშვილი საკუთარი გუნდის უტყვ წევრებს ხომ მართავს ამ კომპრომატებით და ასევე, მისი ძალოვანი უწყებების წარმომადგენლები აშანტაჟებენ ხელისუფლების მიმართ ოპოზიციურად განწყობილ ადამიანებს. ჩვენ სახელმწიფოს სტატუსი გვაქვს ფორმალურად. როგორ შეიძლება სახელმწიფო ეწოდოს ქვეყანას, სადაც არაფორმალურად აქვს ერთ კაცს მიტაცებული ყველაფერი, მართავს ქვეყანას, როგორც შე-პე-სე-ს, სახელმწიფოებრიობის და სუვერენიტეტის ყველა ნიშანი დაკარგული გვაქვს. ეს მდგომარეობა რომ შეინარჩუნოს, უნდა უსმინოს პირველ რიგში საკუთარი გუნდის წევრებს, უნდა მოაგროვოს მათზე კომპრომატები, რომ ერთი ადგილით ჰყავდეს დაჭერილი და რასაც ეტყვის, ყველაფერი გააკეთებინოს.
– ყველა შეგუებულია ამ ვითარებას, მათ პირად და სამსახურებრივ ცხოვრებაში სპეცსამსახურების ქექვას. პროტესტს არავინ გამოხატავს, მე ეს მიკვირს. ამ ხალხს თავმოყვარეობა საერთოდ არ გააჩნია? კაცი არ გამოჩნდა, რომ „ქართული ოცნება“ დაეტოვებინა, ან პარლამენტიდან წასულიყოს ამის გამო?!
– რა პროტესტი უნდა გამოხატონ? ან რა პარლამენტი უნდა დატოვონ? თავად ხომ კარგად იციან, უსმენენ და მათ შესახებ, კომპრომატები დევს. კომბლეს რომ ჰქონდა კომბლები ჭერში, ასე აქვს ივანიშვილს შემოდებული ეს კომპრომატები და ვინც მას არ დაემორჩილება, ვინც გვერდზე გაიხედავს, გამოუქვეყნებს ამ მასალებს. ვისაც უსმენენ, ყველამ კარგად იცის, ვის რა ელაპარაკა ტელეფონით. იციან, რომ ბევრი ისეთი აქვთ ნათქვამი ამ სატელეფონი საუბრებისას, რაც არ უნდა ეთქვათ, რაც მათთვის კომპრომატად გამოდგება, რაც მათ სახელს გაუტეხენ. რაც თავად არ ახსოვთ, ის ახსოვს სუს-ს და შეახსენებენ საჭირო დროს. ეს ხელისუფლება ყველაფრის მკადრებელია. ხშირად გვსმენია, რომ პოლიტიკაში „ყველაფერი მოსულა“, რომ პოლიტიკა ბინძური საქმეა. ასე არ არის. პოლიტიკას აბინძურებენ ბინძური ცნობიერებისა და მორალის ადამიანები. პოლიტიკა კი არა, ნებისმიერ სფეროს, ეკლესია იქნება, საზოგადოებრივი ცხოვრება იქნება, სპორტი იქნება თუ ხელოვნება, აბინძურებენ ამორალური ადამიანები. ასეთი ავადმყოფური, მანიაკალური მიდრეკილებების ადამიანი, არ შეიძლება იყოს არაფორმალურად ქვეყნის სათავეში და ეს ქვეყანა ხელში ჰქონდეს ჩაგდებული. ბიძინა ივანიშვილი აბინძურებს და რყვნის ყველას და ყველაფერს. ამ მოსმენებზე, თვალთვალზე, ფარულ გადაღებებზე მიჰყავთ და იყენებენ ასეულობით ახალგაზრდას. ახლა იმათი მორალი ვიკითხოთ. მათ ხომ უკვე ადამიანური სახე აქვთ დაკარგული. მათ იციან, რომ სახელმწიფოს კი არ ემსახურებიან, ერთი ოლიგარქის ავადმყოფურ ვნებებს და ახირებებს ემსახურებიან. სახელმწიფო ამ ახალგაზრდებს კრიმინალებად აყალიბებს, სახელმწიფო თავად ავალებს უკანონობის სისტემატიურად ჩადენას. ეს ხელისუფლება იმას აკეთებს, რასაც თავის დროზე აკეთებდა საბჭოთა კავშირის დროს კგბ, აღმოსავლეთ გერმანიის სპეცსამსახური „შტაზი“, მანამდე ნაცისტური გერმანიაში „გესტაპო, რუმინეთში ჩაუშესკუს რეჟიმი…. ეს ტოტალური მოსმენები ავტორიტარული რეჟიმებისთვისაა დამახასიათებელი. ჩვენისთანა ქვეყანაში ეს განსაკუთრებით საშიშია, ყველა ყველას იცნობს. რაც გასაჯაროვდა, მარტო იმ აუდიო და ვიდეო ფაქტებმა უამრავ ადამიანს დაუნგრია ცნობიერება. ყველაზე დიდი უბედურება ის არის, რომ ამ სიბინძურეებს იყენებენ ხელისუფლების მართვის ბერკეტად. ერთ მილიარდამდე აქვს დაფინანსება სუს-ს და ქვეყნისა და საზოგადოების უსაფრთხოებაზე ზრუნვის ნაცვლად, რაც მისი კონსტიტუციური მოვალებაა, ამ მოსმენებით არის დაკავებული. ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის პირადი უსაფრთხოების სამსახურია. რეალურად. ერთი მანიაკის პირადი მომსახურების სააგენტოდ გადაიქცა სუს-ი.
– არ გამოვრიცხავ, სუს-ს მოსასმენი და გადამღები მიკრო-ჩიპები, რომელთაც ჩვეულებრივი დეტექტორები ვერ პოულობენ, თავიანთი გუნდის წევრების საცხოვრებელ სახლებსა და აგარაკებზე ჰქონდეთ სხვა და სხვა ადგილად დამაგრებული, ოჯახებშიც უსმენდნენ და უღებდნენ ყველაფერს.
– თქვენ არ გამორიცხავთ და მე ეჭვიც არ მეპარება, რომ ასეა. შეგახსენებთ, რომ თავის დროზე, როცა რუსეთში იწყებდა ბიზნესს ბიძინა ივანიშვილი, პირველი მოსასმენი და სათვალთვალო აპარატურები, ტაივანიდან მან შეიტანა რუსეთში. ასევე, მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებას, პირველად მან გადასცა ანალოგიური აპარატურა, მაშინ ხელისუფლებამ შეისყიდა ივანიშვილისგან. კაცი შემძვრალია ყველას ტელეფონში, ყველას საძინებელში და ტუალეტში, ეს რა უბედურებაა?! წარმოიდგინეთ ახლა, ამ მოსმენების მერე ხომ კეთდება ეს „კრებსები“ სუს-ში და ვფიქრობ, შს სამინისტროშიც, მერე ეს ყველაფერი მიდის ივანიშვილთან და ის გულდასმით კითხულობს ყველაფერს. რა მანიაკთან გვაქვს საქმე, წარმოიდგინეთ.
– წინა ხელისუფლებას როდესაც დღევანდელს ადარებენ, „ქართული ოცნების“ მომხრეებს უყვართ იმის თქმა, რომ მაშინ ტელეფონში ვერ ეტყოდი ადამიანს რაიმე მნიშვნელოვანს, ყველას უსმენდნენო და ახლა გამოდის, ესენი უფრო მეტს უსმენენ?!
– არა, რა შედარებაა. მე „ნაციონალების“ დამცველად არ გამოვდგები, მაშინაც გვისმენდნენ მეც და ჩვენი პარტიის სხვა ლიდერებსაც, მაგრამ ახლა უფრო მეტს უსმენენ. სოსო გოგაშვილმა თვითონ თქვა, სუს-ს ერთდროულად 100 000 ადამიანს შეუძლია მოუსმინოსო. გოგაშვილმა დაადასტურა ის, რაც მანამდე არერთხელ გახმაურდა, გამოჟონა სუს-იდან ინფორმაციამ, რომ ზუსტად ამდენ ადამიანს უსმენდნენ და ეს იყო ახალი აპარატურის დამსახურება, რომელიც სუს-მა ამ ხელისუფლების დროს შეიძინა. სააკაშვილის სპეცსამსახურებს, ტექნიკურად არ ჰქონდათ ამხელა რესურსი, თორემ ისინიც მოუსმენდნენ. მაქვს ინფორმაცია, რომ ივანიშვილს კუდ-ის გარეშეც აქვს მოსმენების საშუალება, პირადად აქვს ოპერატიულ-ტექნიკური ცენტრი შექმნილი. ახლა სახლიდან უსმენს თუ საიდან უსმენს, ეს არ ვიცი. ერთი ფაქტორიც გაითვალისწინეთ ქვეყნის უსაფრთხოების თვალსაზრისით. ეს მნიშვნელოვანი „კრებსები“, რომლებიც ქვეყნის გეო-პოლიტიკას შეეხება და რუსეთისთვის რაც საინტერესოა, რუსეთის უსაფრთხოების სამსახურშიც დევს. აქედან იგზავნება რუსეთში, ამას ბევრი ლაპარაკი არ უნდა. რუსეთის გარდა, სხვა მეზობელ ქვეყნების სპეცსამსახურებსაც არ გაუჭირდებათ მათთვის საჭირო ინფორმაციის შემცველი „კრებსების“ მოპოვება. ფულს გადაიხდიან და იყიდიან სუს-იდან, რა პრობლემაა? აგერ, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი, თბილისში ცხვარივით ჩადეს მანქანაში და გადაიყვანეს აზერბაიჯანში. ადამიანი ბანდებს გაუტაცებიათ, ტერორისტებს გაუტაცებიათ. კი, ბატონო, 90-იან წლებში კრიმინალებს მფარველობდნენ ძალოვანები და ხელს უწყობდნენ, რომ პანკისის ხეობაში ქართველი და უცხოელი ბიზნესმენები გაეტაცებინათ გამოსასყიდის მოთხოვნით, მაგრამ მარტო და უშუალოდ სახელმწიფოს ადამიანი გაეტაცებინოს, ასეთი რამ არ მომხდარა დღემდე საქართველოში. აფგან მუხთარლის შემთხვევა იყო პირველი. ეს რაც გავიგეთ და რაც არ ვიცით, ის ცალკე იყოს. თუმცა, ბოლოს ყველა ფაქტი გასაჯაროვდება. ეს ხელისუფლება უცილებლად შეიცვლება.
კომენტარები