უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექსეი დანილოვმა თქვა, რომ რუსეთს ადრე თუ გვიან რაკეტები ამოეწურება:
“რაც შეეხება დღევანდელ ძლიერ სარაკეტო შეტევას, რომელმაც თითქმის მთელი ქვეყანა მოიცვა. დაარტყა ჩვენს ენერგეტიკულ სისტემას. ეს კიდევ ერთხელ არის სისუსტის გამოვლინება, ეს არის იმის გამოვლინება, რომ ის [პუტინი] მარცხდება. ამით მას სურს ჩვენში ქაოსი და პანიკა დათესოს.
მაგრამ მე მინდა დავამშვიდო ყველა ჩვენი მოქალაქე, რომ მას არ აქვს ამდენი რაკეტა დარჩენილი და ადრე თუ გვიან ისინი დასრულდება. ზუსტად ვიცით, რომ უკვე გაცილებით ნაკლებია, ვიდრე 24 თებერვლამდე”- ამბობს დანილოვი.
შეგახსენებთ, რუსეთმა ყირიმის ხიდზე თავდასხმის საპასუხოდ, დღეს, 10 ოქტომბერს უკრაინის ქალაქების დაბომბვა დაიწყო. ოკუპანტები ძირითადად თავს უკრაინის ენერგეტიკულ, სამხედრო და საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურას ესხმიან.
უკრაინის დედაქალაქის ცენტრში სულ მცირე 2 აფეთქება მოხდა. უკრაინელი Telegram-არხები წერენ, რომ ერთ-ერთი რაკეტა კიევში გრუშევსკის ძეგლთან, ვლადიმირსკაიას ქუჩაზე დაეცა. მათივე ცნობით ადგილზე მაშველები მუშაობენ, მოსახლეობა კი მეტროებში თავშესაფრისთვის ჩადის. უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩევლის, ანტონ გერაშენკოს ცნობით, კიევზე თავდასხმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 12 მოქალაქე კი დაშავდა.
კომენტარები