ადვოკატი, ნინო შავგულიძე:
საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლება. დაუშვებელია ადამიანის დევნა სიტყვის, აზრის, აღმსარებლობის ან რწმენის გამო. აგრეთვე, მისი იძულება გამოთქვას თავისი შეხედულება მათ შესახებ.
ადამიანის სიტყვის თავისუფლება, უპირველესად თავად ადამიანებს ანიჭებს მოქმედების თავისუფლების შესაძლებლობას, ხოლო სახელმწიფოს უზღუდავს ამ შესაძლებლობათა შეზღუდვას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სახელმწიფოს პირველ რიგში ნეგატიური ვალდებულება აქვს – თავი შეიკავოს იმ სახის მოქმედებისაგან, რაც შეზღუდავს ადამიანის უფლებებს.
თუმცა, თავისუფლების შემთხვევაშიც სახელმწიფო მხოლოდ ჩაურევლობით ვერ შემოიფარგლება და მისი ვალია, აღკვეთოს ხელისშეშლა.მაგრამ, რა ხდება მაშინ, როდესაც თავად სახელმწიფო ზღუდავს ადამიანის თავისუფალი აზროვნების უფლებას? ან რახდება მაშინ, როდესაც თავად სახელმწიფოს ინტერესია აუკრძალოს ადამიანებს იდეოლოგია, რომელსაც ისინი პატივს სცემენ?
დეკლარირებულად, საქართველოს მთავარი ორიენტირი დემოკრატიული განვითარების გზაა, სადაც ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებანი და თავისუფლებანი კანონით უნდა იყოს დაცული და ამავდროულად პარადოქსია, რომ ადამიანები ისჯებიან იდეოლოგიის გამო. ვფიქრობთ, რომ ნებისმიერი ადამიანის თავისუფლება, სხვისი თავისუფლების საზღვრამდე შეუზღუდავი უნდა იყოს და სანამ პირს სხვისთვის ზიანი არ მოაქვს, მოსაზრებისთვის მისი დასჯა ძალადობაა. მსოფლიოში არსებული ყველა კანონმდებლობა პრევენციულია იმ თვალსაზრისით, რომ მოქალაქეებს აფრთხილებს პასუხისმგებლობის შესახებ, თუკი ესა თუ ის ნორმა დაირღვევა (ფაქტი დადგება), მაგრამ იდეოლოგიისთვის, აზრებისთვის ადამიანების დასჯა ჩვენთვის ორუელისეულ 1984 – ის „აზრის პოლიციისა“ და ირანის „მორალის პოლიციის“ ასოციაციებს აღძრავს, რაც საკმაოდ შორს დგას როგორც დემოკრატიის არსისგან, აგრეთვე წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულასთან. იდეები, ისევე როგორც რწმენა, სინდისის ამბავია და რელიგიაზე ნაკლებად როდის სწამთ ადამიანებს იდეების (როგორ მიზენსაც არ უნდა ისახავდეს ისინი), მათ გამო დასჯა კი ადამინის თავისუფალი ბუნების შეკვეცაა. იდეოლოგია კარგია თუ ცუდი, ამას ისტორია და საზოგადოება აფასებს დროის გარკვეულ პერიოდში, თუმცა თუ ვამბობთ, რომ ჩვენ დემოკრატიულ საზოგადოებას ვაშენებთ, დემოკრატიად ვერაფრით ვერ ჩაითვლება უმრავლესობის მიერ, უმცირესობის დასჯა იდეების გამო. დემოკრატია თავშივე გულისხმობს უმცირესობისა და საზოგადოებაში საყოველთაოდ დამკვიდრებული იდეოლოგიების მშვიდობიან თანაცხოვრებასა და ურთიერთპატივისცემას.
საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობით (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 2231§), ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობა დასჯადია. მას შემდეგ, რაც „ქურდული სამყაროს წევრობისთვის“ და „კანონიერი ქურდობისთვის“ დაწესდა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა, გაჩნდა კითხვა: პირის დასჯა ქმედებისთვის ხდება, თუ სოციალური მდგომარეობისა და სტატუსისთვის? მეცნიერ-იურისტთა გარკვეული ნაწილი მიიჩნევს, რომ მხოლოდ სოციალური სტატუსი საკმარისი არაა და აუცილებელია კონკრეტული ქმედებების განხორციელება. საკმაოდ დიდი ავტორიტეტის მქონე იურისტთა აზრით, „პირის პასუხისგებაში მიცემისთვის საკმარისი არაა მხოლოდ ის ფაქტი, რომ ეს პიროვნება საზოგადოებაში „კანონიერი ქურდის“ სახელითაა ცნობილი, არამედ აუცილებელია მას დაუმტკიცდეს, რომ მართავდა ან ორგანიზებას უწევდა ქურდულ სამყაროს ან პირთა გარკვეულ ჯგუფს“. „კანონიერი ქურდის“ ცნებები განმარტებულია საქართველოს კანონში ორგანიზებული დანაშაულობისა და რეკეტის შესახებ.
ამ კანონის მე-3 მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით: „კანონიერი ქურდი – ქურდული სამყაროს წევრი, რომელიც ქურდული სამყაროს სპეციალური წესების შესაბამისად, ნებისმიერი ფორმით მართავს ან/და ორგანიზებას უწევს ქურდულ სამყაროს ან პირთა გარკვეულ ჯგუფს“. როგორც ვხედავთ, კანონი ნათლად ვერ განმარტავს ტერმინის მნიშვნელობას. ამ საკითხის ირგვლივ ასევე იმსჯელა ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომაც და ვფიქრობთ, რომ აბსოლუტურად მართებულ დასკვნამდე მივიდა.
მათი თქმით, სისხლის სამართლის კოდექსის 2231 მუხლი შესაძლოა გარკვეულწილად ბუნდოვანია.ქურდული სამყაროს წევრობის განმარტება შეიძლება მოიცავდეს ადამაინის იდეოლოგიასა და შეხედულებას ამა თუ იმ საკითხის ირგვლივ (სიტყვის თავისუფლება — პრინციპი), რომელიც მხარს უჭერს ინდივიდის ან საზოგადოების თავისუფლებას, დააფიქსიროს საკუთარი აზრი და იდეები შურისძიების, ცენზურისა და სამართლებრივი სანქციების შიშის გარეშე. ტერმინი „გამოხატვის თავისუფლება“ ზოგჯერ სიტყვის თავისუფლების სინონიმად გამოიყენება, მაგრამ მოიცავს ინფორმაციისა და იდეების მიღებას ნებისმიერ საშუალებით.
უცნაურია, მაგრამ რამდენად პარადოქსულადაც უნდა ჟღერდეს, მიგვაჩნია რომ ამ ჩანაწერით სახელმწიფო „ქურდულ სამყაროს“ გარკვეულ ლეგიტიმაციას უკეთებს და ებრძვის არა, როგორც რიგით კრიმინალსა და ამ ტიპის კრიმინალური ქმედებით გამოწვეულ შედეგებს, არამედ განაცალკავებს და აღმატებული ხარისხით ამახვილებს მასზე ყურადღებას.
ებრძვის იდეოლოგიას (აზროვნების შედეგს), აღიარებს „ქურდულ სამყაროსა და მის იდეებს“. კანონმდებლობით ნათქვამია, რომ ისჯება „ქურდული სამყაროს“ წევრობა, „ქურდულ შეკრებაში“ მონაწილეობა, „ქურდული სამყაროს“ ან „ქურდული სამყაროს“ წევრის/„კანონიერი ქურდის“ ზეპირად, წერილობით ან გამოხატვის სხვა საშუალებით საჯაროდ მხარდაჭერა, მაგრამ არ გვაქვს დეფინიცია, რა კრიტერიუმით ვადგენთ, რომ ესა თუ ის ადამიანი „კანონიერი ქურდია“, „კანონიერ ქურდს“ ეხმარება ან შეკრება „ქურდული შეკრებაა“?
თუ არ გაგვაჩნია ამ „წოდების“ დეფინიცია და კრიტერიუმები, მაშინ რის მიხედვით ისჯებიან ადამიანები? გამოდის, რომ სახელმწიფო ლეგიტიმურად მიიჩნევს „ქურდული სამყაროს“ იმ წესებს, რომელიც ამ ჩაკეტილი სისტემის შიგნით არის აღიარებული და სახელმწიფო „კანონიერ ქურდად“ მათ მიიჩნევს ვისაც „ქურდები ქურდად ნათლავენ“? „ქურდად კურთხევის რიტუალი“ სახელმწიფოსთვის ლეგიტიმური „კორონაციაა“? რით განსხვავდება „კანონიერი ქურდი“, „ქურდული სამყაროს მხარდამჭერი“ და „ქურდული შეკრება“ რომელიმე რელიგიური მიმდინარეობის სასულიერო პირის, მრევლისა და რელიგიური რიტუალისგან, სანამ კონკრეტული კრიმინალური შედეგი არ დადგება და მე-3 პირი არ დაზარალდება? ამ ლოგიკით რელიგური კონფესიებიც უნდა ვდევნოთ? ვფიქრობთ, რომ კანონმდებლობის ეს ნაწილი ისეთი ბუნდოვანი, პარადოქსული და ალოგიკურია ცალსახად ზღუდავს ადამიანის გამოხატვის თავისუფლებას მისი იდეების გამო.
გამოხატვის თავისუფლება აღიარებულია, როგორც ადამიანის ძირითადი უფლება, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის (UDHR) მე-19 მუხლით. ასევე აღიარებულია ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალში, სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტში (ICCPR). ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის (UDHR)[1] მე-19 მუხლში ნათქვამია, რომ „ყველას აქვს უფლება ჰქონდეს მოსაზრება ჩარევის/შეზღუდვის გარეშე“ და „ყველას აქვს გამოხატვის თავისუფლების უფლება. ეს უფლება მოიცავს ინფორმაციის თავისუფლებას და იდეების მოძიების, მიღებისა და გაცემის თავისუფლებას, შეზღუდვის მიუხედავად, ზეპირი, წერილობითი, ბეჭდური, ხელოვნური ფორმით, ან მედიის საშუალებით, ადამიანის არჩევანის მიხედვით.
ჯონ სტიუარტ მილის ნაწარმოებში „თავისუფლების შესახებ“, ზიანის პრინციპი დასაბუთებულია შემდეგნაირად, რომ „ერთადერთი მიზანი, რომლისთვისაც ძალაუფლება შეიძლება მართლზომიერად განხორციელდეს ცივილიზებული საზოგადოების ნებისმიერ წევრზე, მისი ნების საწინააღმდეგოდ, არის სხვისთვის ზიანის თავიდან აცილება“. და თუ „ქურდული შეკრებით“, „კანონიერი ქურდობით“ სხვას ზიანი არ ადგება, რატომ იყენებს დემოკრატიული განაცხადის მქონე სახელმწიფო ძალაუფლებას არალეგიტიმურად?
„დანაშაულის პრინციპის“ იდეა ასევე გამოიყენება სიტყვისა და გამოხატვის უფლების შეზღუდვის დასაბუთებისას, როცა საქმე საზოგადოების შეურაცხყოფას ეხება. შეზღუდვისას გათვალისწინებულია, ისეთი ფაქტორები, როგორიცაა წარმოთქმული სიტყვის ხანგრძლივობა, სპიკერის მოტივი და ზერელე დამოკიდებულება, რომელიც შეიძლება იქნას თავიდან აცილებული. ციფრული ხანის განვითარებასთან ერთად, სიტყვის თავისუფლების გამოყენება/შეზღუდვა უფრო საკამათო ხდება, რადგან კომუნიკაციის ახალი საშუალებები და შეზღუდვები წარმოიქმნება.
იდეოლოგიის გამო ადამიანები არ უნდა ისჯებოდნენ. იდეოლოგია სრულად გამოხატავს ადამიანის სიტყვის თავისუფლებას და არა რაიმე კონკრეტულ ქმედებას., შესაბამისად მიგვაჩნია, რომ დასჯადი უნდა იყოს კონკრეტული ქმედება და არა თავისუფალი შეხედულება ამა თუ იმ საკითხის მიმართ.
ვფიქრობთ, რომ სახელმწიფოს მიდგომა არ უნდა იყოს ამგვარი იდეოლოგიის მქონე ადამიანების მიმართ ნულოვანი ტოლერანტობის შემცველი, ვინაიდან სახეზე გვაქვს კანონის მუხლი, რომელიც სრულად სჯის ადამიანის იდეას და შესაბამისად გვყავს მოქალაქეები, რომლებიც არიან „ქურდული სამყაროს“ იდეების მატარებლები, რის გამოც იძულებულნი არიან იყვნენ ოჯახებისგან შორს (ციხესა თუ საზღვარგარეთ), რადგან მათ საზოგადოებრივი მოწყობის არსებულისგან განსხვავებული შეხედულებები აქვთ.
მტკიცედ გვწამს, რომ აღნიშნული მუხლით ადამიანების გასამართლება, არათუ ამცირებს კრიმინალის მიერ საზოგადოებისთვის მიყენებულ ზიანს, არამედ საზოგადოების კონკრეტული წევრების სტიგმატიზაციას უწყობს ხელს, მათ წყვეტს სოციუმისგან და ფსიქოლოგიურად აბოროტებს მათ, ვინაიდან თვლიან რომ უსამართლო ჩაგვრის მსხვერპლი გახდნენ და გაძლიერებული მონდომებით ცდილობენ ზიანი მიაყენონ მათ, ვისაც საკუთარ უბედურებაში დამნაშავედ მიიჩნევენ. კანონმდბლობის ეს მუხლები იმდენად ბუნდოვანი და ეფემერულია, რომ ბრალდების მხარეს ხშირად მტიკიცებულებების ნაცვლად, მხოლოდ კარგი ფანტაზია კმარა შავბნელი ამბის შესათხზავად და შედეგად, ზოგ შემთხვევაში დევნილი, სრულიად უდანაშაულო ადამიანიც კი აღმოჩნდება ხოლმე, რომელიც თავის მეგობარსა თუ ნათესავს დაეხმარა და ის „კანონიერი ქურდი“ აღმოჩნდა.
ნებისმიერ იდეოლოგიას აძლიერებს ძალისმიერი წინააღმდეგობა და მასთან „ქირურგიული მეთოდებით“ ბრძოლა. საერთო „მტრის ხატი“ ხელს უწყობს იდეოლოგიის მიმდევართა კონსოლიდაციას და დროებით მეორე პლანზე სწევს შიდა უთანხმოებას. თუ სახელმწიფოს ნამდვილად სურს ებრძოლოს კრიმინალსა და მის უარყოფით შედეგებს, ამის გაკეთება კარგი საგანმანათლებლო, კულტურული და სპორტული პროგრამებით, სოციალურ-ეკონომიკური რეფორმებით, ინსტიტუციურ-მენტალური განვითარებით შეუძლია და არა იდეების გამო ადამიანების დასჯით. სახელმწიფომ საზოგადოებას უნდა შესთავაზოს ისეთი რამ, რაც „ქურუდლი სამყაროს“ იდეების მიმდევრებს სხვა რამით უფრო დააინტერესებს და ამ იდეებისადმი რწმენასა და ინტერესს გაუნელებს. წინააღმდეგ შემთხვევაში მოქმედებს ინსტიქტი: „თუ გვებრძვიან, ესეიგი ყურადღებას გვაქცევენ, ჩვენი ეშინიათ და ჩვენც ვიბრძოლებთ“.
შესაბამისად, ვგეგმავთ ყველა სახელწიფო ორგანოს და მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლოს მივმართო აღნიშნული მუხლის არაკონსტიტუციურად ცნობის თაობაზე.
კომენტარები