მარიუპოლის დამცველი, ტყვეობიდან დაბრუნებული მიხაილო დიანოვი მისი მკურნალობისთვის საზოგადოებისგან შეგროვილ ქველმოქმედებას, 23 მილიონ 430 ათას გრივნას ($ 634 000) თანამებრძოლებს ჩუქნის.
„თქვენი შემოწირულება მხოლოდ ზრუნვა არ ყოფილა – ეს იყო ასევე დიდი პასუხისმგებლობა. ამ თანხას სწორი და პატიოსანი გამოყენება უნდა მოეძებნოს,“ – წერს მიხაილო დიანოვი და დასძენს, რომ საზოგადოებას თანხის დახარჯვის სრულ ანგარიშს ჩააბარებს და აუცილებლად მოუყვება თითოეულ მებრძოლზე, რომელიც ამ ფულით ისარგებლებს.
მიხაილო ტყვეობიდან ურთულესი მდგომარეობით დაბრუნდა. „აზოვსტალიდან“ გამოსვლისას ის ორივე ფეხსა და ხელში იყო დაჭრილი. იმის გამო, რომ მარჯვენა მკლავის ძვალი ჩამსხვრეული ჰქონდა, სპეციალური, მეტალის აპარატი ეკეთა, ყვეობაში მას არათუ სამედიცინო დახმარება არ გაწევია, ხელიდან „აზოვსტალში“ დაყენებული აპარატიც მოხსნეს.
სოციალურ ქსელებში მიხაილოს ამ ფოტოს გამოქვეყნებისა და დახმარებისკენ მოწოდების შემდეგ, ტყვეობიდან დაბრუნებული მებრძოლის სამკურნალოდ უკრაინელებმა მილიონობით გრივნა შეაგროვეს, თუმცა როგორც აღმოჩნდა, უკრაინელმა მილიარდერმა, „აზოვსტალის“ კანონიერმა მფლობელმა, რინატ ახმეტოვმა და საფეხბურთო კლუბმა „შახტიორმა“ გადაწყვიტეს, მიხაილოს მკურნალობის ხარჯები საკუთარ თავზე აეღოთ.
„ვიცი, რომ მე სხვებზე მეტად გამიმართლა. მცნობენ, ჩემთვის დახმარება უამრავმა ადამიანმა გადაწყვიტა და ახლა მე მაქვს შანსი, ჯანმრთელი ხელი დავიბრუნო. ვოცნებობ, ასევე შემეძლოს სხვა ჩემს თანამებრძოლებს დავეხმარო,“ – წერს მიხაილო დიანოვი
კომენტარები