ნანა სულავა
„ალიას“ ესაუბრება „იბერიულ-კავკასიური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ზვიად გამსახურდიას დაცვის წევრი ბესო მიქავა.
– სანამ მთავარზე გადავალ, მკითხველს შევახსენებ კოლხური კოშკის ისტორიას. მივყვეთ ქრონოლოგიას. დიდმა ქართველმა მწერალმა კონსტანტინე გამსახურდიამ კოლხური კოშკის მშენებლობა 1937 წელს დაიწყო და თავისი შრომით და ოფლით ათი წელი აშენებდა. იმედია, დღეს მოქმედი საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია და მისი პრეზიდიუმი აკადემიკოს კონსტანტინე გამსახურდიას მიერ აშენებული კოლხური კოშკის პრობლემებით დაინტერესდება. ერთი რამ ყველამ კარგად იცოდეს, რომ კოლხური კოშკის მტრები ერთიანი საქართველოს მტრები არიან. გავიხსენოთ 1990 წელი, როცა ლიძავაში აფსუა სეპარატისტებმა დაწვეს კონსტანტინე გამსახურდიას სახლ-მუზეუმი. იმავე პერიოდში ტყვარჩელში შოთა რუსთაველის ძეგლი ჩამოაგდეს. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ეჭვი არავის შეეპაროს იმაში, რომ თუ ახლა გაუვიდათ კონსტანტინე გამსახურდიას კოლხური კოშკის განადგურება, შოთა რუსთაველის ძეგლსაც მიადგებიან. აი, ამიტომ არის აუცილებელი კოლხური კოშკის დაცვა. გავიხსენოთ საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციური ხელისუფლების წინააღმდეგ შეიარაღებული სახელმწიფო გადატრიალება. 1991 წლის 20 დეკემბერს, როცა რუსთაველზე დაბანაკდა პუტჩისტების პირველი რაზმი თენგიზ სიგუას მეთაურობით, მან თავისი რაზმის შეიარაღებული ჯგუფი გააგზავნა კოლხურ კოშკში მყოფი პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ოჯახის წევრების მძევლებად ასაყვანად. რადგან იმ ჯგუფმა ვერ შეძლო დავალების დროულად შესრულება, როცა უკვე შემოაგორეს რუსთაველზე ზარბაზანი, მაშინ სიგუამ გია ყარყარაშვილის უკანონო შეიარაღებული ფორმირება „თეთრი არწივი“ გააგზავნა კოლხური კოშკის ასაღებად და ალყაში მოსაქცევად. შტურმი მიიტანეს ვერის სასაფლაოდან, მაგრამ მისი აღება ვერ მოახერხეს. სიგუას სურდა, იმის ანალოგიური რამ გაეკეთებინა, რაც 1973 წელს მოხდა ავღანეთში, როცა ავღანეთის პრემიერ-მინისტრმა, გენერალმა დაუდ ხანმა მოაწყო სამხედრო გადატრიალება და მძევლად აიყვანა მეფის ზაჰირ შაჰის ოჯახი, რომელსაც ულტიმატუმი წაუყენა: მეფის ტახტიდან გადადგები და ცნობ ჩემი ხელისუფლების კანონიერებას, თორემ შენი ოჯახის წევრები ჩემს ხელში იქნებიანო. რაღა ექნა მეფეს, გადადგა და ცნო უკანონო ხელისუფლება. აი, ეს უნდოდათ საქართველოში ანტიკონსტიტუციური გადატრიალების მოთავეებს. კონსტიტუციური ხელისუფლების დამხობის შემდეგ სამხედრო საბჭომ ჯაბა იოსელიანმა და თენგიზ კიტოვანმა თავისი უკანონო შეიარაღებული ფორმირებები გააგზავნეს სამეგრელოს დასარბევად, რადგან იქ იყო დარჩენილი კონსტიტუციური ხელისუფლების ერთი ნაწილი. იქ უამრავი ბოროტმოქმედება ჩაიდინეს სამხედრო ხუნტის ბანდებმა და როდესაც შევარდნაძე ჩამოვიდა 1992 წლის 7 მარტს, ამის შემდეგ ზუგდიდში მოხდა დიდი პროვოკაცია, შეიარაღებული შეტაკება და განადგურებულ იქნა ხუნტის ერთ-ერთი ბანდა. უკანონოდ დაკავებულ ობიექტზე გაჩნდა ცეცხლი და რამდენიმე პუტჩისტი დაიწვა. შევარდნაძემ განაცხადა: „აწი მე ჩემს თანამებრძოლებს ვერ გავაჩერებო“ და მეორე დღეს კოლხურ კოშკს ცეცხლი გაუჩინეს. მაშინ გურამ შარაძე მივიდა ცეცხლმოკიდებულ კოშკთან და მისმა მიყვანილმა მეხანძრეებმა ცეცხლი ჩააქრეს, თორემ მთელი შენობა ნაცრად იქცეოდა. ამ საქმეზე პროკურატურას გამოძიება არ ჩაუტარებია. არც სააკაშვილის, არც ივანიშვილის რეჟიმებმა არ გამოიძიეს ეს საქმე და არ დაადგინეს, ვინ იყვნენ ეს ბოროტმოქმედები. ჯაბა იოსელიანის მიერ დანიშნულ ვახტანგ რაზმაძეს ამ საქმეზე გამოძიება საერთოდ არ აინტერესებდა. იმ პერიოდში სამხედრო საბჭომ მკვლელობისთვის ნასამართლევი ოთხი ათასამდე პატიმარი გამოუშვა ციხიდან. იარაღი დაურიგა და სამეგრელოს გასაძარცვად გაუშვა. მერე იქ რაც მოხდა, ყველასთვის ცნობილია. პარალელურად კოლხურ კოშკზე თავდასხმები არ დამთავრებულა. კოლხური კოშკის წინააღმდეგ არა მარტო პუტჩი, არამედ რუსეთისა და ევროპის იმპერიალიზმის ძალები იბრძოდნენ. კოლხური კოშკი ინახავდა არა მარტო ქართულ ისტორიულ მეხსიერებას, არამედ იქ იყო ისეთი დოკუმენტები, რომელიც განსაზღვრავდა დღევანდელი და ხვალინდელი საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებას. ამიტომ ის ჯერ გაძარცვეს და შემდეგ ის მასალები გააქრეს. ხოლო გენერალი რობიზონ თუშურაშვილი, რომელიც არქივებს განაგებს, ამაზე ანგარიშს არასოდეს აბარებს საზოგადოებას. ის ბევრს ლაპარაკობს საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის არქივზე, მაგრამ ყოველთვის დუმილით გვერდს უვლის კოლხური კოშკის არქივის ბედს. 1997 წლამდე პროფესორი გურამ შარაძე და სხვა საზოგადოებრივი მოღვაწეები იცავდნენ, ხოლო 1997 წლის შემდეგ გაძარცვულ და განადგურებულ კოშკს პრეზიდენტის მეუღლე მანანა არჩვაძე გამსახურდია იცავს მომხდურისგან და დღემდე იგერიებს ბრძოლას, რომელიც არა მარტო შენობა-ნაგებობის წინააღმდეგ, არამედ მთლიანად მისი, როგორც ეროვნული იდეის წინააღმდეგ მიმდინარეობს. დღეს კოლხურ კოშკთან მრავალსართულიანი კორპუსის უკანონო მშენებლობა შეჩერებულია. ჯერ კიდევ ნარმანიას მერობის დროს საკრებულოს სხდომაზე გამოვიდა სიტყვით ცოტნე გამსახურდია. ეს მასალები მე გამაჩნია. მან სხდომაზე განაცხადა, რომ ეს მშენებლობა უკანონოა და უნდა შეჩერდეს. სახლის კედლებსა და კორპუსს შორის ძალიან მცირე მანძილია, 32 მეტრი, როცა არა ნაკლებ 50 მეტრი უნდა იყოს დაშორება. სასამართლოს გადაწყვეტილებით შეჩერდა მშენებლობა. როდესაც სასამართლო სხდომაზე მიმდინარეობდა განხილვა, აღმოჩნდა, რომ ეს მშენებლობა ჯერ კიდევ 2008 წელს დაწყებულა, როცა ქალაქის მერი იყო გიგი უგულავა. ცოტნე გამსახურდია მაშინ ციხეში იყო. გავიხსენებ იმ მომენტს, როცა ცოტნე გამსახურდია გამოვიდა სააკაშვილის ჯურღმულებიდან, მას 150 ათასი დოლარი შესთავაზეს იმისთვის, რომ მშენებლობა გაგრძელებულიყო. ცოტნე, რა თქმა უნდა, არ დათანხმდა, არ შევიდა კორუფციულ გარიგებაში მერიასთან. სწორედ იმ პერიოდში განხორციელდა ცოტნე გამსახურდიაზე ტერორისტული აქტი ნიკოლოზობის დღეს, 19 დეკემბერს. ის სიკვდილს ძლივს გადაურჩა. მას თავის არეში ურტყამდნენ დაუზოგავად.
-ბატონო ბესო, თქვენ ამბობთ, რომ მასზე თავდასხმა იმიტომ მოხდა, რომ ჩამოეცილებინათ ცოტნე გამსახურდია და კორპუსის უკანონო მშენებლობა გაეგრძელებინათ?
-ისევ ვიმეორებ. როგორც შევარდნაძის დაწყებული ბოროტება გააგრძელა სააკაშვილმა, ახლა აგრძელებს კალაძეც. ახლა გამოდიან კალაძის ფასიანი ფანები, არ გადადგეს კალაძეო. ის ქალები მაგონებენ იმ პერიოდს, როდესაც შევარდნაძესთან რუსთაველზე ტარიელ ჯაბაურმა დააჩოქა თავისი ქარხნის მუშები. ისინიც ასე გაჰყვიროდნენ, არ გადადგეთ, ბატონო ედუარდო. ყველაფერი მეორდება. კახა კალაძე რომ დგას ამ მშენებლობის უკან, ეს ჩემი ვარაუდი კი არ არის, სინამდვილეა.
-უნდა დაასაბუთოთ!
-ზუსტად იმიტომ ურტყამდნენ ტერორისტები გამეტებით თავზე ცოტნე გამსახურდიას. 2008 წელსაც იყო გარეული კალაძე ამ მშენებლობაში. ის ხომ სააკაშვილის გვერდით იყო პოლიტიკურად. 2008 წელს ერთმა ჩემმა სამტრედიელმა ახლობელმა ქალბატონმა მითხრა, კოლხურ კოშკთან მშენებარე კოსპუსში ფართის ყიდვა შემომთავაზესო. როდესაც ქალაქის მერი გახდა კახი კალაძე, მერე დაიწყო მშენებლობა. აი, ვინც იმ ბრძანებას ხელი მოაწერა, მისი პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს. ისიც აღსანიშნავია, რომ მაინცდამაინც 22 დეკემბერს, პუტჩის დღეს დაიწყო მშენებლობა. სასამართლო პროცესზე მოსამართლე ვერა დობორჯგინიძემ გაახმოვანა ის ფაქტი, რომ 2008 წელს უკვე იყო ამ კორპუსის მშენებლობაზე გადაწყვეტილება მიღებული. თარიღიც მითითებული იყო. სამშენებლო კომპანიამ, რომლის ხელმძღვანელია ვინმე გვარად ქოქოსაძე, სასამართლო პროცესზე განაცხადა, ეს არის თბილისის მერიის ბრალი, რადგან მან გასცა ნებართვაო. ე.ი. რა გამოდის, თბილისის მერი კალაძე ისევე ებრძვის კოლხურ კოშკს, როგორც ებრძოდა შევარდნაძის, 2008 წლიდან კი სააკაშვილის ხელისუფლება?! მეტი რა არგუმენტი გინდათ? ჰოდა, სააკაშვილის გვერდით იდგა კალაძე. არ დაგვავიწყდეს მისი ნათქვამი სიტყვები: მე და სააკაშვილი ძმაკაცები ვართო. ამის გამო იყო, რომ კახი კალაძე იტალიაში მანანა არჩვაძეს დაემალა, როცა მიწვეული იყო სპორტული ფილმების ფესტივალზე, სადაც გაიმარჯვა ალექსანდრე ჟღენტის მიერ გადაღებულმა ფილმმა „ქართული ფეხბურთი“. კახი კალაძე იმ ფესტივალზე აუცილებლად უნდა ყოფილიყო, მაგრამ როცა შეიტყო, რომ იქ მიწვეული იყო მანანა არჩვაძე, საერთოდ გადაიკარგა. სასამართლო სხდომაზე ბევრი უცნობი ფაქტი იქნა გაჟღერებული ქალბატონი მანანას მხრიდან. მან თავად ბატონი კონსტანტინე გამსახურდიას ცხოვრების ეპიზოდებიც გაიხსენა, მაგრამ ქოქოსაძის ბანდა ცდილობდა, სიტყვა არ გაეგრძელებინა. ეს ფარისევლები აცხადებდნენ, რომ კოშკის მიმართ პატივისცემით არიან განწყობილი. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ შევარდნაძის მმართველობის პერიოდიდან დაწყებული, ყველა ხელისუფლება და მისი ოპოზიცია ერთნაირად დუმს და ეს თემა პოლიტიკურ ბლოკადაშია. არც ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია არ იღებს ხმას. ჩვენს გვერდითაა მხოლოდ „ემი ჯგუფი“, რომელიც კვალიფიციური იურისტებისა და ექიმებისგან შედგება.
კომენტარები