ლონდონის სამეფო კოლეჯის მეცნიერებმა გამოაქვეყნეს კვლევა, რომელშიც ისინი ცდილობენ, გამოიკვლიონ სხვადასხვა ტოქსიკური ნივთიერებების ბიომარკერები და მოწყობილობების მოხმარებასთან დაკავშირებული პოტენციური ზიანი, რაც პოტენციურად მავნე ნივთიერებების ორგანიზმზე ზეგავლენასა და ორგანიზმზე ტოქსიკური ნივთიერებების ზეგავლენის შედეგად განხორციელებული ცვლილებების კვლევას გულისხმობს.
„აღნიშნული დოკუმენტი წარმოადგენს თამბაქოს ელექტრონული მოწყობილობების მოხმარებასთან დაკავშირებული რისკების დეტალურ კვლევას, რომელიც მწეველების, კანონმდებლებისა და კლინიცისტებისთვის უნდა გახდეს ერთგვარი სანდო სამეცნიერო მტკიცებულებების წყარო. მრავალი მწეველი ჯერ კიდევ არ ენდობა თამბაქოს ელექტრონულ სიგარეტებს, თუმცა, აღნიშნული კვლევა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ თამბაქოს უკვამლო მოწყობილობები იძლევა ორგანიზმისთვის მიყენებული ზიანის შემცირების შესაძლებლობას“, – აღნიშნავს დოქტორი სარა ჯექსონი, ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის თამბაქოსა და ალკოჰოლის კვლევის ჯგუფის უფროსი მკვლევარი.
აღნიშნული დოკუმენტი მერვე დამოუკიდებელი კვლევაა, რომელიც თავდაპირველად Public Health England-ის დაკვეთით განხორციელდა და დღეს ყველაზე სანდო ინფორმაციის წყაროს წარმოადგენს.
კვლევის თანახმად დგინდება, რომ ელექტრონული სიგარეტების მოხმარება ტრადიციული სიგარეტის მოწევასთან შედარებით ნაკლები ზიანის მომტანია, რადგან ამცირებს მწეველის ორგანიზმის მავნე ტოქსიკური ნივთიერებებისადმი დაქვემდებარებას.
„თამბაქოს უკვამლო მოწყობილობებისა და სიგარეტის მომხმარებელთა სისხლისა და ნერწყვის სინჯების შედარების შედეგად შესაძლებელი გახდა სანდო და ნათელი მტკიცებულებების მიღება. შედეგად დადგინდა, რომ თამბაქოს უკვამლო მოწყობილობების მომხმარებელთა ნერწყვსა და სისხლში საერთოდ არ შეინიშნება ან მცირე რაოდენობით გვხვდება მოწევასთან დაკავშირებული დაავადებებისა და ფატალური შედეგების გამომწვევი ნივთიერებების კვალი, და მიღებული მაჩვენებლები ემთხვევა არამწეველთა სისხლისა და ნერწყვის სინჯიდან მიღებულ მაჩვენებლებს“, – განაცხადა პროფესორმა პიტერ ჰაიჯეკმა, ლონდონის დედოფალ მერის უნივერსიტეტის თამბაქოზე დამოკიდებულების კვლევის დეპარტამენტის დირექტორმა.
ექსპერტები აღიარებენ, რომ მართალია თამბაქოს უკვამლო მოწყობილობები საკუთარ თავში გარკვეულ რისკებს ატარებენ, თუმცა ის ტრადიციული სიგარეტის მოწევის გაგრძელებასთან შედარებით უკეთეს არჩევანს წარმოადგენს იმ ზრდასრულ მწეველთათვის, რომლებიც სხვაგვარად გააგრძელებდნენ თამბაქოსა და ნიკოტინის შემცველი პროდუქტების მოხმარებას.
„მართალია, თამბაქოს უკვამლო მოწყობილობები მოწევისთვის თავის დანებებასთან შედარებით ზიანის შემცველია, თუმცა, მოწყობილობის მოხმარებასთან დაკავშირებული საფრთხეები და რისკები, რომლებიც ხშირად გვესმის საზოგადოებაში – უსაფუძვლოა და ისინი ხშირ შემთხვევაში წარმოადგენენ დაბრკოლებას მწეველებისათვის, რომ მათ თავი დაანებონ ტრადიციულ მოწევას და გადავიდნენ შედარებით ნაკლების რისკის მქონე მოწყობილობების მოხმარებაზე“, – აღნიშნავს დოქტორი ლაიონ შაჰაბი, ჯანდაცვის ფსიქოლოგიის პროფესორი და ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის თამბაქოსა და ალკოჰოლის კვლევის ჯგუფის თანადირექტორი.
მისივე განცხადებით, მწეველებს უნდა ჰქონდეთ შესაბამისი მხარდაჭერა, რაც გულისხმობს თამბაქოს უკვამლო მოწყობილობების შესახებ სანდო და მეცნიერულ მტკიცებულებებზე დაფუძნებულ ინფორმაციაზე წვდომას. ეს კი მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ მწეველებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, გააკეთონ ინფორმირებული არჩევანი და შეამცირონ როგორც საკუთარი, ასევე მათ გარშემომყოფთა ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანი.
თუმცა, მეცნიერები ასევე აღნიშნავენ, რომ გრძელვადიან პერიოდში საჭიროა დამატებითი კვლევების ჩატარება, რომელიც დაეხმარება მათ დაადგინონ თამბაქოს უკვამლო მოწყობილობების გრძელვადიანი ეფექტები.
ნიუპოსტი.
კომენტარები