საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე სემეკის საქმიანობის 2021 წლის ანგარიში წარადგინა. დავით ნარმანიამ ისაუბრა 2021 წლის განმავლობაში განხორციელებულ პროექტებზე, მომხმარებელთა ინტერესების დაცვასა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაზე ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში. სემეკის თავმჯდომარემ დეტალურად უპასუხა დეპუტატების მიერ დასმულ კითხვებს, რომლებიც რეგულირებად სექტორებში ქსელზე მიერთებისა და მომსახურების ხარისხის საკითხებს უკავშირდებოდა. სემეკის მიერ გაწეულ საქმიანობასა და სამომავლო ხედვებს კომიტეტმა დადებითი შეფასება მისცა.
დავით ნარმანიამ ანგარიშის წარდგენისას აღნიშნა, რომ ხშირია სპეკულაციები საქართველოში რუსეთიდან ბუნებრივი გაზის გაზრდილ იმპორტზე, რაც რეალობას არ შეესაბამება. მისი თქმით, საქართველოში ბუნებრივი გაზის ძირითადი მომწოდებელი აზერბაიჯანია, რომელიც საქართველოს გაზის მოხმარების 90%-ზე მეტს აკმაყოფილებს. სემეკის თავმჯდომარემ ისაუბრა სატარიფო რეგულირების საკითხზეც და განაცხადა, რომ საქართველოში როგორც ელექტროენერგიის, ასევე ბუნებრივი გაზის ტარიფი ერთ-ერთი დაბალია განსაკუთრებით ევროპის ქვეყნების ტარიფებთან შედარებით.
„სემეკში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მომხმარებელთა ინტერესების
დაცვას. 2021 წლის პირველი იანვრიდან დღემდე მოქალაქეებს ჩამოვაწერეთ კომპანიების მიერ უსაფუძვლოდ დარიცხული 4 მილიონ ლარზე მეტი, ასევე სხვადასხვა
მომსახურებების სტანდარტის დარღვევის გამო, სემეკის წესების შესაბამისად, კომპანიებმა მოქალაქეებზე ჯამში 600 ათასზე მეტი ლარის კომპენსაცია გასცეს. სემეკმა შეიმუშავა მომხმარებელთა დაცვის დამატებითი მექანიზმები, იმისთვის რომ თითოეულმა მოქალაქემ მიიღოს მასზე მორგებული მაღალი ხარისხის მომსახურება. საკმაოდ მკაცრი მიდგომები გვაქვს კომპანიების მიმართ მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით და მათ მიერ ნებისმიერი გადაცდომისას სემეკი იმსჯელებს კანონმდებლობის შესაბამისად“, – განაცხადა დავით ნარმანიამ სემეკის 2021 წლის ანგარიშის წარდგენისას.
კომენტარები