მშენებლობის ნებართვის მისაღებად გამწვანების პროექტის მომზადება სავალდებულო ხდება. აღნიშნულს „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი ითვალისწინებს.
კანონპროექტის მიხედვით, მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებისა და მშენებლობის ნებართვის მიღების მიზნით წარსადგენ დოკუმენტებს შორის გამწვანების პროექტის შემუშავება და შეთანხმება შემოდის. კანონპროექტის პრინციპებზე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ ისაუბრა.
მომხსენებლის ინფორმაციით, კოდექსში ცვლილებები განპირობებულია სამშენებლო ნებართვისა და განაშენიანების გეგმის დამტკიცების ფარგლებში გამწვანების – ე.წ. დენდროლოგიური პროექტის შემოტანის საკითხით.
„აღნიშნული რეგულირება თბილისში 2019 წლიდან მოქმედებს, რაც გულისხმობს, რომ მშენებლობის ნებართვის გაცემის ეტაპზე, საჭიროა წინასწარი აღწერისა და ზოგადი დენდროლოგიური პროექტის შესახებ ინფორმაციის წარდგენა, რომელიც პროექტირებისა და ნებართვის გაცემის ეტაპზე ნებართვის განუყოფელ ნაწილად გადაიქცევა. პროექტის ექსპლუატაციაში მიღებისა და ჩაბარების შემდგომ მოწმდება, როგორც სხვა სანებართვო პირობების შესრულება, ასევე დენდროლოგიური პროექტის შესრულება“, – განაცხადა მაია ბითაძემ.
კანონპროექტის მიხედვით, დეველოპერი ვალდებული იქნება მშენებლობის ნებართვის მიღების შემდგომ განათავსოს შესაბამისი დაფა, რომელშიც დენდროლოგიური პროექტის, გამწვანების შესახებ იქნება მოცემული ინფორმაცია. ამასთან, დენდროლოგიური პროექტი დასრულებულად ჩაითვლება ექსპლუატაციის მიღების შემდგომ და მის მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებლობა მეპატრონეს გადაეცემა.
კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, იგივე ვალდებულებები განაშენიანების გეგმაზეც გავრცელდება. ამასთანავე, დენდროლოგიური პროექტი სავალდებულო არ იქნება ინდივიდუალური პროექტებისთვის, როგორც მშენებლობის ნებართვის ეტაპზე, ასევე განაშენიანების რეგულირების გეგმის ფარგლებში.
„კანონპროექტიდან გამომდინარე საქართველოს მთავრობა ვალდებული იქნება მისი ამოქმედების შემდგომ გარკვეული ცვლილებები შეიტანოს მშენებლობის ნებართვის გაცემის წესებში. ასევე მუნიციპალიტეტებისთვის შემოდის ვალდებულება განსაზღვრონ იმ ხე-მცენარეთა ჩამონათვალი, რომელიც ადეკვატურია თითოეული რეგიონისთვის არსებული კლიმატური პირობებიდან გამომდინარე“, – აღნიშნა მაია ბითაძემ.
„საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი პარლამენტმა 81 ხმით, პირველი მოსმენით მიიღო.
ვინაიდან, საკანონმდებლო ცვლილება დაკავშირებულია ახალ სამშენებლო სანებართვო პირობასთან, იმისათვის, რომ მუნიციპალიტეტებს ჰქონდეთ საკმარისი დრო და შესაძლებლობა ცვლილებების გასაცნობად და ახალი სანებართვო პირობის მიხედვით საქმიანობის განსახორციელებლად, კანონპროექტის პირველი და მე-2 მუხლების ძალაში შესვლა გათვალისწინებულია 2022 წლის პირველი სექტემბრიდან, რაც გულისხმობს უკვე ნებართვამიღებული მშენებლობების ახალ კანონთან შესაბამისობაში მიღებას. ხოლო, კანონპროექტის მე-3 და მე-4 მუხლის ძალაში შესვლა გათვალისწინებულია გამოქვეყნებისთანავე. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას.
წტარო – BM.GE
კომენტარები