BBC-ის ცნობით, პრემიერმინისტრის თანამდებობიდან ლიზ ტრასის გადადგომის შემდეგ, კონსერვატიული პარტიის ლიდერის არჩევნებში მონაწილე კანდიდატებს შორის, შესაძლოა, ბორის ჯონსონიც იყოს.
BBC წყაროზე დაყრდნობით აცხადებს, რომ თავად ჯონსონი, ვინც ამჟამად კარიბის ზღვის კუნძულებზე იმყოფება, ამ ეტაპისთვის ამ შესაძლებლობას არც ადასტურებს და არც უარყოფს.
კონსერვატიული პარტიის ლიდერის არჩევნები მომავალ კვირაში გაიმართება.
BBC-ის თქმით, ერთ-ერთ კანდიდატად ასევე განიხილება რიში სუნაკი, ყოფილი კანცლერი, ვინც წინა არჩევნებისას ლიზ ტრასმა დაამარცხა.
შესაძლოა ლიდერობისთვის ბრძოლაში ჩაერთოს პენი მორდონტიც, ვინც ზაფხულში გამართულ კენჭისყრაში მესამე ადგილი დაიკავა.
ასევე სავარაუდო კანდიდატებს შორის გამოცემა ასახელებს თავდაცვის მინისტ ბენ უოლასს, საერთაშორისო ვაჭრობის მდივან კემი ბეიდენოკს, საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიმს ქლევერლისა და ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრ სუელა ბრეივერმენს, ვინც ცოტა ხნის წინ გადადგა.
მომავალ კვირაში დაგეგმილ არჩევნებში კანდიდატობა ოფიციალურად უარყო კანცლერმა ჯერემი ჰანტმა. BBC ასევე აცხადებს, რომ კონსერვატიული პარტიის ვეტერანი წევრი მაიკლ გოუვი და ტრასის ყველაზე მწვავე კრიტიკოსი ტომ ტუგენდჰატი, სავარაუდოდ, ასევე არ იქნებიან კანდიდატები.
დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის ლიზ ტრასი გადადგომის მიზეზი ის ეკონომიკური კრიზისია, რომელშიც ქვეყანა ოპონენტების და კონსერვატიული პარტიის ზოგიერთი წევრის აზრით ტრასის პოლიტიკის გამო აღმოჩნდა.
ტრასმა კონსერვატიული პარტიის მხარდაჭერა დაბალი გადასახადების, ეკონომიკის ზრდის პოლიტიკის შესახებ დაპირებებით მოიპოვა.
კომენტარები