ლევან ჯავახიშვილი
„ალიას“ ესაუბრება პარტია „სამართლიანობის“ თავმჯდომარე, ეკა ბესელია.
– ქალბატონო ეკა, ხომ არ დადგა დრო, ვინც მართლა სააკაშვილის რეჟიმს ებრძოდით, მერე მოხვედით ხელისუფლებაში და „ქართული ოცნების“ ლიდერებმა გაგინაპირეს, გაიძულეს პოსტებისა და პარტიის დატოვება, ის ხალხი გაერთიანდეთ, შექმნათ ერთი ძლიერი პარტია და დაუპირისპირდეთ „ქართულ ოცნებას“, იმ ხალხს, ვინც ეს ქვეყანა დაღუპვის პირას მიიყვანა?
– სხვათაშორის, ეს მოსაზრება ცოტა ხნის წინ, უცხოეთში მცხოვრებმა ქართველებმა გამიზიარეს. არის ეს იდეაც და შესაძლოა, მართლაც ჰყავდეს ბევრი თანამოაზრე, რადგან ჩვენი უამრავი მხარდამჭერი და მართლაც მებრძოლი ადამიანი დარჩა უყურადღებოდ. ბევრი გულნატკენი და მოტყუებულია, რადგან მივიღეთ ისევ ის სისტემა, რის გამოც წლები ვიდექით ქუჩაში და ვიბრძოდით. მთავარი რამ გამოჩნდა – ვინ რისთვის იბრძოდა. მაგალითად, სოზარ სუბარი თავისუფალი სასამართლოსთვის კი არ იბრძოდა თურმე, საკუთარი კომფორტისთვის იბრძოდა, გია ვოლსკი საკუთარ თავზე ფიქრობდა და რომელი ერთი ჩამოვთვალო… როგორ დახუჭეს თვალი ასეთ უპრინციპო მოვლენაზე, როგორიც იყო წინა რეჟიმის მოსამართლეების დატოვება და უვადოდ არჩევა?! სამწუხაროდ, დღეს არსებულ „ოცნებას“ არაფერი აქვს საერთო იმ იდეასთან, რაც იყო 2012 წელს. ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ დატოვა ეს პარტია, წავიდა და ვინ დარჩა ამ პარტიაში? კობახიძე და სხვანი, რომელთაგანაც არც ერთი არ ასოცირდება 2012 წელთან.
– პარლამენტი მალე მიიღებს კანონს დეოლიგარქიზაციის შესახებ, რომელიც ბიძინა ივანიშვილს არ შეხება. რა აზრი აქვს ამ კანონის მიღებას, როდესაც მთავარ ოლიგარქს აქაური სანქციები არ შეეხება?
– ყველა სამუშაო ჯგუფი რაც ახლა შექმნა ,,ოცნებამ“, არის ფიქცია და ფარისევლობა. რეალურად, არაფრის შეცვლა და არანაირი რეფორმა არ სურთ. მე მაქვს განცდა, რომ არც ევროკავშირში გაწევრიანებაა ახლა ხელისუფლების პრიორიტეტი. ოლიგარქიის თემის ჟონგლიორობაც და თავდასხმა სამოქალაქო სექტორის მიმართ დასტურია უკიდურესად არაჯანსაღი ვითარების. ინსტიტუციიურად ყველა რგოლი უკვე დაექვემდაბარა პარტიულ დღის წესრიგს. ეს კი საბოლოოდ გვაბრუნებს საბჭოურ სივრცეში, რომელსაც თავი ძლივს დავაღწიეთ.
– „ქართული ოცნება“, საპარლამენტო უმრავლესობა აპირებს სასამართლო რეფორმის გატარებას. ადრე ამბობდნენ, რომ რეფორმა გატარდა და ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო სასამართლო სისტემა გვაქვს. მაშინ გვატუებდა „ქართული ოცნება“ თუ ახლა გვტყუებს?
– იმ 12 პუნქტში, რომელთა შესრულებაც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად არის აუცილებელი და რომელთა რეალიზაციასაც პარლამენტი აპირებს, მთავარი მართლმსაჯულების რეფორმაა. სწორედ ეს საკითხი განსაზღვრავს ყველა სხვა საკითხს. ამიტომაც, რეფორმირებული და თავისუფალი სასამართლო ფუნდამენტური თემაა. დარწმუნებული ვარ პარლმანეტის უმრავლესობა არც ერთ პუნქტს არ შეასრულებს ევროკავშირის დღის წესრიგიდან, მაგრამ მე მაინც გადავწყვიტე ამ თემის ექსპერტებთან, სამოქალაქო სექტორთან ერთად შევაჯეროთ პოზიციები, გავიაროთ კონსულტაციები პოლიტიკურ ჯგუფებთან ერთად და ვაჩვენოთ ყველას, რომ შეგვიძლია ამ საკითხზე გვქონდეს ერთიანი ხედვა. ეს არის ჩვენი მხრიდან გამოცდილების და ცოდნის გაზიარება და თუ სურს ვინმეს უმრავლესობიდან ამ შესაძლებლობის გამოყენება, ესეც მალე გამოჩდება.
– ხომ არ ფიქრობთ, რომ ეს ახალი სასამართლო რეფორმა ემსახურება სასამართლო კლანის მიერ მოსამართლეთა უფრო მეტად დამორჩილებას? ხომ არ მიიღებენ მიიღებენ ისეთ კანონებს, რომლებიც მოსამართლეებს კიდევ უფრო შებოჭავს და თუ ოდესმე სიმართლე თქვეს სისტემაში არსებული უსამართლობის, ამის დამადასტურებელი კონკრეტული ფაქტების შესახებ, მათი სამართლებრივი დევნა დაიწყება?
– ხელისუფლების გარიგება სასამართლო კლანთან, ემსახურება ორივეს ინტერესს. ამ გარიგების მეშვეობით, დარჩა ძველი სასამართლო სისტემა და ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი სასამართლოს წყალობით, ყველა გაყალბებული არჩევნები შერჩა „ქართულ ოცნებას“. აი, რატომ არის ეს გარიგება ასე ძლიერი და მნიშვნელოვანი. წინა რეჟიმის ყველა მოსამართლე, ვინც იმ უსამართლო სისტემას ქმნიდა, დატოვეს ან დააწინაურეს. ამის გამო, პროტესტი სულ მექნება. ეს იყო წითელი ხაზი, რომელიც ხელისუფლებამ გადაკვეთა, რატომ არ უნდათ მართლმსაჯულების რეფორმა, უკვე ცხადია. ძალაუფლების წყარო, კონსტიტუციით თუ ხალხია, ამ გარიგებით გახდა კლანი ანუ ვიწრო ჯგუფი, ვინც გავლენას ახდენს სხვა და სხვა მოსამართლეების გადაწყვეტილებაზე და რაც მთავარია, ყველა არჩევნების დროს, ყველა მნიშვნელოვან საარჩევნო დავას იგებს „ქართული ოცნება“.
– რატომ არ იწყება გამოძიება უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლის, ბესარიონ ალავიძის განცხდებაზე, რომ სასამართლო სისტემას კლანი მართავს და კლანის ლიდერები მოსამართლებს აიძულებენ, ის გადაწყვეტილებები მიიღონ, რომელიც მათ სურთ?
– ვინ გამოიძიებს? ვის ინტერესებში შედის სიმართლის დადგენა? ამაზე დიდი სკანდალი რაღა უნდა იყოს ქვეყანაში, როდესაც აშკარავდება მოსამართლის მხრიდან მასზე განხორციელებული ზეწოლის ფაქტი. შეეცადნენ, ეს ფაქტი მიეჩქმალათ და არ ყოფილიყო რეაგირება ამაზე.
– სოსო გოგაშვილმა განაცხადა, რომ ნინო გვენეტაძე უშუალოდ ბიძინა ივანიშვილმა დააშანტაჟა და აიძულა, დეტოვებინა პოსტი. რამდენად დამაჯერებელია გოგაშვილის ეს ვერსია თქვენთვის?
– ეს დიდი სკანდალია. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შანტაჟით და იძულებით გადადგომის ფაქტი არის ყველაზე სახიფათო ისტორია. წარმოიდგინეთ, რამდენად დაუცველი ხდება სხვა ნებისმიერი რიგითი მოქალაქე. ეს არ იყო ჩემთვის მოულოდნელი. ამაზე ადრეც მისაუბრია, რომ ნინო გვენეტაძე აიძულეს წასულიყო. სამწუხაროა, რომ საზოგადოებას არა აქვს ამაზე რეაქცია. თითქოს ყველა ყველაფერს მიეჩვია.. ამ დროს, სამწუხაროდ, უმძიმესი დანაშაულებრივი ფაქტები რჩება რეაგირების გარეშე. აქ ხომ დეტალები გამოიტანა სუს-ის მაღალი თანამდებობის პირმა. ის ხომ არ იყო რიგითი თანამშრომელი? მე ველოდები, რომ ქალბტონი ნინო გვენეტაძე ამაზე ოდესმე, ალბათ, ისაუბრებს. არ ვიცი, რატომ არ სურს დღეს ამაზე საუბარი. მე ის არ მინახავს. ვიცი, რომ რეფორმას მხარს უჭერდა, ვიცი, რომ კლანი ებრძოდა და მისი თავიდან მოშორება სურდათ ისევე, როგორც ჩემი. ვანო ზარდიაშვილი ხომ გახსოვთ? ზარდიაშვილი მდინარაძესთან, ოხანაშვილითან და კობახიძესთან ერთად მოქმედებედა ჩემს წინააღმდეგ პარლამენტში კლანის სასარგებლოდ. ერთად გეგმავდნენ იმ ყველაფერს რაც ახლა ხდება. როგორ შეიძლება ხმა მისცე ამგვარ ადამიანებს?! გავიხსენოთ 2012 წელი. აი, იმ ბრძოლის და ენერგიის ეტაპი უნდა დადგეს აუცილებლად, როდესაც ვერაფერმა შეაჩერა ხალხის სურვილი. ეს იქნება გამოსავალი ამ უმძიმესი მდგომარეობიდან.
კომენტარები