თამო კეშელავა, ალია
13 ოქტომბერს, დღის პირველ ნახევარში მთელი ქვეყანა შეძრა ამბავმა, რომ ვაკის პარკის ახალგახსნილ შადრევანში 3 ბავშვს დენმა დაარტყა. მალევე გახდა ცნობილი, რომ 13 წლის გოგონა, მარიტა მეფარიშვილი გარდაიცვალა.
ვაკის პარკის რეაბილიტაცია კომპანია „გრინსერვის+“–მა ჩაატარა, კომპანიას სამი მფლობელი ჰყავს, 33-33%-იანი წილი მფლობელები კობა ხარშილაძე და ლაშა ფურცხვანიძე არიან. მანამდე ისინი იყვნენ ასევე მფლობელები კომპანიის, „გრინსერვისი“. ფურცხვანიძე წინა ხელისუფლების დროს, ძველი თბილისის რაიონის გამგებელი იყო, ხოლო ხარშილაძე – მისი მოადგილე. 2013 წელს, ორთავე დააკავა ქართული ოცნების ხელისუფლებამ და გვეუბნებოდნენ, რომ ისინი დააკავეს ფულის გათეთრებისა და სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობის ბრალდებით. ბრალის წარდგენიდან ერთ წელიწადში ფურცხვანიძემ ბრალი აღიარა და ჯარიმის სანაცვლოდ გაათავისუფლეს, ხარშილაძეს კი 2 წლით პატიმრობა და ჯარიმის გადახდა მიესაჯა. ამჟამად, როგორც გითხარით, მათ კომპანიას + დაემატა და „გრისერვის+“ ეწოდება, კომპანია აქტიურად მონაწილეობს ტენდერებში. მაგალითად, მხოლოდ 2 თვეში, აგვისტო-სექტემბერში „გრინსერვისმა” მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ელექტრონულ ტენდერებში გაიმარჯვა.
ხარშილაძეს გამოძიება, კიდევ ერთ საქმეს ედავებოდა – სამსახურეობრივ გულგრილობას ყოფილი პრემიერის, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით. მაშინ განაჩენი ნაფიცმა მსაჯულებმა გამოიტანეს და კობა ხარშილაძისა და მიხეილ ძაძამიას წინააღმდეგ 10 ხმით 2-ის წინააღმდეგ გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოიტანეს.ხარშილაძეს აღნიშნულ საქმეზე შემსუბუქებული სასჯელი 2 წლისა და 4 თვის ვადით განესაზღვრა, ამნისტიის შედეგად კი, 1 წელი და 9 თვიანი ვადა დარჩა. ძველმა სასჯელმა, რომელიც გრინსერვისის საქმეზე აქვს ხარშილაძეს შეფარდებული, შთანთქა ახლად განსაზღვრული სასჯელი და ხარშილაძეს საბოლოოდ 4 თვის ვადით პატიმრობა განესაზღვრა. მაშინ გოგლა ჟვანია ამბობდა: “ველოდი გამამტყუნებელ განაჩენს იმიტომ, რომ საკმაოდ, კარგად ვიცნობ ამ საქმის მასალებს.“
დავუბრუნდები ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიას და გეტყვით, რომ იმ 9 ადამიანში, რომლებიც გამოძიებამ ვაკის პარკში მომხდარის გამო დააკავა, კობა ხარშილაძე ვერ მოხვდა. დააკავეს თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე გიორგი ვახტანგაშვილი (არადა, ყველა საბუთს ხელს სამსახურის უფროსი აწერდა, რომელიც მისი მოადგილის დაკავებიდან 2 დღეში თანამდებობიდან გადადგა), დაკავებულია „გრისერვის+“–ის დირექტორი, ლაშა ფურცხვანიძე, იგივე კომპანიის საქმის მწარმოებელი ბექა მურღულია, და იგივე კომპანიის თანამშრომელი, დევი კახოიძე, შპს „ნიუ მეტალ დიზაინის“ წარმომადგენელი ლაშა ჭიყირაშვილი, შპს „მშენ–ექსპერტის“ დირექტორი, ნუგზარ ქიტიაშვილი და ამავე კომპანიის ინსპექტორი, დავით თუშიშვილი, დაკავებულია ასევე 2 ელექტროშემდურებელი, გიორგი გობეჯიშვილი და ვალერი გობეჯიშვილი – ძმები.
მერიის მაღალჩინოსანი, მედიასთან კი ამტკიცებს, არ ჩაგვიბარებია ბოლომდე ობიექტი და ექსპლუატაციაში ჩვენ არ გვქონია, მაგრამ პროკურატურის მტკიცებით, მერიამ 2022 წლის 26 აგვისტოს ჩაიბარა ვაკის პარკის შადრევანი, თუმცა, მერე მერიის თანამშრომელმა მოითხოვა დამატებითი სამუშაოების ჩატარება და შავი ფერის მილების თეთრი თუნუქის მასალით შეფუთვა. ოღონდ, გამოძიება ამბობს, რომ ეს შეთანხმება მოხდა სიტყვიერად, არანაირი წერილობითი დოკუმენტი არ არსებობს. გამოძიების მტკიცებით, ეს დავალება ასევე ზეპირსიტყვიერად, „გრინსერვის+“–მა გადასცა შპს „ნიუ მეტალ დიზაინს“, რომელმაც, თავის მხრივ, ეს დავალება ასევე სიტყვიერად გადასცა ელექტროშემდურებლებს, ძმებს, გიორგი და ვალერი გობეჯიშვილებს. გამოძიება გვიმტკიცებს, რომ როცა ეს „გაფუჭებული ტელეფონით“ თამაში დასრულდა, „ნიუ მეტალ დიზაინის“ თანამშრომელი, რომელსაც ასევე, თავის მხრივ, არ ევალებოდა შესრულებული სამუშაოს ხარისხის კონტროლი, და ეს ორი შემდუღებელი მივიდა ადგილზე, შემდუღებლებმა მოხსნეს ცხაურები, შეფუთეს მილები და ცხაურებს ისევ რომ ახრავდნენ უკან, მაგ დროს დააზიანეს ელექტროკაბელიო.
საქმე ისაა, რომ გამოძიებისვე მტკიცებით, არც ერთი დაკავებული არ აღიარებს ბრალს, არ არსებობს არანაირი აქტი, არანაირი წერილობითი დოკუმენტი, წარმოდგენილ ვიდეო ფაილზე მხოლოდ ის ჩანს, რომ სამი ადამიანი მიდის შადრევანთან და რაღაცას აკეთებს, მიუხედავად იმისა, რომ ჩანაწერი ძალიან უხარისხოა, კიდევ შეიძლებოდა კადრის გასუფთავება და ნახვა რა დააზიანეს ელექტროშემდუღებლებმა და როდის, მაგრამ, უპს, გამოძიება ამტკიცებს, სამუშაოს რომ მორჩნენ და ცხაურს უკან აბრუნებდნენ, ქვეშ მოჰყვა კაბელი და მაგან დააზიანაო. ანუ, კადრი როგორც უნდა გავწმინდოთ, ცხაურის ქვეშ რა დაზიანება მოხდა, მაგას ვერ გავარჩევთ, ცხადია და ვერც გამოძიება დაინახავდა… ააა, სავარაუდოდ, გამოძიებას ხელთ აქვს ექსპერტიზის დასკვნა დაზიანების სავარაუდო ხანდაზმულობაზე და ემთხვევა 22 სექტემბერს? – არა, სამხარაულის ექპსერტიზას რაღაც დასკვნები შევუკვეთეთ, მაგრამ ჯერ პასუხები არ მიგვიღიაო. მაშ, როგორ? როგორ დაადგინა გამოძიებამ რომ კონკრეტულად ამ ელექტროსემდუღებლებმა დააზიანეს ელექტროკაბელი, თუ არც ექსპერტიზის დასკვნა არსებობს, არც ჩვენებები, არც აქტები ამ სამუშაოზე და ვიდეოზეც მხოლოდ ის ჩანს, რომ მიდიან, რაღაცას აკეთებენ და მოდიან? იქნება, მანამდე იყო დაზიანებული, იქნება, მერე დაზიანდა? კარგი, დაგიჯერებთ, რომ მაგათ დააზიანეს, ოღონდ, გვითხარით, რის მიხედვით დაადგინეთ? ელექტროკაბელმა მოგცათ ჩვენება? ცხაურმა? გამოდის, უბრალოდ, ვინც ბოლოს იმუშავა, ის დააკავეს? და რას ნიშნავს ბოლოს? საიდან ითვლება ეს ბოლო? მიღება–ჩაბარების აქტიდან? იქედან, როცა ბოლოს შეამოწმეს ელექტროობის უსაფრთხოება შადრევანში და არ ჟონავდა ელექტროობა? მეორე უპს – არ შემდგარა ასეთი შემოწმების აქტი. გრინსერვის+–ის თანამშრომლები ამბობენ, ჩვენო, შადრევანის მუშაობაო ასე შევამოწმეთო, 12 ოქტომბერს თანამშრომლები ჩავუშვით ჩართულ შადრევანში სპეც. ფორმით, თუმცა, ერთი თანამშრომლის სპეც. ფორმა გახეული აღმოჩნდა და სულ სველი იყო, მაგრამ დენმა არ დაარტყა და ესე იგი დენი არ ჟონავდა. აქვე მინდა ვუთხრა იმ თანამშრომელს, რომლის ფორმაც გახეული იყო, მხოლოდ ამ ფრაზის გამო შეუძლია კომპანიას უჩივლოს! ანუ, კომპანია „გრინსერვისი+“ ამბობს, ჩვენო, ვერ ვიცავდით უსაფრთხოების ნორმებს და აქედან გავიგეთ, რომ შადრევანი უსაფრთხო იყოო! იმიტაცია კი არ მოვახდინეთ დენის გაჟონვის, რათა გვენახა, მუშაობდა თუ არა გაჟონვის საწინააღმდეგო რელე, რამე ექსპერტიზა კი არ ჩავატარეთ და მაქედან კი არ გავიგეთ ეგ ამბავი, უბრალოდ, ასე, გახეული ფორმა ეცვა თანამშრომელს და არ დაარტყა დენმა წყალში და ესე იგი არ ჟონავდა ელექტროობაო. წარმოგიდგენიათ, შადრევანის სწორად რეაბილიტაციას ველოდით კომპანიისგან, რომელმა ისიც ვერ უზრუნველჰყო თანამშრომელთა ფორმა ყოფილიყო სრულყოფილი.
ვიღაცამ უთხრა ვიღაცას კაბელის ფერი არ მომწონსო, იმან კიდევ ვიღაცას, იმან კიდევ თავის თანამშრომელს დაავალა, წადი, 2 ხელოსანი იშოვეო, წავიდნენ, მიიყვანეს ორი ხელოსანი, შეაფუთინეს მილები და ორივეს ერთად გადაუხადეს სულ 300 ლარი, ანუ თითოს 150 ლარი და აკიდეს საშვილიშვილო ცოდვა კისერზე, ხო, 150 ლარად!
ტრაგედია ვაკის პარკში 13 ოქტომბერს მოხდა, 14 ოქტომბერს სვეტიცხოვლობა ვიზეიმეთ, გადაიტენა სვეტიცხოვლის შესასვლელი სამთავრობო მანქანებით, მაგრამ სხვა რამეზე ვწერ ახლა – ვაკის ტრაგედიიდან მეორე დღეს, 14 ოქტომბერს, სვეტიცხოველში ე.წ. მოკლე ჩართვა მოხდა. ტაძრის იატაკზე მოშიშვლებული კაბელი ეგდო, რომელსაც ბავშვმა დააბიჯა ფეხი და კინაღამ მეორე დიდი უბედურება დატრიალდა ქვეყანაში, მაგრამ რა მოხდა? – უსაფრთხოებამ იმუშავა და გაითიშა ელექტროენერგია და გადავრჩით მორიგ ტრაგედიას. ლოგიკურად თუ მივყვებით, სვექტიცხოვლის ის თანამშრომლები უნდა დავაკავოთ, რომლებმაც ელექტროსადენი იატაკზე ასე დატოვეს. ხომ იმას ვაკავებთ, ვინც კაბელს აზიანებს? თუ მხოლოდ იმის მერე ვაკავებთ, თუ ვინმე გარდაიცვლება? ვაკის პარკის შემთხვევაში, ხომ იმ ხელოსანს ვაბრალებთ ტრაგედიას? ამ შემთხვევაში რა ხდება? და ვაკის პარკშიც რომ ემუშავა უსაფრთხოების სისტემას და გამოერთო შადრევანში დენის მიწოდება, რა მოხდებოდა? ხომ გადარჩებო 13 წლის გოგონა? ხომ იცოცხლებდა? როგორც ვაკის პარკის თავდაპირველი პროექტის ავტორი აცხადებს, შადრევანს თავდაცვის 4 საფეხური უნდა ჰქონოდა, აღმოჩნდა, რომ ან არ ჰქონდა თავდაცვის 4 საფეხური, ან არც ერთმა არ იმუშავა.
ჟღერდება ვერსიაც, რომ ვაკის პარკის შადრევანი როცა გაიხსნა, არ იყო ჩართული მართვის პულტი, თუმცა, სატენდერო წინადადების მიხედვით, შადრევანოს კონტროლი შესაძლებელი უნდა ყოფილიყო ორივე გზით და ორივე სრულფასოვნად მოქმედი უნდა ყოფილიყო.
ექსპერტები და ექსპერტიზები
გამოძიება ამტკიცებს, რომ ყალბი დასკვნის მომზადებისთვის დააკავა რამდენიმე პირი, და ამბობს, რომ „გრინსერვის+“–მა „მშენ ექსპერტს“ სთხოვა დასკვნის მომზადება ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების შესაბამისობა დანახარჯებთან. აი, სამუშაოების შესაბამისობის შესწავლა ხარისხთან და უსაფრთხოებასთან მას არ შეუსწავლია, ოღონდ, გამოძიებას დაავიწყდა იმის თქმა, რომ უსაფრთხოების შემოწმებისთვის, ექსპერტიზის დაწესებულებას აკრედიტაციაც კი არ გააჩნდა და ამის ნახვა ნებისმიერს შეუძლია, ვინც აკრედიტაციის გვერდზე შეიხედავს. გამოძიება გვიმტკიცებს, რომ გრინსერვის+–მა დაარწმუნა ექპერტიზის ბიურო, რომ მათ დასკვნაში შეეტანათ ყალბი მონაცემი, კონკრეტულად კი ფრაზა – „შესრულებული სამუშაო შესაბამისობაშია საქართველოში მოქმედ სამშენებლო ნორმებთან და წესებთან.“
ჩავიხედოთ ექსპერტიზის დასკვნაში, სადაც პირველივე გვერდზე, გარკვევით წერია, რომ ინსპექტირების მიზანია მხოლოდ და მხოლოდ სმაუშაოების აქტის (ფორმა2)–ის ინსპექტირება და მოიცავს მხოლოდ შესრულებულ სამუშაოებზე გაწეული ფაქტობრივი დანახარჯების დადგენას.
გარდა ამისა, ექსპერტიზის დაწესებულება განმარტავს, რომ იგი სამუშაოდ იყენებს გრინსერვისი+–ის წარდგენილ დოკუმენტებს და თბილისის მერიის მუნიციპალური ლაბორატორიის მიერ დამოწმებული შესრულებული სამუშაოების უწყისებს. აქვე გეტყვით იმასაც, რომ წესით, შადრევანის რეაბილიტაციის ტექნიკური შემოწმება, სწორედ თბილისის მუნიციპალიტეტის ლაბორატორიას ევალებოდა.
გარდა ამისა, მეოთხე გვერდზე, ექსპერტიზის დაწესებულება წერს, ეს შემოწმება რომ შემესრულებინა, მე მხოლოდ ეს ხელსაწყოები გამოვიყენეო – ციფრული ფოტოაპარატი, ელექტრო მანძილმზომი, საზომი რულეტი და შტაგენფარგალი.
გამოძიება გვიმტკიცებს, რომ მერიამ მიიღო დასკვნა, ფორმა–2–ებზე, არ წაიკითხა პირველი გვერდი, ვერ მიხვდა, რომ ხარჯთაღღირცხვის შესრულებაზეა საუბარი მხოლოდ, არც მეორე გვერდი წაიკითხა, რად უნდა, არც მესამე გვერდი წაიკითხა, სადაც წერია, რომ მისივე ლაბორატორიის დასკვნებს ეყრდნობა ექსპერტიზა და არც მეოთხე გვერდი წაიკითხა, რა საჭიროა ეგაც და მხოლოდ დასკვნის ბოლო წინადადება წაიკითხა, სადაც წერია, რომ „შესრულებული სამუშაო შესაბამისობაშია საქართველოში მოქმედ სამშენებლო ნორმებთან და წესებთან.“ რაც მთავარია, დოკუმენტი მრავალ ასეულ გვერდს მოიცავს და არსად, არც ერთი ჩანაწერი არ გვხვდება უსფართხოების შემოწმებაზე.
და მაინც, „ალიას“ მკითხველი იკითხავს, მაშ, საიდან გაჩნდა დოკუმენტში ფრაზა – „შესრულებული სამუშაო შესაბამისობაშია საქართველოში მოქმედ სამშენებლო ნორმებთან და წესებთან“? და კი, მაქვს ამაზე პასუხი, გაგიკვირდებათ და მაქვს. როგორც ზემოთ აღვნიშნე, „მშენ–ექსპერტი“ წერს, რომ ექსპერტიზის მოსამზადებლად ეყრდნობა თბილისის მერიის მუნიციპალურ ლაბორატორიას და ათეულობით დოკუმენტი აქვს ატვირთული ამ ლაბორატორიიდან – გამოიცანით, რა წერია დოკუმენტებში მუნიციპალური ლაბორატორიის, იმ ლაბორატორიის, რომელიც პასუხისმგებელი უნდა ყოფილიყო შადრევნის ტექნიკურ შემოწმებაზე? – დიახ, ყოველი შემოწმების შემდეგ, წერია: „სამუშაოები შესრულებულია პროექტის, სტანდარტების, სამშენებლო ნორმებისა და წესების შესაბამისად და პასუხობს მიმღების მოთხოვნებს.“ გამოძიება ედავება, შენ გიწერია, რომ ობიექტი ტექნიკურად შეამოწმეო, და რომ უსაფრთხოა გიწერიაო, თუმცა, როგორც ჩანს, გამოძიებამ არ იცის, რომ ეს ფრაზა, სწორედ იმ დოკუმენტების ინსპექტირებისას მოხვდა მშენ–ექსპერტის ჩანაწერებში, რომელი დოკუმენტებიც მას მერიის ლაბორატორიამ მიაწოდა, ან ჩვენ ვგონივართ სულელები და წერა–კითხვის უცოდინრები. მეტიც, გამოძიებამ არ იცის, რომ მშენებლობის ნორმებს სხვა კანონი არეგულირებს და მშენებლობაზე უსაფრთხოების წესებს სხვა კანონი – ან თავგზას გვიბნევს – და მინდა გითხრათ, ორთავე ძალიან ცუდია. გამოდის, გამოძიება ამტკიცებს, რომ მერიამ მიიღო ერთი დასკვნა და ეგონა მეორე, არადა, მხოლოდ პირველი გვერდის წაკითხვა იყო საჭირო იმის გასაგებად, რა იყო ექსპერტიზის საგანი და მერიიდან ამაზე პასუხისმგებელი არავინაა? ექსპერტიზის დაკვნას რომ ჰაერზე იბარებენ – ეს სისტემური დანაშაული არაა? მხოლოდ ამ ერთხელ ჩაიბარეს ერთი დასკვნა სხვა სახელით? და თუ გამოძიებამ ეს ყველაფერი ჩვენზე კარგად იცის და მაინც ცდილობს თავგზა აგვიბნიოს და ამ საქმეს „კაბელის დაზიანების“ სახელი დაარქვას? – არც ეგაა სისტემური დანაშაულის ნიშნები?
და კიდევ მეტიც, დასკვნა, რომელსაც გამოძიება ყალბს უწოდებს, შუალედურია, ანუ, ლოგიკურადაც რომ ვიმსჯელოთ, შუალედური დასკვნა რომ ვერ იქნება საბოლოო, ხომ ცხადია? ამის შემდეგ კიდევ შემოწმება ხომ უნდა ჩატარდეს? – და რომ აღარაა მეტი არაფერი ჩატარებული? და იგივე გამოძიება რომ გიმტკიცებს, ჩააბარა ობიექტი გრინსერვის+–მა მერიასო? როგორ გადააბარა, თუ არ შედგენილა ბოლო დასკვნა, თუნდაც, ფორმა–2–ზე დაყრდნობით? არც ამაზე არავინ დამნაშავე მერიაში?
პროექტი
პროექტის ავტორი, შალვა ქურიძე ამბობს, რომ მისი პროექტი გადააკეთეს, მისი პროექტის მიხედვით, შადრევანში აგრეგატი გარეთ უნდა ყოფილიყო, ცალკე დამონტაჟებული, გარდა ამისა, იგი ამბობს, რომ შადრევანს დაცვის 4 საფეხური უნდა ჰქონოდა.
როცა ტენდერი გამოახადა მერიამ, მალევე, სატენდერო წინადადების ბოლოს გაჩნდა კითხვები:
გურამ კეკუა:
“თქვენ მიერ სატენდერო დოკუმენტაციაში მოთხოვნილია შემდეგი ,, საქართველოს კანონის “არქიტექტურული საქმიანობის შესახებ“ მე-13, მე-14, მე-15, მე-16 პუნქტების, საქართველოს კანონის „საავტორო და მომიჯნავე უფლებათა შესახებ“ მე-17 პუნქტის შესაბამისად საპროექტო დოკუმენტაციის შემუშავებისას და არქიტექტურული ობიექტის მშენებლობისას პროექტში ცვლილებების შეტანა ხდება მხოლოდ მისი ავტორის თანხმობით, თუკი ასეთები არსებობენ,, ამასთან, მომწოდებელი 2-ის მიერ დასმული შეკითხვისდა მიხედვით, საპროექტო ორგანიზაციის მიერ არ შესრულებულა სატენდერო მოთხოვნა და, შესაბამისად, არ იქნა გათვალისწინებული პროექტირების დროს ობიექტზე ძირეული ცვლილებების შეტანისას, რომ საჭირო იყო საავტორო უფლების მქონე პირთა თანხმობა. შესაბამისად, ხომ არ იქნება აუცილებელი ტენდერში მონაწილე სუბიექტეების მხრიდან აღნიშნული ნებართვის მოპოვება და,ამასთან, ხომ არ შეუქმნის პრობლემას ზემოაღნიშნული შეუსაბამობა სამშენებლო სამუშაოების წარმოებას?”
თბილისის მერიის წარმომადგენელი, გიორგი პაპავა მას პასუხობს და წერს:
„უპირველეს ყოვლისა უნდა მოგახსენოთ რომ, ტენდერს აცხადებს სატენდერო კომისია და არაერთი პიროვნება (გ.პაპავა). შემდეგ კი უნდა იცოდეთ რომ არც პროექტის ავტორი ვარ, არც ხელშეკრულების ხელმომწერი, ინსპექტირების განმახორციელებელი, მიღება ჩაბარების აქტზე ხელმომწერი და არც ტექ. დავალების შემდგენელი. ასევე შესყიდვების კანონმდებლობით ტენდერის გამოცხადების ყველა სტანდარტი დაცულია და ვერანაირ დარღვევაზე ვერ ისაუბრებთ, რადგან ასეთი მუხლი/პუნქტი არ არსებობს. რაც შეეხება თქვენი უფლებების დარღვევას ამაზე თავად უნდა იმსჯელოთ და ტენდერების კომენტარებით კი არა, შესაბამისი წესით საქმის წარმოება სჭირდება. რაც შეეხება სამართლებრივ პასუხზე, ჩვენ მზად ვართ თანამშრომლობისთვის ნებისმიერ უწყებასთან და მიმართეთ ეს თქვენი უფლებაა. დამტებით გეტყვით რომ, შესყიდვები საქალაქო სამსახურის უფროსის უფლებებს სცდება თქვენი საკითხი, ტენდერის ჩატარება ერთია და თუ პროექტანტმა რაიმე ტიპის კანონმდებლობა დაარღვია როგორც ამბობთ.“
როგორც ხედავთ, კონკრეტულ კითხვას, პროექტის ძირეულ ცვლილებებზე პასუხობს ადამიანი, რომელიც თავადვე ამბობს, არც ისა ვარ, არც ისა, არც ისა და საერთოდ არ ვიცი, რაზე საუბრობთო.
იქვე გვხვდება ირაკლი ჟვანიას კომენტარი:
“დამკვეთის მიერ სატენდერო დოკუმენტაციაში მკაფიოდ არის მითითებული: საქართველოს კანონის “არქიტექტურული საქმიანობის შესახებ“ მე-13, მე-14, მე-15, მე-16 პუნქტების, საქართველოს კანონის „საავტორო და მომიჯნავე უფლებათა შესახებ“ მე-17 პუნქტის შესაბამისად საპროექტო დოკუმენტაციის შემუშავებისას და არქიტექტურული ობიექტის მშენებლობისას პროექტში ცვლილებების შეტანა ხდება მხოლოდ მისი
ავტორის თანხმობით, თუკი ასეთები არსებობენ. ასეთები რომ არსებობენ, ეს კარგად არის ცნობილი როგორც დამკვეთისათვის, ასევე საპროექტო ორგანიზაციისთვის, შესაბამისად საპროექტო ორგანიზაცია ვალდებული იყო შეესრულებინა სატენდერო მოთხოვნა და გაეთვალისწინიბეინა ეს მოთხოვნა პროექტირების დროს, რაც არ მომხდარა, მითუმეტეს რომ ობიექტზე ძირეული ცვლილებებია გათვალისწინებული.
– მომავალში იგივე გარემოების თავიდან ასაცილებლად და კანონის მოთხოვნის შესაბამისად, მოგიწოდებთ ამჯერად მაინც განუხრელად დაცული იქნეს სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნის ეს პუნქტი, დამკვეთის კანონიერი მოთხოვნის შესაბამისად ტენდერში მონაწილე სუბიექტმა გამარჯვების შემთხვევაში შეასრულოს ზემოთხსენებული მოთხოვნა, ანუ უზრუნველოყოს საპროექტო ცვლილებებზე და ჩასატარებელ სამუშაოებზე საავტორო თანხმობის მიღება არსებული კანონმდებლობის და დამკვეთის მოთხოვნის შესაბამისად.
თუ პროექტის შედგენას ეხებოდა, რატომ არ დაიცავით ეს მოთხოვნა პროექტირების ეტაპზე? თუ კანონი თქვენთვის არაა დაწერილი და მხოლოდ სხვას სთხოვთ კანონის დაცვას? გიორგი პაპავა, თქვენ დაარღვიეთ კანონი ჯერ პროექტირების ეტაპზე, როდესაც არ მოსთხოვეთ პროექტანტს თქვენივე სატენდერო პირობის შესრულება. ეხლა არღვევთ კანონს მეორედ, როდესაც საავტორო უფლების თანხმობის გარეშე აცხადებთ ტენდერს სამუშაოების ჩატარებაზე, რაზედაც აუცილებლად გაგეცემათ შესაბამისი სამართლებრივი პასუხი. როგორც ეტყობა თქვენ კარგად ვერ ერკვევით რას ნიშნავს საავტორო უფლებების დაცვა.”
ფული, ბევრი ფული და ძალიან ბევრი ფული:
„გრინსერვის+“–მა ტენდერი მოიგო 11 800 000 ლარად. მისი ერთ–ერთი კონკურენტი კომპანიის შეთავაზება იყო 12`890`000 ლარი და რაკი, გრინსერვის+ სთავაზობდა ნაკლებს, შესაბამისად, ტენდერი მოიგო მან.
თუმცა, მალევე, გრისერვის+ აცხადებს, რომ არ ეყოფა ეს თანხა, რადგან მას საიმედო ელეტრომომარაგების ურუნველსაყოფად, სატრანსფორმატორო ქვესადგურის მოწყობა სჭირდება და ითხოვს თანხის დამატებას. კანონის მიხედვით, ზოგადად თანხის დამატება არ ხდება, თუმცა, გამონაკლის შემთხვევაში, შესაძლებელია საერთოდ თანხის 10 პროცენტის დამატება და გამოიცანით რა მოხდა? დიახ, გრინსერვის+–ს დაუმატეს კიდევ მილიონზე მეტი, ზუსტად 10 პროცენტი და ხელშეკრულების საერთო თანხამ შეადგინა – 12`979`867.77 ლარი.
აქვე გეტყვით, რომ სატენდერო წინადადების ქვემოთ, კიდევ ერთი კითხვაა დასმული:
“მოგესალმებით, თუ საიდუმლო არაა, მიგვასწავლეთ სად იყიდება არმატურა 2650 ლარად?”
სატენდერო წინადადების მიხედვით, კომპანიას, რომელიც მოიგებდა ტენდერს, უნდა ჰქონოდა ტექნიკა – გრინსერვის+–მა განაცხადა, ტექნიკა მაქვსო, აი, პროფესიონალი კადრები თუ ჰყავდა ეგ არავის უკითხავს. შესაბამისად, იქირავა, იქირავა და იქირავა, რაც ბიუჯეტს, საერთო ჯამში 3–ჯერ მეტი დაუჯდა. „კაბელების საქმე“ კარგად გვახსოვს და იქ თუ იყო დაუსაბუთებელი 4 მილიონი, აქ ყველა მილიონი დასაბუთებულია, როგორ გგონიათ? როგორ გგონიათ, შადრევნის რეაბილიტაცია ჯდება 13 მილიონამდე, კომპანიამ კი ჯერ მხოლოდ 6 მილიონი მიიღო და უკვე ჩააბარა სამუშაო და ეს ფული სახლიდან მოიტანა? საკუთარი ჯიბიდან დადო? გვასესხა?
არის თუ არა ამ საქმეში კორუფცია და სისტემური დანაშაული? ხედავთ ამის ნიშნებს? გამოძიება დუმს. თქვენ, ხალხი, ხედავთ ამის ნიშნებს? რა უნდა ვკითხოთ გამოძიებას, რომელიც ასევე სისტემის ნაწილია? რა უნდა თქვას გამოძიებამ, რომელმაც 9 ადამიანი დააკავა და ვერ ამბობს, ვისი ბრალია 13 წლის გოგონას სიკვდილი?
კომენტარები