თბილისის საქალაქო სასამართლოში დავით გარეჯის საქმეზე ჩვენებას აძლევს პარლამენტის ყოფილი წევრი, ჯონდი ბაღათურია, რომელიც ბრალდების მხარის მოწმეა.
ჯონდი ბაღათურია:
„კომისიასთან შეხება არ მქონია. დავით გარეჯს რაც შეეხება, ბევრჯერ ვყოფილვარ. გადავდიოდით მათ შორის იმ ტერიტორიაზე, სადავო რომ გახდა. 2006-2007 წლიდან ჩვენი გადასვლა გაართულეს. 2007 წლის შემდეგ ოპოზიციაში გაჩნდა ეჭვი, რომ ხელისუფლების მხრიდან არაჯანსაღ დამოკიდებულებას აქვს ადგილი. პოლიტიკური ლიდერების მხრიდან იყო განცხადებები, რაც აჩენდა განცდას, რომ ადგილი აქვს ღალატს. 2007 წელს იყო განცხადება, რომელიც ადასტურებს, რომ ეს საკითხი კომისიის დონეზე არ წყდებოდა. გამოიკვეთა, რომ მაშინდელი პრეზიდენტი სააკაშვილი შედიოდა ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან, საზღვარი ისე გავლებულიყო, რომ სტრატეგიული სიმაღლეები და ფერდის ერთი მხარე აზერბაიჯანს გადასცემოდა. 2012 წლამდე რამდენჯერმე გვქონდა მცდელობა, ამ საქმისთვის რეზონანსი მიგვეცა. დროებით ლაგდებოდა ვითარება, რომ არ უნდა დაგვეძაბა პარტნიორ და მეზობელ ქვეყანასთან ურთიერთობა. ვხსნიდით ამ თემას დღის წესრიგიდან, როცა ვიგებდით, რომ ბერები გაატარეს, იმ იმედით, რომ ეს თემა დალაგდებოდა. 2012 წელს მყარად ამოვიდნენ, აღარც ბერებს და აღარც მონასტრის წინამძღვრებს ატარებდნენ. შეუვალები გახდნენ.
საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, ნინო კალანდაძის განცხადებამ დიდი ეჭვი გააჩინა, რომ აქ ღალატს აქვს ადგილი. ქვეყნის მთავარსარდალი გაიპარა იტალიაში, ფოტოები გავრცელდა, მაღაზიებში დადიოდა, ძვირიან საათებს არჩევდა იმ დროს, როდესაც გარეჯში დაძაბული ვითარება იყო. პარლამენტში მისი იმპიჩმენტი მოვითხოვეთ და ბრალი დავდეთ ქვეყნის ღალატში. მთავარსარდალი რომ აკეთებს განცხადებას, მე მთხოვა მეზობელი ქვეყნის პრეზიდენტმა, რომ მას უნდა სტრატეგიული სიმაღლე. სტრატეგიული სიმაღლე ქედის წვერზეა საუბარი. იმპიჩმენტის საკითხი 2012 წელს დავაყენე. ვიცოდი, რომ ჩავარდებოდა, მაგრამ ამას პოლიტიკური მნიშვნელობა ჰქონდა.
2007 წელს პრეზიდენტი (მიხეილ სააკაშვილი) პირდაპირ ამბობს, მე დავავალე ხაზი ისე გაივლოს, რომ სტრატეგიული სიმაღლე იმათ დარჩეთო. რაღაც დოკუმენტია შედგენილი, რომლის საფუძველზეც, აზერბაიჯანელი მესაზღვრეები წინმსწრებით ამოვიდნენ და დადგნენ. როდესაც მელაშვილი აქტიურად დადიოდა მედიაში და ერთ-ერთ გადაცემაში აქტიურად ამტკიცებდა, რაც შენი არ არის, არ არის შენი, ჩიჩხიტურა და ბერთუბანი არ არის ჩვენიო, ღალატი დავარქვი“, – განაცხადა ბაღათურიამ.
სხდომას ესწრებიან ბრალდებულები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვაც, რომელთაც საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილ ქმედებებს ედავებიან.
კომენტარები