თამო კეშელავა, ალია
ცოტა ხნის წინ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ 7 წლის ბავშვის დედა, გურჯაანის მეორე საჯარო სკოლის მასწავლებელს შვილის ცემაში ადანაშაულებს. დედა ჰყვება, რომ მის შვილს სკოლის ტერიტორიაზე, მისივე თანატოლი მავთულით ახრჩობდა და აქვეყნებს ფოტოს, სადაც მთელ კისერზე ჩანს დაზიანების კვალი. დედის მონაყოლით, ბავშვები დამრიგებელმა კლასში აიყვანა და ბავშვს, რომელიც ძლივს გადაურჩა სიკვდილს, სახეში გაარტყა, არ გამოიძახა სასწრაფო დახმარება, არ გაუწია რამე სახის სამედიცინო დახმარება და პირიქით, სცემა, რათა გაეჩუმებინა.
სანამ ეს ამბავი გავრცელდებოდა, მანამდე მშობელმა მიმართა დირექტორს, რესურსცენტრს და 20 დღე ელოდა მათგან რამე სახის ქმედებას. მას შემდეგ, რაც ამბავი მედიაში გავრცელდა, მასწავლებელმა განაცხადა, რომ დაზიანება კისერზე მხოლოდ 3 სანტიმეტრი იყო და… დირექტორმა განაცხადა, რომ მასწავლებელეს კი არ უცემია ბავშვი, „უბრალოდ, სკამზე დასვა“. მასწავლებელმა გათქვა მედიასთან, ბავშვის პირადი მონაცემი და სწორედ ამის გამო, იგი სკოლამ „დასაჯა“ და ის აღარ არის კლასის დამრიგებელი, თუმცა, ისევ პედაგოგად მუშაობს იგივე სკოლაში, იგივე კლასში.
„ალიას“ ესაუბრება ამავე სკოლის ყოფილი მოსწავლე, ვახო სალთხუციშვილი, რომელიც
4 წელია საბერძნეთში ცხოვრობს და სწავლობს. ბოლო პერიოდი ენერგეტიკული
თერაპიის შესწავლას დაუთმო და თვლის, რომ დადგება დრო, როცა ენერგეტიკული
თერაპია ბევრ ადამიანს დაეხმარება გინდ ფიზიკური და ფსიქოლოგიური პრობლემების
დაძლევაში. მისი მთავარი მიზანი ადამიანების დახმარებაა. გვიყვება, რომ მძიმე წლები
გაატარა გურჯაანის მეორე საჯარო სკოლაში და ბოლო წლებში, ყველა დილის გათენება
ზარავდა და აშინებდა.
ვახო სალთხუციშვილი:
– გურჯაანის მეორე საშუალო სკოლაში სწავლა მეორე კლასიდან დავიწყე, მას შემდეგ,
რაც საცხოვრებლად გურჯაანში დავბრუნდით თბილისიდან. პირველი წლები
ყველაფერი კარგად მიდიოდა, გამიმართლა და არაჩვეულებრივი დამრიგებელი შემხვდა.
პრობლემები დაიწყო მეხუთე კლასიდან.
-გახსოვთ, პირველი კონფლიქტი?
-კი, თუმცა, მე მაშინ იმასაც ვერ აღვიქვამდი, რომ ფსიქოლოგიური ძალადობის ქვეშ
ვიყავი, მეტიც, არათუ მეხუთე კლასში, ისე წამოვედი საბერძნეთში, მეთერთმეტე
კლასიდან, რომ მაშინაც ვერ ვაცნობიერებდი. ისე ვიქცეოდი, თითქოს არც
მაინტერესებდა ჩემზე რას ამბობდნენ მასწავლებლები, თითქოს ბოდიში და, ფეხებზე
მეკიდა. ბოლოს კი, სულაც თავს ვადანაშაულებდი და მართლა დავიჯერე, რასაც
მეუბნებოდნენ, რომ მე ვარ შეურაცხადი, ინტრიგანი ადამიანი, რომელსაც არაფერი
შეუძლია და ა.შ. უკაცრავად ამ ტერმინისთვის, მაგრამ როცა ეს შემაძრწუნებელი ამბავი
შევიტყვე, პირველი რაც გავიფიქრე, იყო – ე.ი. გიჟი არ ვარ… პირველი კონფლიქტი
დაიწყო გეოგრაფიის და ბიოლოგიის მასწავლებელთან. სიმღერა ძალიან მიყვარდა. იმ
პერიოდში შეჯიბრებებს ვდგამდით სიმღერაში დასვენებზე, ვმღეროდი ხოლმე მეც,
ერთხელაც თავი შემოყო საკლასო ოთახში მასწავლებელმა და ბავშვების თვალწინ
მომაძახა, რომ ვირივით ვყროყინებ. გადავწყვიტე, რომ სიმღერა არ უნდა შემეწყვიტა და,
ცხადია, დასვენებზე, მაინც ვმღეროდი ხოლმე. ამომიჩემა და მისი გაკვეთილის შემდეგ,
მუდმივად მტოვებდა საკლასო ოთახში დასვენებაზე, რათა ჩემთვის „ჭკუა ესწავლებინა“
და მეუბნებოდა, რომ არაფრად ვარგივარ, ვერაფერს მივაღწევ… რამდენჯერმე, როცა
მშიერი დამტოვა, რადგან, მთელი დასვენება ვყავდი საკლასო ოთახში
დამარტოხელებული სალანძღავად, ჭკუი ვისწავლე და მის გაკვეთილამდე
ვყიდულობდი, რისი ყიდვაც მინდოდა. ერთხელ გადაწყვიტა, რომ ფოტო გადავუღე,
მაიძულა, ჩანთიდან ამომეღო ტელეფონი, მომეხსნა ბლოკი, გახსნა ტელეფონში ყველა
ფაილი, ცხადია, ვერანაირი ფოტო ვერ იპოვა, თუმცა, მაინც მემუქრებოდა, რომ
პოლიციას გამოიძახებდა და ისინი აღადგენენ ფაილებს და თუ რამის წაშლა მოვასწარი,
მაინც ნახავდნენ.
– ვინმეს უყვებოდით?
– დედას, პირველ რიგში, დედა იყო ჩემი ყველაზე დიდი მეგობარი. მოდიოდა ხოლმე
დედა სკოლაში დირექტორთან სასაუბროდ…
– მაშინაც იგივე დირექტორი იყო?
– კი, მაშინაც ეგ იყო, დიდი ხანია მაგ სკოლის დირექტორია.
– რას ეუბნებოდა დედათქვენს?
– ეუბნებოდა, რომ თუ არ მოგვწონდა, შეგვეძლო სკოლა შეგვეცვალა, დედა
ესაუბრებოდა კონკრეტულ პრობლემაზე და იმის ნაცვლად, რომ პრობლემის მოგვარების
გზები ეძებნა, თუ არ მოგწონთ, სკოლა შეიცვალეთო, პასუხობდა, იმას კი არ ამბობდა,
თუ არ მოგწონთ, ან რა მოსაწონია მეხუთეკლასელი ბავშვის ჩაგვრა, მოდი, ერთად
გამოვასწოროთო, არა, სკოლა შეიცვალეთო. ჩემი რა ბრალია, მე რა გავაკეთოო, იმ
კონკრეტულ მასწავლებელს უთხარითო. კონკრეტულ მასწავლებელთან საუბრის
შემდეგ კი, სიტუაცია უფრო მძიმდებოდა, მასწავლებელი იწყებდა ბავშვების
თანდასწრებით ყვირილს, რომ რა უფლება ჰქონდა დედაჩემს, რომ „მიუვარდა“, როგორ
ვბედავდით… ამასობაში დედას ჯანმრთელობის მდგომარეობა რთულდებოდა,
რამდენიმე წელი ძალიან მძიმე იყო მისი მდგომარეობა. მე და დედა მარტო
ვცხოვრობდით და იმ ტელეფონსაც მაგიტომ დავატარებდი, რომ თუ ცუდად გახდებოდა,
დაერეკა, სასწრაფო დახმარებას ვიძახებდით, ახლოს ვცხოვრობდი სკოლასთან და
გავრბოდი. ერთხელაც, როცა გაკვეთილის შემდეგ, ისევ დამტოვა მასწავლებელმა
დასვენებაზე, იმის სასწავლებლად, რომ არავინ ვარ და ვერაფერს მივაღწევ, დედა უკვე
ცუდად იყო და მელოდა, ამიტომ, რა წამსაც გავიდა კლასიდან, უკან მივყევი, რომ
დირექტორისგან, სახლში წასვლის ნებართვა მეთხოვა. შედის მასწავლებელი
სამასწავლებლოში, აგდებს ჩანთას და საოცარი ზიზღით იწყებს ჩემ ლანძღვას. სასწავლო ნაწილის გამგე ეუბნება, აგერ არის და მასვე უთხარიო. სამასწავლებლო სავსეა მასწავლებლებით, გადმომხედა ისტორიის მასწავლებელმა და ამისგან კაცი არ დადგებაო, განაცხადა. ვუპასუხე, რომ ჩემგან ადამიანი დადგება, მაგრამ, მისგან მასწავლებელი არასოდეს. ამ დროს დირექტორი კარში დგას, ზუსტად კარში და ვერ გავდივარ სამასწავლებლოდან, თავს აქნევს, ჩემი პასუხის მოსმენისას. ვდგავარ ოთახის შუაგულში, ყველა მე მომჩერებია, ყველა მე მლანძღავს და მგონია, გადამთელავენ, დირექტორს კი არც ერთი მასწავლებლის რეპლიკაზე არ ჰქონია რეაქცია, მხოლოდ ჩემს პასუხზე…
– შემდეგი წლებიც ასე გრძელდებოდა?
– უარესად, რადგან, დედას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა, ფილტვების
პრობლემაც დაერთო, რაღაც პერიოდი, ადგომაც უჭირდა და მე მას უკვე აღარ
ვუყვებოდი სკოლაში მომხდარს, რათა არ ენერვიულა. შემდეგ უკვე გაგდებით
მემუქრებოდნენ და პირდაპირ მეუბნებოდნენ, რომ სხვა სკოლაც არ მიმიღებდა და
განათლებას ვერსად მივიღებდი.
– სხვა მასწავლებლები როგორ იქცეოდნენ?
– მყავდა მასწავლებელი, რომელიც მასწავლიდა ინფორმატიკას, მაგრამ იყო
ფსევდორელიგიის მიმდევარი და გვაიძულებდა მისი ნაცნობი მოძღვარი, რომ რაღაც
წიგნს წერდა, ის ხელნაწერები დაგვებეჭდა. ქართულს მასწავლიდა ადამიანი, რომელმაც
გამოგვიცხადა, რომ იესო ქრისტე ჩამოახრჩვეს. გვყავდა მასწავლებელი, რომელიც
ხელითაც ეხებოდა ბავშვებს. მახსოვს, ერთხელ ერთ ბავშვს ისე გაარტყა, სახე
დაულუჯდა და რამდენიმე დღე ეტყობა ამ ბავშვს ბეჭდის კვალი. მოვიდა ბავშვის დედა
განერვიულებული, როგორი სანახავია სკოლიდან რომ ბავშვი დალურჯებული მივა
სახლში, იყვირა, იჩუხუბა და… მერე ბავშვი სხვა სკოლაში გადაიყვანა, ეტყობა, მასაც
უთხრეს, თუ არ მოგწონს, გადაიყვანეო… ერთხელ შემომთავაზეს, რომ რეფერატი
დამეწერა, კარგად ვწერ. დავწერე, მივიტანე, ჯერ სასწავლო ნაწილმა წაიკითხა, შემდეგ
დირექტორმა, შემდეგ ქართულის მასწავლებელმა და… არ მოეწონათ. გამომიცხადეს,
ჩვენ დავწერთ, ჩვენ როგორიც მოგვეწონება და შენ მხოლოდ შენ სახელს და გვარს
დააწერო. უარი გამოვაცხადე, ასეთი არც ჯილდო მჭირდება და არც გამარჯვება-თქო. ამის
შემდგე სასწავლო ნაწილის გამგემ უარესად ამითვალწუნა… მე ხელით არ მეხებოდნენ,
მაგრამ მაშინაც, როცა სხვა ბავშვს ეხებოდა ხელით მასწავლებელი, პირველი მე
ვყიროდი, რომ ამის გაკეთება არ შეიძლებოდა. ვიყავი ჩართული საორგანიზაციო
საკითხებში, დავდიოდი ადგილობრივ გაზეთში პრაქტიკებზე, ვწერდი სოციალურ
ქსელში პოსტებს. ერთხელაც, რამდენიმე თვის დაწყებულია სასწავლო წელი და არ
გვაქვს რუსულის წიგნი, ვერ გავდივართ მასალას, თუმცა, საკონტროლოებს ვწერთ და
არავინ ვიცით, რას ვწერთ. დირექტორს შევთავაზე, ფულის აგროვება და წიგნების
ყიდვა. დირექტორმა ფულთან დაკავშირებით რაღაც მოხდა ბიბლიოთეკაში და მალე
მოვა წიგნებიო. წიგნები არ მოსულა და გამიჩნდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ წიგნების
ფული, დირექციამ შეჭამა. ამ დროს, სასწავლო ნაწილის გამგე ითხოვდა, მისგან რაღაც
წიგნები გვეყიდა, თუ ნიშანი გვინდოდა, მასთან მოვმზადებულიყავით და როცა
მეუბნებოდა, გესმის, რასაც გეუბნები? – მაგ დროს ითხოვდა, რომ მისთვის თვალებში
მეყურებინა.
ქიმიას მასწავლიდა მასწავლებელი, რომელიც, პირდაპირი გაგებით ბილწსიტყვაობდა, არ გეგონოთ, რომ სულელებს გვეძახდა, ან უჭკუეობს, პირდაპირ
გვაგინებდა და გვაფურთხებდა. სიმართლე გითხრათ, მაშინ მის ამ ქცევაზე ყველას
გვეცინებოდა. მერეღა დაფიქრდი, რა მაცინებდა? განათლების მიღების ნაცვლად,
ვიღებდი გნებას, რა გვაცინებდა?
იმ პერიოდში თმების გაზრდა დავიწყე, საშინლად არ მომიხდა, სიმართლე რომ ვთქვათ, მაგრამ ქიმიის მასწავლებელმა გამომიყვანა დაფასთან, კლასის წინ დამაყენა და მითხრა, რომ თმები უნდა შევიჭრა, კაცურად უნდა გამოვიყურებოდე და საერთოდაც, დროა, იმ ბიჭებთან ვიმეგობრო, რომლებიც, ყველამ იცოდა, რომ სკოლის უკან, ტუალეტებში, თუ სკოლის გვერდზე რაღაცა აფეთქებულ შენობაში ეწეოდნენ, სკოლაში დანებით და კასტეტებით დადიოდნენ, „რაზბორკებს“
აწყობდნენ. ამის შემდეგ, პროტესტის ნიშნად, თმების გაზრდა გავაგრძელე. ამ პერიოდშიც დედა ისევ მძიმედ იყო ავად და მასწავლებლები, რომლებიც ყველას თანდასწრებით მაყენებდნენ შეურაცხყოფას, მერე უსირცხვილოდ მეკითხებოდნენ დედის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.
სოციალურ ქსელში ვწერდი წერილებს სკოლაში მომხდარზე, ოღონდ, სახელის და გვარების გარეშე, თუმცა, ყველა ხვდებოდა ვისზე ვწერდი და ჩემ წერილებს მასწავლებელები განიხილავდნენ სამასწავლებლოში, ამით იწყებოდა დილა და შემდეგ შემოდიოდნენ გაკვეთილებზე. მალე ამას მოჰყვა მუქარა, მასწავლებლების მხრიდან, რომ მათი შვილები დამხვდებიან ქუჩაში და რამეს დამიშავებენ. სკოლიდან სახლამდე და სახლიდან სკოლამდე სულ მქონდა განცდა, რომ ახლა დამესხმებიან თავს და ახლა. მეზიზღებოდა ყოველი დილის გათენება და მეშინოდა. ფიზიკურად თავს არავინ დამსხმია. იცოდნენ, რომ არ გავჩუმდებოდი და იქნებ, ამიტომაც, არ ვიცი. მაგრამ, უამრავჯერ გამიგონია ზურგსუკან გინება. თეთრი „რაფი“ მახსოვს განსაკუთრებულად ხშირად, ჩამივლიდა და ფანჯრიდან ვიღაც მუდამ მაგინებდა.
იმდენი მოახერხეს, რომ ბოლოს მთელი კლასი ამიმხედრეს. ერთხელაც შატალოზე წავედით, მონასტერში მივედით. იქ გადაღებული ფოტო ჩემ გვერდზე დავდე, ოღონდ მხოლოდ მეგობრებისთვის. მეორე დღეს, მოვარდა სასწავლო ნაწილის გამგე, შენ თავი ალენ დელონი ხომ არ გგონია, რომ გამოდე ფოტო, მანდატურმა ნახა და ხომ არ გინდა, საქმე პოლიციამდე მივიდეს, რადგან გაკვეთილების პერიოდშია ეს ფოტო გადაღებულიო. დამრიგებელმა ჩანიშნა კრება, ოღონდ, გადაწყვიტეს, რომ ამ კრებაზე მხოლოდ ბავშვები უნდა იყვნენ და დაე, მათ გადაწყვიტონ ჩემი ბედი. იქ ისეთები მოვისმინე თანატოლებისგან, მერჩივნა მიწა გამხეთქოდა. ვხვდებოდი, რომ ეს ის ბავშვები იყვნენ, რომლებიც დამრიგებელთან ემზადებოდნენ და რომ ბავშვები დამრიგებლის ენით მესაუბრებოდნენ, მაგრამ მაინც ძალიან მტკივნეული იყო. ალბათ, გაგიჩნდათ კითხვა, რატომ არ გადავედი სხვა სკოლაში, ხომ? მე მაშინ მეგონა, რომ სხვა სკოლაშიც იგივე პრობლემები მექნებოდა, ამიტომ, სხვა სკოლაში გადასვლის აზრს ვერ ვხედავდი. ბოლო პერიოდში, ვცდილობდი სკოლაში ნაკლებად მევლო, ხან თავის ტკივილს ვიმიზეზებდი, ხან ტემპერატურას, ხან მუცელი „მტკიოდა“, მაგრამ მერე მივხვდი, რომ ამდენი გაცდენით, შეიძლებოდა კლასში ჩავრჩენილიყავი და ამ მასწავლებელთა ატანა კიდევ ერთი წელი უნდა მეთმინა. სხვათა შორის, მინდოდა ექიმი გამოვსულიყავი, მაგრამ ბიოლოგიის და ქიმიის მასწავლებლებმა, ამ საგნების შესწავლის სერვილი ისე ჩაკლეს ჩემში, საერთოდ დამავიწყდა, რომ ექიმობა მსურდა.
-დირექტორი საერთოდ არაფერზე რეაგირებდა?
– დირექტორი ქვეშქვეშა ადამიანია, ბოდიში, არასოდეს არ ჩანდა, არასოდეს იყო იქ,
სადაც უნდა ყოფილიყო, არასოდეს. ახლაც, ამ შემთხვევაშიც ცდილობს თავიდან
აირიდოს ყველა პასუხისმგებლობა. იმდენი რამე შერჩათ, როგორც ჩანს, ახლაც
ფიქრობდნენ, რომ ესეც შერჩებოდათ.
– მანდატურები? არც ისინი ცდილობდნენ მდგომარეობის გამოსწორებას?
– ჩემი სკოლის წინ იყო თონე, ჩემ დროს ვინც იყვნენ მანდატურები, მაგათგან მხოლოდ
ის მახსოვს, რომ იმ თონეში გვიშვებდნენ, რომ მათთვის პური გვეყიდა და შევიდოდნენ
ოთახში და ჭამდნენ, მიუხედავად იმისა, რომ სკოლის ტერიტორიაზე კამერები იყო,
არავინ აკონტროლებდა.
– ახლა, როგორც სიუჟეტში ვნახეთ, ახალგაზრდა ქალია მანდატური, რომელსაც, როცა
ჰკითხეს, სად იყო, დაინახა, თუ არა, რომ 7 წლის ბავშვი კინაღამ დაახრჩვეს, განაცხადა –
მიმართეთ პრესცენტრსო და თავად თუ არ აქვს ამაზე პასუხი, პრესცენტრმა საიდან
უნდა იცოდეს, იყო, თუ არა ადგილზე?
– ეგ ახალგაზრდა გოგო ტელეკომპანია „გურჯაანში“ მუშაობდა, ჟურნალისტი იყო.
ყოველთვის ვამბობდი და ვიტყვი, არავითარი როლი მანდატურს სკოლაში აღარ გააჩნია.
თქვეს, რომ მანდატურებად იმუშავებდნენ ადამიანები, რომლებსაც ფსიქოლოგიური
მომზადება ექნებოდათ გავლილი. ასე არ მოხდა. რა ფულიც მანდატურის სამსახურში
იხარჯება, იმ ფულით კარგი ფსიქოლოგი დაიქირაონ, სჯობს. სკოლის უკანა მხარეს და
გვერდზე, შეიძლება განმარტოება, თუმცა, მაინც, იქაც ხშირად დაგვინახავს ჩვენც და
მასწავლებლებსაც შეკრება, მოწევა და „რაზბორკები“, მაგრამ დაწყებითი კლასების
ბავშვები წინა მხარეს იკრიბებიან ყოველთვის, იქ, სადაც მასწავლებლებიც არიან და ჩემ
დროს, უყურადღებოდ არ რჩებოდნენ, ნამდვილად. ასე რომ, არ მჯერა, იქ ვინმე არ
ყოფილიყო და ამ ფაქტს ვინმე არ შესწრებოდა.
-ის კონკრეტული მასწავლებელი, რომელსაც ახლა 7 წლის ბავშვი ადებს ხელს, რომ
შეშინებულს, ატირებულს, დამშვიდების მაგიერ სცემა – გასწავლიდათ?
– მე არა, მაგრამ ასწავლიდა ჩემ დას და როგორც მე ვიცი, ბევრ ბავშვს უსწორდებოდა
სწორედ ამ გზით, ბევრი ბავშვისთვის გაურტყამს და დაუშინებია. ამბობს იქ არ ვიყავიო,
მაგრამ თან ჰყვება, ასე დაიწყო ბავშვების ჩხუბიო და თუ იქ არ იყო, საიდან იცის? სხვა
ბავშვის მონაყოლის სჯერა და იმ ბავშვის არა? რატომ? ამის დაჯერება მეტად „აწყობს“?
მისთვის სასარაგებლო ეს ვერსიაა?
– იყვნენ მასწავლებლები, რომლებიც კარგად გექცეოდნენ?
– კი, იყვნენ მასწავლებლები, რომლებიც ჩუმად მეუბნებოდნენ, რომ არ უნდა დავნებდე,
რომ კარგი ადამიანი გამოვალ, რომ მწერალი გავხდები, რომ ყველაფერს შევძლებ. ორი
მასწავლებელს გამოვყოფ განსაკუთრებით, მაგრამ მათ გვარებს არ დავასახელებ. ახლა
კი არა, მაშინაც, როცა ბავშვი ვიყავი, მესმოდა, რომ მათ შესახებ არაფერი უნდა მეთქვა,
რადგან ვიცოდი, რომ მე წამოვიდოდი ამ სკოლიდან და მათ იქნებ, იმ სკოლაში და იმ
მასწავლებლებთან ერთად მოუწიოთ ცხოვრების გატარება და არ მინდა ჩემ გამო
კონფლიქტი შეექმნათ.
– როდის გაანალიზე, ის, რაც სკოლაში ხდებოდა?
– როცა საბერძნეთში ჩამოვედი. რადგან ენა არ ვიცოდი, მომიწია ენის სწავლა და ბოლო 2
წლის სკოლის მასალის თავიდან გავლა სპეციალურ სკოლაში. იქ გავიგე, რას ნიშნავს
მოსწავლე და რას ნიშნავს მასწავლებელი. მართლა პირველყოფილიყივით ვიყავი.
სრულიად სხვა მიდგომა, ფსიქოლოგიურად გამზადებული ადამიანები. ენის ბარიერი
იყო, ზოგმა არც ბერძნული იცოდა, არც ინგლისური და ყველა ღონეს ხმარობდნენ, რომ
გაგვეგო, სიტყვებს ქმედებებით განასახირებდნენ. ახლაც ვხვდები იმ მასწავლებლებს
შაბათ-კვირას, გავდივართ, ვსხდებით, ვსაუბრობთ. მათი დახმარებით ამოვისუნთქე.
ახლა, თუ ჩემი რომელიმე მეგობარი იტყვის, რომ ცხოვრება რთულია, მე ვპასუხობ, რომ
არა, დღე შეიძლება იყოს რთული, ცხოვრება არა, ცხოვრება ლამაზი და ლაღია. ამას ძველი
ვახო არ იტყოდა.
– ახალი ვახო როგორია?
– იმედიანი, გაწონასწორებული ფსიქოლოგიურად ძლიერი, მიზანდასახული,
ორიენტირებული მომავალზე.
-ამ გადასახედიდან, რა რჩევა შეგიძლიათ მისცეთ იმ ბავშვის მშობლებს, რომლებიც ახლა უჩივიან გურჯაანის მეორე სკოლის მასწავლებელს? სხვათა შორის, ვერც მათ გვერდით ვხედავ სკოლის სხვა მოსწავლეთა მშობლებს.
-სხვა მშობლებს ეშინიათ, ფიქრობენ, რომ შესაძლოა, მათ შვილებზე გადატყდეს მერე ჯოხი სკოლაში. არ ესმით, რომ სიჩუმით პრობლემა ვერ გვარდება, მხოლოდ ღრმავდება. ცხოვრებამ მასწავლა, რომ არ არის აუცილებელი რჩევა და დახმარება მიიღო მეზობლისგან, 21-ე საუკუნეა, არსებობს ინტერნეტი, სოციალური ქსელი, დამხმარების მიღება და გაცემა შეგვიძლია დედამიწის ნებისმიერი წერტილიდან. არ გაჩუმდნენ, არ დანებდნენ. ბევრი ადამიანისთვის მაგალითნი არიან, ბევრი ბავშვი და ბევრი მშობელი უყურებს ახლა მათ და ფიქრობ, თუ ისინი მივლენ სიმართლემდე, იქნებ მათაც ეშველოთ. მაქვს განცდა, რომ ჩემ ნაწილსაც შეეხნენ, იმას აკეთებენ, რისი გაკეთებაც მინდოდა. სხვათა შორის, ჩვენ, თინეიჯერები სიტყვიერად მაინც ვიცავდით თავს, ვეპასუხებოდით, დაწყებითი კლასის მოსწავლეები ბევრად უსუსურნი არიან და ახლა მათაც მისდგომიან, სამწუხაროდ… მინდა ასევე მივმართო ადამიანებს, რომლებიც მწერენ და მიყვებიან თავის ისტორიებს, კარგია რომ მიყვებით, მოგისმენთ, მაგრამ შეგიძლიათ სხვებსაც მოუყვეთ, ღიად ისაუბროთ. და ბოლოს, მივმართავ შესაბამის უწყებებს, თუ თქვენ გეზარებათ ამის გაკეთება, ან ცოტა დრო გაქვთ, ან სხვა ტიპის პრობლემები, დამიკავშირდით და გეტყვით სახელებს და გვარებს, რომელი მასწავლებლები უნდა შემოწმდნენ ამ სკოლიდან პირველ რიგში ფსიქოლოგიურად, რადგან, ვთვლი, რომ ამ სკოლაში არიან მასწავლებლები, რომლებიც საშიშნი არიან ბავშვებისთვის, საზოგადოებისთვის.
„ალია“ დაუკავშირდა გურჯაანის მეორე საშუალო სკოლის დირექტორს, ლია გუგულაშვილს.
პირველ ჯერზე გვითხრა, რომ „ვერ გვიპასუხებს, იმიტომ რომ ტრენინგზეა“.
კარგია ტრენინგები, მაგას რა სჯობს, ოღონდაც კარგი ტრენინგები.
დავუკავშირდით მეორედ, დათქმულ დროს:
-თქვენ ყოფილ მოსწავლეს ვესაუბრე, ვახო სალთხუციშვილს, გახსოვთ ასეთი
მოსწავლე?
– დიახ, მახსოვს.
– როგორი მოსწავლე იყო?
– კარგი მოსწავლე და კარგი ადამიანი.
– გვიყვება, რომ თქვენ სკოლაში მუდმივად იყო ფსიქოლოგიური ძალადობის ქვეშ,
ამბობს, რომ თქვენ საქმის კურსში იყავით, თუმცა, არ გქონდათ რეაგირება.
– ასეთ თემებზე კომენტარს ვერ გავაკეთებ.
– როგორ თემებზე?
– არ მაქვს უფლება ასეთ თემებზე გავაკეთო კომენტარი.
– ცოტა ხნის წინ, განა თქვენ არ გააკეთეთ კომენტარი მედიასთან, როცა 7 წლის ბავშვის
მშობელმა ძალადობაში დასდო ბრალი მასწავლებელს? ზოგ ბრალდებას პასუხობთ და
ზოგს – ვერა?
ტუ-ტუ-ტუ…
გამითიშა.
რას ასწავლით, ბატონებო და ქალბატონებო ამ ტრენინგებზე დირექტორებს ასეთს?
კომენტარები