თამო კეშელავა, ალია
„ალიას“ ესაუბრება „ვაკის პარკის რეაბილიტაციის“ პროექტის ავტორი, შალვა ქურიძე, რომელმაც ბოლო დროს ბევრ სატელევიზიო გადაცემაში მიიღო მონაწილეობა, თუმცა, ჩემი აზრით, სათქმელი ბოლომდე ვერ ამოწურა.
– როდის ჩაბარდა ვაკის პარკის რეაბილიტაციის პროექტი და ვინ იყო დამკვეთი?
– პროექტი ჩაბარდა 2020 წლის დეკემბერში. თბილისის მერია იყო დამკვეთი.
– და რეაბილიტაციის ღირებულება განსაზღვრული იყო, 13 მილიონის ფარგლებში მაშინც?
– დიახ.
– 2021 წელს გამოცხადდა ტენდერი, იმავე ფასით (ტენდერი გამოცხადდა სექტემბრის ბოლოს და ხელშეკრულება დაიდო ოქტომბერში), სატენდერო წინადადების ბოლო, დასმულია კითხვა: „თუ საიდუმლო არაა, მიგვასწავლეთ სად იყიდება არმატურა 2650 ლარად?“ – რამდენად რეალური იყო იგივე ფასი ლამის 1 წლის შემდეგ?
– ხარჯთაღმრიცხველი სარგებლობს კვარტალური გამოცემით, სადაც მოცემულია ფასები და სწორედ ამის მიხედვით შევადგინეთ ხარჯთარღიცხვა 2020 წლის დეკემბრისთვის. კვარტალურად ფასები იცვლება. სანამ სამშენებლო ტენდერს გამოაცხადებენ, მანამდე ბაზრის კვლევას ატარებენ დამატებით, იღებენ საწარმოებისგან ფასებზე ინფორმაციას, საშუალო არითმეტიკული გამოჰყავთ და იმის მიხედვით. პროექტის შედგენიდან ტენდერის გამოცხადებამდე 3 კვარტალი იყო გასული. ასე რომ, მე ნამდვილად ვერ გეტყვით, ახალ ხარჯთაღიცხვაზე ვერაფერს.
– პროექტმა ცვლილებები განიცადა ისე, რომ თქვენ, როგორც პროექტის ავტორს, არ შეგატყობინეს – რამდენად სწორი ნაბიჯი იყო ეს?
– ტექნიკური ნაწილის ცვლილებისას, არ არის სავალდებულო ავტორთან შეთანხმება. ტექნოლოგიური ცვლილება საინჟინრო ნაწილში, მომიჯნავე უფლებებია. მშენებელს შეუძლია დაუკავშირდეს დამკვეთს და მასთან შეთანხმებით მოხდეს ამ ცვლილებების განხორციელება. ტექნოლოგიური ნაწილის ცვლილებებში ჩართვას კანონი მიკრძალავს – არქიტექტურული საქმიანობის შესახებ კანონი მეუბნება, რომ მე არ მაქვს უფლება, ვიყო დამკვეთის წარმომადგენელი ხელშეკრულების დადების დროს, მიღება–ჩაბარების აქტის შედგების დროს და ტექნიკური ზედამხედველობის დროს, უფლება მაქვს ვიყო მხოლოდ საავტორო ზედამხედველი. არის მეორე კანონი საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ – მაგალითად, კომპოზიტორი ხართ და დაწერეთ მუსიკა – მომიჯნავე უფლებები აქვს შემსრულებელს, ორკესტრს – მათ უფლება აქვთ, თქვენ გარეშე ნებისმიერი არანჟირებით შეასრულონ შენი ნაწარმოები, თუ შენ ეს ნაწარმოები გაყიდე და მას მესაკუთრე ჰყავს.
– ამ შემთხვევაში მესაკუთრე იყო თბილისის მერია და შემსრულებელი „გრინსერვისი+“
– დიახ, მე ხომ ვერ დავწერ პროექტში, რომელი ქვეყნის წარმოებული არმატურა იყიდოს, ან რომელი კომპანიის ცემენტი. ასევეა აგრეგატებიც. როცა მინდა 22 მეტრიანი ჭავლი, ეს უნდა მივიღოთ და რამდენიმეფერიანი განათება უნდა ჰქონდეს. ტექნიკურად, როგორ შემისრულებს ამას, მისი გასარჩევია, ოღონდ – დამკვეთთან კომუნიკაციით, დამკვეთს ეუბნები, ამა და ამ კომპანიებთან ვთანამშრომლობ, ვაკეთებ ამისგან და ამისგან და მიიღო მისგან თანხმობა, ან არ მიიღო, არ ვიცი.
– პროექტის მიხედვით, უსაფრთხოების რამდენი დამცავი უნდა ჰქონოდა შადრევანს?
– ჩვენ ერთი კარადა არ გვქონდა განსაზღვრული, პროექტის მიხედვით, განსაზღვრული იყო 11 დამოუკიდებელი კარადა, რომ ცალ–ცალკე ემუშავა აგრეგატებს და დატვირთვები განაწილებულიყო თანაბრად.
– რეალურად, რამდენი კარადაა?
– ჯერ არ ვიცით, რადგან 2 ბლოკია გაკეთებული შადრევნის და ჯერ რაც დაყენდა, ერთი კარადაა.
– პროექტის მიხედვით, რა ტიპის სამუშაოები იყო გაწერილი?
– სატენდერო წინადადებაში ატვირთულია ჩვენი პროექტი, მრგვალი შადრევანი – აგრეგატები უნდა გამოცვლილიყო, განათებები, ტუმბოები – და უნდა გარემონტებულიყო – გარემონტებაში იგულისხმება დეკორატიული ელემენტების რესტავრირება. პროექტის მიხედვით, მისი დაშლა აწყობაა გაკეთებული, რის შედეგადაც ტუმბოები შიგნით შადრევანშია მოთავსებული.
– შეიძლებოდა მაგ ტუმბოების ჩადგმა შადრევანში?
– თუ პარამეტრებით ეს ჩაძირული ტუმბოებია, შეიძლებოდა ჩადგმა, მე ხარისხზე არ ვსაუბრობ. წყლის ტუმბო, ჩაძირული ტუმბო, შადრევანში უნდა ჩადგა, ან რეზერვუარში, ცხადია.
– მერიის მაღალჩინოსანმა ასეთი ფრაზა თქვა – არ უკეთდება შადრევანში ჩადგმულ ტუმბოს დამიწებაო – მართალია?
– სახლში ხომ გაქვთ ტელევიზორი – კაბელი რომ გადაჭრათ, ორი წვერის გარდა, კიდევ არის მესამე წვერი, ყვითელი, აი, ის არის დამიწება. ნებისმიერ აგრეგატს, დამიწების კონტური აქვს. ცხადია, ცალკე აღებული ეს კონტური ვერ იმუშავებს, მასთან თუ არ იქნება მიყვანილი დამიწება. დოკუმენტაციაში წერია, რომ ყველა არააქტიური მეტალის ელემეტი უნდა იყოს დამიწებული, ეს გულისხმობს იმას – რომ დეკორატიულია ელემენტი, თუ არა, დენზე არაა მიერთებული, მაგრამ მეტალისაა, უნდა იყოს დამიწებული. დამცავი სისტემები, რომლებიც ჩვენ გვქონდა ნაგულისხმევი ესენია:
1. აგრეგატს 2 დამცავი სისტემა აქვს, ერთია კომპიუტერული მართვის ინფორმაციული კაბელი, რომელიც ნებისმიერ შემთხვევაში, კომპიუტერს აწვდის ინფორმაციას, რომ თუ რამე შეუსაბამობა ხდება, ან გაუგებრობა, ავტომატურად ანულებს მთელ ელექტრომოწოდებას;
2. მეორე ის არის, რომ აგრეგატს დამიწება აქვს;
3. ასევე, ავტრომატურ ფარში, ე.წ. ტვინში, არის კიდევ თავისი კონტროლის სისტემა;
4. ვინაიდან ფარზე, ძრავებზე და განათებებზეა საუბარი, ბუნებრივად, გავწერეთ დამატებითი ამომრთველების დაყენება. იმაზე მეტი ამომრთველები იყო პროექტის მიხედვით, ვიდრე საჭიროებდა.
თუ რეზერვუარში გაქვთ ტუმბოები, მას გაჟონვის რელე არ სჭირდება, აი, შადრევანში როგორც კი დგამთ ელექტროაგრეგატებს, მას უკვე სჭირდება გაჟონვის რელე. დამოუკიდებლად ყველაფრისა, გაჟონვის რელე, ავტომატურად აგდებს და თიშავს ელექტროენერგიას. გაჟონვის რელეს უნდა ემუშავა. ექსპლუატაციაში მიღებამდე კი, აუცილებლად უნდა მოხდეს ნულოვანი დამიწების ტესტირება. შეამოწმებენ ამას და თუ დამიწება არ მუშაობს, არკვევენ, რის გამო არ მუშაობს.
–„შევამოწმეო“ გრინსერვის+–მა, წინა დღეს ჩემი ორი თანამშრომელი იყო ჩასული, ფორმა ჰქონდა ერთს დახეული, დასველდა, მაგრამ დენმა არ დაარტყაო… ასე გაწირეს გახეული ფორმით, შადრევანში ჩაგზავნილი თანამშრომელიც და ვულოცავ გადარჩენას.
– ცხადია, ასე არ ხდება შემოწმება. ტექნიკური ზედამხედველობა ობიექტზე ხორციელდება აკრედიტირებული სპეციალისტის, ან იმ კომპანიის მიერ, ვისაც სპეციალური აპარატურა აქვს. გუგლში, საძიებოში ჩაწერეთ – დამიწების წინაღობის გაზომვა. სპეციალური ინსტრუმენტებით მოწმდება დამიწების კონტური მუშაობს, თუ არა. სიმულაციასაც აკეთებს აპარატი, მოკლე ჩართვასაც. ამხელა ელექტრო ფარი გაქვს გაკეთებული და დამიწება არ ნახო აპარატურით – აბსურდია.
– კომპანიას, რომელმაც ჩაატარა შუალედური ექსპერტიზა, აკრედიტაციაც არ ჰქონდა მაგის შესამოწმებლად, მეტიც, პირველივე გვერდზე წერს, რომ ის მხოლოდ ფორმა 2–ებს ამოწმებს და დოკუმენტაციას. ამ კომპანიისთვის არც არავის მიუმართავს ტექნიკური შემოწმების ჩატარების თხოვნით და წერს, რომ დასკვნის მოსამზადებლად გამოიყენა სულ 4 ხელსაწყო – ციფრული ფოტოაპარატი, ელექტრო მანძილმზომი, საზომი რულეტი და შტაგენფარგალი. ხომ ცხადია, რომ არც ერთი ამ ხელსაწყოთი ვერ გაიგებ, დამიწება მუშაობს, თუ არა?
– თუ მას არ ჰქონდა დაკვეთილი ამის შემოწმება, ვერ შეამოწმებდა, ცხადია. არის კომპანია, რომელსაც სერიოზული აპარატი აქვს, დადის და აგრეგატებს ამ კუთხით გიმოწმებს.
– მეორე დღეს, 14 ოქტომბერს, სვეტიცხოველში, აღმოჩნდა, რომ იყო დენის სადენი დაზიანებული, დააბიჯა ბავშვმა ფეხი, იმუშავა უსაფრთხოების სისტემამ, გამოირთო დენი და ყველა დარჩა სიბნელეში, კი, ბატონო, მაგრამ ცოცხლები და უსაფრთხოდ.
– 220 ვოლტი იყო ის, აქ 380 ვოლტი… იმწუთას უნდა ამოეგდო. ავტომატს თან ამოგდების მაღალი კოეფიციენტი უნდა ჰქონდეს.
– საუბრობენ იმაზეც, რომ 380 ვოლტი საერთოდ არ უნდა ყოფილყო შადრევანში, შეიძლებოდა ყოფილიყო?
– შედით საიტზე oase.com, ეს არის მსოფლიოში წამყვანი კომპანია, იმ სამეულში გადის, რომელიც ამზადებს შადრევნებს, აკვარიუმებს, ხელოვნურ გუბურებს და ჩანჩქერს – აქვს კატალოგი, სადაც არის ტუმბოებიც. უამრავი ტუმბოა – ყველას მითითებული აქვს რამდენ ვოლტზე მუშაობს, რამდენ ვატიანია, სიმძლავრე როგორი აქვს, რამდენფაზიანია – არის უნივერსალური ტუმბოებიც, კლასიკური ტიპის და ა.შ. ბევრნაირია. არის სამფაზიანი ტუმბოებიც, რომლებიც 380 ვოლტზე მუშაობს.
– გასაგებია, შესაძლებელია რომ იყო 380 ვოლტიანი ტუმბო შადრევანში ჩადგმული, მაგრამ პარამეტრები უნდა იყოს დაცული.
– დიახ, ბატონო. აუცილებლად. კიდევ ერთ რამეს გასწავლით, რაც ექსპერტებსაც უჭირთ ხოლმე – უსაფრთხოების დონე – ანუ, აგრეგატი რამდენ მეტრზეა ჩაძირული წყალში. შეუძლებელია ცალკე გქონდეს წყალი და ცალკე გქონდეს ელექტროობა, როგორ უნდა შეაჯერო ესენი? ელექტროინჟინერია და ჰიდროინჟინერი ერთმანეთთან როგორ თანამშრომლობს? მათ აქვთ საერთო უსაფრთხოების დონე. ახლა ავსხნათ უსაფრთხოების დონე რას ნიშნავს და მკითხველს შეუძლია მოძებნოს, ამ შემთხვევისათვის აიპი68 – აიპი კოდი არის დაცვის ხარისხი – პირველი ციფრი განსაზღვრავს შეღწევადობის დონეს – თუ პირველი ციფრია 6 – იქ დაუშვებელია შეღწევადობა. აიპი67 მაგალითად, ნიშნავს იმას, რომ თქვენ რომ ჩამრთველი გაქვთ ფასადზე გარედან, ის დახურული უნდა იყოს. კიდევ უფრო მარტივად რომ ვთქვა, აიპი 67 გულისხმობს 1 მეტრამდე წყალში გამძლეობას. 8 კი ნიშნავს რომ 1 მეტრზე ქვემოთ – აიპი68 – ს სტანდარტს შადრევნებში კი არა, მყვინთავების აპარატურაში, მაჯის საათებშიც იყენებენ.
– პროექტის მიხედვით, როგორ იყო განსაზღვრული უსაფრთხოების დონე?
– პროექტებს რომ ნახავთ, აუზში 68 აქვს მითითებული და გარე რაც აყენია, იმას 65, ან ზოგან 55.
– და რეალურად?
– რეალურად რა დააყენეს, მე ხომ რა ვიცი? აიპი68 არის კომპლექტური, გულისხმობს წყალსაც, მტვერსაც. აგრეგატს უნდა მოყვეს ეს. ტუმბო კია ჩაძირული, იმ ტუმბოს პასპორტშიც შეიძლება ეწერა 68 და დავუშვათ, მწარმოებელმა მოატყუა? – არ ვიცი, ეწერა 68? – არც ეგ ვიცი.
– იმ 2 ხელოსანს კაბელის დაზიანებას რომ ედავებიან, თითოს რომ 150 ლარი გადაუხადეს, არც ფორმა მიუციათ, გააყოლეს ვიღაც პირი, რომელიც იმ ორ ხელოსანს სამუშაოს ზედამხედველი პირი ეგონათ და აღმოჩნდა, რომ არც ეს პირია სამუშაოს ზედამხედველობაზე პასუხისმგებელი – რომც გაეფუჭებინათ რეალურად ეს კაბელები, ამომრთველს არ უნდა ემუშავა?
– კი, ბატონო. უნდა ემუშავა, თუ სწორად იყო შეერთებული. მაგას იძიებს ექსპერტიზა, რატომ არ იმუშავა. დაველოდოთ, ექსპერტიზის პასუხს, მაგრამ, მე როგოც ვიცი, თუ ტუმბოს წყალში დგამ, ავტომატს როცა ყიდულობ, მას უნდა ახლდეს გაჟონვის რელე. გაჟონვის რელეს სახლებშიც იყენებენ, აბაზანაში რომ შეგყავს ელექტროენერგია, იქაც უნდა გეყენოს ეს რელე. თუ დარღვეულია აიპი68 შტეფსელში და თუ გაჟონა ავტომატურად გათიშავს ელექტროენერგია. თმის საშრობი თუ ჩაგივარდათ აბაზანაში და გაჟონვის რელე გიყენიათ, ამოაგდებს მყისიერად.
– წამოვიდა მოსაზრება, რომ თურმე შადრევანში არ უნდა ჩავიდეს ბავშვი, თურმე, უცხოეთში ყველა შადრევანში აკრძალულია ჩასვლა – ასეა?
– პარიზშია ასეთი შადრევანი ვულკანი ჰქვია, გაზაფხულზე იქ ადამიანი დაიღუპა, რაღაც ჩაუვარდა და ჩავიდა. იმიტომ კი არ დაიღუპა, რომ დენმა დაარტყა, მილებში გაიჩხირა. მშრალ შადრევნებს რომ აკეთებენ. ხალხი დადის ზემოდან, იქაც პატარა ძაბვა კი არ არის, 220 ვოლტზე მუშაობს.
შადრევანზე ადამიანს წვდომა არ გქონდეს და ხელი არ დაისველო, არ შეიძლება, ხო? წყალი სუფთა და უსაფრთხო უნდა იყოს. შადრევანში ჩასვლა არ არის რეკომენდირებული წყლის ჭავლის გამო, რომ არ დაგაზიანოს. მე მომიწია გახსნის წინა დღეს მისვლა, გახსნის დღეს ინტერვიუც მივეცი, დეკორი, რაც გასაკეთებელი იყო, ხუთიანზეა შესრულებული, ტუმბოები ვარირებს, შადრევანი ცეკვავს, რა ტუმბო უყენია, რა ელექტროგაყვანილობა აქვს, როგორი წყალია შიგნით, მე როგორ გავაკეთებდი და შევამოწმებდი მაგას. მე ვფიქრობ, შეცდომა მოუვიდათ, როცა ტუმბო შიგნით ჩადგეს და რელე არ დააყენეს, თუმცა, მწარმოებელს ეს უნდა სცოდნოდა, თუკი ერთი მწარმოებლის ნაწილია ყველა. აიპი68 ცდომილებას არ უშვებს, ის გეუბნება, რომ ამ სტანდარტის უნდა იყოს, სად რა და როგორ უნდა შეაერთო, გიწერს, რომ აქ უნდა იყოს ასეთი კაბელი და არა იზოლენტებით გადაბმული, როგორიც ექსპერტიზამ აღმოაჩინა შადრევანში – შავი იზოლენტით გადაბმული მავთულები, მგონი, ყველამ ნახა…
კომენტარები