cnn–ის ცნობით, Twitter-ის ახალი მეპატრონე, ილონ მასკი გეგმავს, რომ ყველა ანგარიშს შეეძლება იქონიოს ლურჯი ნიშანი, რომელიც ამჟამად მხოლოდ ვერიფიკაციაგავლილ ანგარიშებს აქვს. ეს “პრიორიტეტი” სოციალური ქსელის მომხმარებლებს ყოველთვიურად 20$ დაუჯდებათ. ხოლო იმ ანგარიშებს, რომლებიც უარს იტყვიან თანხის გადახდაზე, ლურჯი ნიშანი ჩამოერთმევათ.
“ამჟამად მთელი ვერიფიკაციის პროცესის განახლება მიმდინარეობს“, – დაწერა მილიარდერმა სოციალურ ქსელში.
მან გამოკითხვაშიც მიიღო მონაწილეობა, რომლის კითხვაც ასე იყო ფორმულირებული: თუ რამდენს გადაიხდიან მომხმარებლები ვერიფიკაციის ნიშნისთვის? გამოკითხვაში მონაწილეთა უმეტესობამ “არ გადავიხდიდი“ პასუხი აირჩია, რაც მასკმა ერთი სიტყვით შეაფასა: “საინტერესოა“.
მასკის გადაწყვეტილებას ცნობილი ამერიკელი მწერალი, სტივენ კინგიც გამოეხმაურა :
“თვეში 20$ უნდა ვიხადო იმისთვის, რომ ლურჯი ნიშანი შევინარჩუნო? ერთი მაგისიც, აქეთ უნდა გადამიხადონ. თუ ამას შემოიღებენ, მე წავალ”.
მწერალს მასკმა უპასუხა:
“როგორღაც ჩვენც უნდა გადავიხადოთ გადასახადები! “ტვიტერი“ მთლიანად რეკლამის განმთავსებლებზე ვერ იქნება დამოკიდებული. 8$-ის გადახდაზე რა აზრის ხართ?“
კომენტარები