ანი დვალიშვილი
საქართველოდან ხორცის გატანის პრობლემის შესახებ „ალია“ ადრეც წერდა. ევროპამ ქართულ ხორცზე უარი იმიტომ თქვა, რომ მარაგი აფრიკიდან მიიღო, არაბულმა ქვეყნებმაც მილიონობით ცხვარი იაფად რუმინეთიდან და უნგრეთიდან წაიყვანეს. შედეგად, ადგილობრივი ხორცი უნდა გაიაფებულიყო, მაგრამ საკვების სიძვირის გამო, ფერმერებმა გაიაფება ვერ მოახერხეს და მივიღეთ ის, რაც მოსალოდნელი იყო – ბოლო 2 თვეში, საქართველოში რეკორდული რაოდენობის ხორცი შემოვიდა და ძირითადად ბრაზილიიდან – ქათმის ბარკლების შემოტანამ მოიმატა და მოიმატა იმიტომ, რომ მოსახლეობას ხორცი უნდა, იაფი ფასი კი სწორედ ბრაზილიურ ქათამს აქვს. საკვების სიძვირის გამო, ზამთარში ფასი მოიმატებს რძის პროდუქტებიც, თუმცა ნედლი რძის შემოტანამ უკვე მოიმატა ისეთი ქვეყნებიდან, როგორიც რუსეთი და ბელარუსია. განსაკუთრებული მატება კარაქზე შეინიშნება. რუსული კარაქი სხვა გემოვნური თვისებებით ხასიათდება და ქართულისგან განსხავავებით, 2-თვიანი შენახვის ვადა აქვს, ანუ ნატურალურთან ბევრად მიახლოებულია.
ზოგადად, ქართულმა ეკონომიკამ მიმდინარე წელი რუსეთიდან შემოსული მოქალაქეების წყალობით გადაიტანა. მათ მიერ დახარჯული და გადმორიცხული თანხები, იმაზე ბევრად მეტი აღმოჩნდა, ვიდრე ვინმე ელოდა და შეიძლება ითქვას, რომ რუსეთ-უკრაინის ომმა საქართველოს ეკონომიკის წისქვილზე დაასხა წყალი. მართალია, ამ ომის შედეგად ბევრი რამ გაძვირდა, თუმცა ეროვნული ვალუტის გამყარების გარდა, ხეირი რიგითმა მოქალაქეებმაც ნახეს, რომლებმაც უძრავი ქონება სარფიანად გააქირავეს და ამოისუნთქა სარესტორნო ბიზნესმაც – რუსი ტურისტები დღემდე სწორედ რესტორნებში იკვებებიან.
1-ელი იანვრიდან, საჯარო მოხელეებისთვის ხელფასი ყველაზე ცოტა, 10%-ით იზრდება. ეს ერთგვარი ხარკია, რომელსაც სახელმწიფო საჯარო მოხელეებს გადაუხდის და ზრდა მომავალ წელსაც იქნება. რატომ? იმიტომ, რომ საჯარო მოხელეებმა ძნელად დათმონ სამსახურები და სანაცვლოდ, ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ არჩევნებში ხმები მოაგროვონ. ე.წ. „მწვანე სიები“ სწორედ მათი მეშვობით გაკეთდება და თითოეულ საჯარო მოხელეს, ყველაზე ცოტა, 10-კაციანი სიის მიტანა მოუწევს. მერე ეს სიები შესაბამის პროგრამაში შევა და არ უნდა მოხდეს ადამიანების დამთხვევა-გადაფარვა. სწორედ ამ პროცედურით, ხელისუფლება კონკურენტებზე წინ დაახლოებით 15-17%-იანი უპირატესობით იქნება. არა, სიები კი მისცემს იმის საფუძველს, რომ 30%-იანი უპირატესობაც იყოს, მაგრამ, როგორც წესი, ასეთი რამ იშვიათად ხდება და სიებში ჩაწერილი ხალხი გარანტირებულ ხმას არ იძლევა. და რატომ ჰქვია მაშინ ამ ყველაფერს „მწვანე სია“? იმიტომ, რომ ყველა სხვა დანარჩენ სიაში, ცდომილება 50%-ზე მეტია.
კომენტარები