ფაქტი #1
2001 წელს კათალიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით გაიხსნა წმ. გაბრიელ ეპისკოპოსის (ქიქოძის) სახელობის საპატრიარქოს ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრი, რომელიც ფუნქციონირებს წმ. იოაკიმესა და ანას სახელობის სამშობიარო სახლში (ვერაზე). ამ ცენტრის ხელმძღვანელი მე გახლავართ. ჩვენს თანამშრომლებს მუშაობა უწევთ სხვადასხვა სენით დაავადებულ ადამიანებთან, როგორც ადგილზე მიღებით, ასევე საპატრიარქოს რადიოს მეშვეობით მცირე კონსულტაციით (საპატრიარქოს რადიოში ჩვენ ყოველ ოთხშაბათს, 17 საათზე, გვაქვს პირდაპირი ეთერი).
ჩვენთან მოსული მრავალი ადამიანი მოგვითხრობს მამა გაბრიელის ზეთის სამკურნალო თვისებების შესახებ, მაგრამ მე საგანგებოდ გამოვყოფ ერთ ფაქტს. სამწუხაროდ, ფართო საზოგადოებისთვის ასეა ცნობილი, რომ ნარკომანიისგან განკურნება თითქმის შეუძლებელია. თამამად შემიძლია განვაცხადო, რომ ღვთის მადლითა და ადამიანის ძალისხმევით შეუძლებელი არაფერია. უნდა გვახსოვდეს, რომ ლოთობა და ნარკომანია, პირველ რიგში, ცოდვაა და შემდეგ ავადმყოფობა. ამიტომ უპირველესი შეწევნა საჭიროა მივიღოთ მადლით, რომელიც არის უძლურთა მკურნალი და ნაკლულოვანთა აღმავსებელი. შეჭირვებულ ადამიანს პარალელურად თუ გავუწევთ ფსიქოლოგიურ და სამედიცინო დახმარებას, ის გამოდის ამ უმძიმესი მდგომარეობიდან. ცოტა ხნის წინ დაგვირეკა ერთი ნარკომანის ახლად მოქცეულმა მეუღლემ. ამ ახალგაზრდა ქალბატონმა მოილოცა მამა გაბრიელის საფლავი და წამოიღო კანდელის ზეთი. ერთხელ მორიგი აბსტინენციის (“ლომკის~) დროს, როცა მისი მეუღლე ცუდად გახდა, მან რწმენით სცხო ზეთი თავის საყვარელ ადამიანს. ცოტა ხანში განსაცდელში მყოფი დამშვიდდა და აღარ დასჭირდა სხვა სახის დახმარება. ამ ოჯახის წევრებს დიდი იმედი აქვთ, რომ მამა გაბრიელის მეოხებით, ეკლესიური ცხოვრებით, მარხვით, ლოცვით, ერთმანეთის სიყვარულით ისინი გადაიტანენ ამ განსაცდელს. რა თქმა უნდა, ჩვენ არ გამოვრიცხავთ პარალელურად ფსიქოლოგიურ და სამედიცინო დახმარებას.
აქვე მინდა გავიხსენო მამა გაბრიელის მიერ პირადად ჩემზე ასრულებული წინასწარმეტყველება. მამა გაბრიელს წლების განმავლობაში ვიცნობდი. მე ის ჩემს მეუღლესთან ერთად ხშირად მინახავს მცხეთის დედათა მონასტერში. მაშინ ერთი შვილი მყავდა და სურვილი მქონდა, მრავალშვილიანი ვყოფილიყავი. ერთ-ერთ მისვლაზე მამა გაბრიელმა დამამშვიდა, რომ მე კიდევ ორი შვილი მეყოლებოდა. ამ ნათქვამმა ძლიერ დამაფიქრა. თუ ღვთისგან კიდევ ორი მომეცემოდა, რატომ მეტი არა? ავადმყოფობის თუ სხვა რა მიზეზით შეიძლებოდა ეს მომხდარიყო. გავიდა დრო, მე მართლაც შემეძინა ორი შვილი. ახლა სამი შვილის დედა ვარ და ვიცი, ასე იქნება. მაშინ როგორ წარმოვიდგენდი, რომ ჩემი მეუღლე შემდეგში ბერად აღიკვეცებოდა და ეპისკოპოსად აკურთხებდნენ.
მოკრძალებით მინდა აღვნიშნო, რომ ჩემი ყოფილი მეუღლე (მთავარეპისკოპოსი ნიკოლოზი) მამა გაბრიელის დიდი პატივისმცემელი და მისი ღვაწლის დამფასებელია.
ქრისტესმიერი სიყვარულით თქვენი მონა-მორჩილი ნინო კანდელაკი
ფაქტი #2
ეკლესიაში ახალი მისული ვიყავი, როცა შევიტყვე ამ სიწმინდის შესახებ. ცოტა ხანში ხელზე სერიოზული ჭრილობა მივიღე, შეიძლებოდა საქმე გართულებულიყო, რადგან სისხლში უამრავმა ბაქტერიამ შეაღწია. ხელის დაზიანება იმ მომენტს დაემთხვა, როცა ზეთის კურნებადი თვისებების შესახებ ვსაუბრობდი. წამალი არც მიძებნია, ვილოცე ხატებთან და ზეთი ვიცხე. ვიცოდი, რომ აუცილებლად მიშველიდა, მაგრამ შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა. საკმაოდ დიდი ჭრილობა დილით მხოლოდ მცირე ნაკაწრად ქცეულიყო.
შემდეგ ჩემს მეუღლეს კუჭ-ნაწლავთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნა. მდგომარეობა იმდენად რთული იყო, რომ უმადობა და გულის რევა სტაბილური მოვლენა გახდა. გამოკვლევებმა დაადასტურა, რომ პანკრეასის ჯირკვალს ფუნქცია ჰქონდა დაკარგული და მკურნალობა საკმაოდ სერიოზულ ფორმებს მოითხოვდა. ზეთის მიღების შემდეგ ექოსკოპიამ არაჩვეულებრივი შედეგები აჩვენა…
გიორგი ზურაბიანი
ფაქტი #3
მამა გაბრიელის შესახებ ჩვენმა ოჯახმა ჟურნალ-გაზეთებიდან შეიტყო. როცა მცხეთაში ჩავედით, მის საფლავზე დედა პარასკევამ მამა გაბრიელის უხრწნელი სისხლით ჯვარი გადაგვსახა და იქვე საგაზეთო ფურცელზე კომპიუტერით ამობეჭდილი მამა გაბრიელის ფოტოც გვიბოძა. ეს ფოტო ბლოკნოტის ყდაში მედო, რომელსაც ცალ მხარეს პოლიეთილენის გამჭვირვალე საფარი იცავდა. შემდეგ ეს ბლოკნოტი დაიშალა და მამა გაბრიელის სურათის გამო მხოლოდ ყდას ვატარებდი გულისჯიბით.
ერთხელ მეუღლეს პერანგის რეცხვის დროს უყურადღებობით მამა გაბრიელის ფოტო შეჰყვა სარეცხის მანქანაში. აი, რას იხსენებს ამის შესახებ თავად ჩემი მეუღლე: “როდესაც მანქანამ ტრიალი დაასრულა და პერანგი ამოვწურე, შიგ, სამწუხაროდ, ზემოხსენებული ბლოკნოტი აღმოვაჩინე. მასში მოთავსებული ფოტო სულ ქაფით დაფარულიყო. საჩქაროდ წყალს შევუშვირე და ქაფი გადავრეცხე. ქაღალდის სურათი რომ ყდისთვის მომეშორებინა, სულ დაიშლებოდა, ამიტომ, ვარჩიე, გამშრალიყო და იქვე ოთახში დავდე.
ცოტა ხანში, ჩემი გოგონა, რომელიც მხოლოდ ამ ფაქტის შემდეგ შემოვიდა ეზოდან სახლში, განცვიფრებული მოვარდა ჩემთან და თან ბლოკნოტის ყდას მიჩვენებდა. თურმე იგი ფოტოს ამოღებას ცდილობდა, ხელში კი მხოლოდ თეთრი ქაღალდი შერჩენია. რაც მთავარია, მამა გაბრიელის გამოსახულება უნაკლოდ, შეიძლება ითქვას, უფრო მკვეთრადაც კი გადასულიყო ყდის გამჭვირვალე საფარზე~.
ჩვენ ვმადლობთ მამა გაბრიელს, რომლის მეოხებითაც უფალმა ამ სასწაულის მოწმენი გაგვხადა.
ბონდო ქურდაძე
ფაქტი #4
მამა გაბრიელი გავიცანი 1987 წელს მცხეთაში, აღდგომა დღეს. დედათა მონასტერში პატარა სუფრა ჰქონდათ გაშლილი. ერთ-ერთმა მონაზონმა შემიყვანა მამა გაბრიელთან და გამაცნო. მამა გაბრიელმა, სანამ მიმიპატიჟებდა, მთხოვა, მისი მოსასხამი ანაფორა შემომეცვა მისთვის. როცა მოვახურე, მითხრა: შენზე დიდი მადლი გადმოვიდაო. მიმიპატიჟა სუფრასთან და მითხრა: შენ კარგი ბიჭი ხარ, რომ სიგარეტს არ ეწევი და არასოდეს არ მოსწიოო.
პირველ მეუღლესთან კარგი ურთიერთობა მქონდა. მამა გაბრიელმა კი მითხრა, რომ ოჯახში პრობლემები მექნებოდა, მაგრამ ყველაფერი მშვიდობიანად დამთავრდებოდა. მართლაც, შემდეგში მეუღლეს გავეყარე და მეორედ დავქორწინდი. ამჟამად ვარ ბედნიერი.
მამა გაბრიელმა მითხრა: 13 წლის შემდეგ ეკლესიაში დაიწყებ მუშაობას, მაგრამ კაბას არ ჩაიცვამო. მართლაც, 2000 წლის აღდგომას, ზუსტად 13 წლის შემდეგ, ლურჯ მონასტერში, მამა ზენონმა შემომთავაზა საპატრიარქოში სოფლის მეურნეობის განყოფილების თავმჯდომარეობა. მეორე დილით საპატრიარქოში მივედი და ამ თანამდებობაზე დამნიშნეს.
ზაზა ინწკირველი
ფაქტი #5
მამა გაბრიელის ყოველი ნახვის შემდეგ მექმნებოდა შთაბეჭდილება, რომ ის არ იყო ჩვეულებრივი ბერი. თითქოს შინაგანი ხმა მკარნახობდა, რომ ის იყო დაფარულში მოღვაწე წმინდანი, რომელსაც შეეძლო შენი აზრისა და ფიქრის წაკითხვა. თუმცა, ამაში დარწმუნებული არ ვიყავი.
ერთხელ, როდესაც ფეხმოტეხილ მამა გაბრიელს სიარულზე ვაკვირდებოდი, უნებურად დამებადა აზრი, რომ შეიძლება ამ ავადმყოფობას იგონებდა, რადგანაც კიბეებზეც კი ჯანმრთელი ადამიანივით ადიოდა.
მამა გაბრიელმა თავის კელიაში შემიყვანა. ცოტა ხანს მესაუბრა და მითხრა, ახლა მე ცოტას დავისვენებ, შენ აქ იყავი, რამე წაიკითხეო. დაახლოებით 10-15 წუთის შემდეგ წამოდგა, გადმომხედა და მითხრა, ვერიკო, დაიჯერებ, რომ ახლა აქ ჩემთან უფალი იყო და მითხრა: “გაბრიელ, როგორც შენ გკტივა ფეხი, მეც ისე მტკივაო~.
ამ ნათქვამმა დამარწმუნა, რომ მამა გაბრიელს ფეხიც ნამდვილად სტკიოდა და ჩვენს გულში გაფიქრებულიც ყოველივე იცოდა.
ვერიკო მაჩიტაძე
ფაქტი #6
დიდება და მადლობა უფალს ყველაფრისთვის. მამა გაბრიელი ხომ უფალმა მოგვმადლა ჩვენ, ცოდვილთ. მე, ყველაზე უცოდვილეს მხევალს ღვთისას, რამდენიმე წელია, მქონდა ციროზი ურთულეს ფორმებში.
2002 წლის 4 ნოემბერს მივედი მამა გაბრიელის საფლავზე. ვიცხე ზეთი, დავიჩოქე და კურთხევა ვთხოვე, რომ გზა გამხსნოდა საავადმყოფოში დასაწოლად, რადგან არ მღებულობდნენ. საფლავიდან წამოსვლის შემდეგ ყველაფერი ისე მოგვარდა, რომ შეიძლება სასწაული ეწოდოს. საავადმყოფოში მიმიღეს, გამიკეთდა ექოსკოპია და გამოჩნდა, რომ ციროზი აღარ მქონდა.
სულიკო ღვინჯილია
ფაქტი #7
გასათხოვარ გოგონას, საშვილოსნოს ყელზე აღმოაჩნდა სიმსივნე პირველ სტადიაში. ერთი თვის შემდეგ ოპერაცია უნდა გაკეთებულიყო. მთელი თვის განმავლობაში გაბრიელ ბერის საფლავიდან აღებულ ზეთს ხმარობდა და როცა ექიმთან მივედით ოპერაციის გასაკეთებლად, ავადმყოფს არანაირი ავადმყოფობა აღარ სჭირდა. ეს იყო ნამდვილი სასწაული
ნანა სირაძე
ფაქტი #8
დედაჩემს საშვილოსნოზე ჰქონდა სიმსივნე. სვამდა და ისვამდა მამა გაბრიელის ზეთს ორი თვის მანძილზე და განიკურნა. სხვა არანაირი წამალი არ მიუღია.
მადონა სვანიძე, ოზურგეთი
ფაქტი #9
მქონდა ქრონიკული კონიუნქტივიტი, მოსკოვშიც და თბილისშიც მითხრეს, არ იკურნება, ქრონიკულიაო.
მამა გაბრიელის საფლავიდან ავიღე ზეთი. ქუთუთოზე 3-ჯერ წასმის შემდეგ, დაავადება გაქრა. დღესაც კარგად ვარ.
კობა დვალი
ფაქტი #10
ფეხზე მომტყდა ნეკა თითი. 2 დღე ექიმთან ვერ წავედი. მესამე დღეს შვილმა ფეხზე წამისვა მამა გაბრიელის ზეთი და ონკანი რომ გადაგიკეტიათ, ისე შემიჩერდა ტკივილი და თითი თავის ადგილზე ჩადგა. მეორე დღესვე ჩავიცვი ფეხსაცმელი და წავედი მამა გაბრიელის საფლავზე მადლობის სათქმელად.
ჩემი და, მძიმე ოპერაციის შემდეგ, ძალიან ცუდად იყო. მამა გაბრიელის საფლავზე წავიდა რამდენჯერმე. ზეთის წასმა დაიწყო და ძალიან მალე განიკურნა. ახლა თავს ძალიან კარგად გრძნობს.
ჟუჟუნა წიქარიშვილი, მაყვალა ბაიდოშვილი
ფაქტი #11
დაავადებული ვიყავი კუჭ-ნაწლავით, იმ ზომამდე, რომ ლეომიცეტინის ხშირი მიღების გამო ალერგიაც კი მემართებოდა. ერთი წლის წინათ გავიგე, მამა გაბრიელის შესახებ. მის საფლავზე სპეციალურად გავაგზავნე ჩემი შვილი და რძალი ზეთის ჩამოსატანად. ზეთს ვიღებდი მოხმარების წესის მიხედვით. ამჟამად აღნიშნული სატკივარი აღარ მაწუხებს.
ლილი ლიჩელი
ფაქტი 12
მამა გაბრიელის საფლავზე დავდივარ 1997 წლიდან. იქ მივედი დიდი რწმენით და გულის ტკივილით, რომ მას სიცოცხლეში არ ვიცნობდი. საფლავზე მისვლიდან დაიწყო ჩემს ცხოვრებაში ძირეული ცვლილებები.
მამა გაბრიელის საფლავზე მისვლაც კი ჩემთვის უდიდესი სასწაულია. ის ყველაფერს მისრულებს. დედაჩემს ასაკში გაუმეორა კლიმაქსმა. დავაწყებინე ზეთის დალევა და ის გამოჯანმრთელდა. დედაჩემი მაშინ მორწმუნე არ იყო. ახლა კი ის მოექცა ქრისტიანად. მე ამას ვუმადლი მამა გაბრიელის ზეთს. მქონდა რაღაც კრიტიკული ამბავი ცხოვრებაში, წავედი საფლავზე და მეორე დღეს ყველაფერი ცუდი დამთავრდა. მადლს ვგრძნობ არა მხოლოდ ზეთით, არამედ, რასაც ვთხოვ, ყველაფერს მისრულებს.
ერთხელ ქალური ციკლი ამერია. წავედი მამა გაბრიელის საფლავზე და იმ დღესვე ყველაფერი დამირეგულირდა. ზეთი მიჩერებს თავის ტკივილს, ზეთს ჯვრების სახით ყოველთვის ვაკეთებ სახლის კარებზე, სამსახურშიც (საავადმყოფოში ვმუშაობ) და ყოველთვის ყველაფერი კეთილად მიხდება. ერთხელ გასაღები დავკარგე. ვთხოვე, მამაო, დამეხმარე-მეთქი. მართლაც, რაღაც წამებში ვიპოვე. მე პირადად შემიძლია ყოველდღე ვწერო მამა გაბრიელზე, არ მომბეზრდება.
როცა სიზმარს ვხედავდი, მეორე დღეს თითქმის ყველაფერი მისრულდებოდა. ვთხოვე მამა გაბრიელს, რომ სიზმარი არ აეხდინა ჩემთვის. უკვე მეორე წელია, სიზმარი აღარ მინახავს.
მე მადლობას ვწირავ უფალს, რომ მოგვივლინა მამა გაბრიელი. მერწმუნეთ, აღარაფრის მეშინია, რადგან არსებობს მამა გაბრიელი. მადლობა მას ღვთის წინაშე ჩვენი დიდი მფარველობისთვის.
იზო ბერიძე
ფაქტი #13
გამიკეთეს 7 ოპერაცია. ძალიან ბევრჯერ ვიყავი ცუდად, ყოველი ოპერაციის წინ ვგრძნობდი უფლისგან დახმარებას. მე-7 ოპერაციამდე ვიყავი მამა გაბრიელის საფლავზე. ვილოცე, წამოვიღე ზეთი და დავიწყე ზეთით მკურნალობა. მომცა შეღავათი, თუმცა არ გამოვჯანმრთელებულვარ. 2002 წლის 21 აპრილს, კვირას, ვიყავი ძალიან ცუდად. მუცლის ღრუში მაქვს დრენაჟი და ვგრძნობდი საშინელ ტკივილს. დრენაჟიდან გადმომდიოდა ნაწლავის შიგთავსი. დავკარგე მხედველობა. ვხედავდი მხოლოდ თეთრ სივრცეს. ამ დროს დავინახე თეთრფრთიანი არსება, სამჯერ გამიმეორა: ზეთი წაისვი. მე მივმართე ჩემს შვილს, რომ ზეთი წაესვა ჩემთვის. როგორც კი წამისვა, დამეძინა. დაახლოებით 10 წუთის შემდეგ, თვალები საშინელი ტკივილით გავახილე და ყველაფერი დავინახე.
მედიკო აბაშიძე
ფაქტი #14
დიაგნოზით მქონდა სიმსივნე. ექიმები ოპერაციის დადებით შედეგებზე წინასწარ პირობას ვერ იძლეოდნენ. მაწუხებდა ტკივილები, მაგრამ თავიდან მაინც ვერ ვბედავდი ოპერაციის გაკეთებას. დავიწყე მამა გაბრიელის საფლავზე სიარული და მისი ზეთით მკურნალობა. სხვა არავითარ წამალს არ ვიღებდი. დღითი დღე უკეთესად ვხდებოდი. თავს თითქმის განკურნებულად ვგრძნობდი. ალბათ, აღარც იყო საჭირო ოპერაციის გაკეთება, მაგრამ წინასწარი შეთანხმების, ახლობლების რჩევისა და გულის შეჯერების მიზნით გავიკეთე ოპერაცია, რომელიც ყოველმხრივ დადებითი შედეგით დამთავრდა. თავად ექიმებიც გაკვირვებულნი დარჩნენ, რომ მოსალოდნელად მეტად რთული ოპერაცია სულ იოლ ფორმაში ჩატარდა.
მადლობა მამა გაბრიელს, რომ მისი შემწეობით უფალმა ჩემზე დიდი წყალობა მოიღო.
ჟუჟუნა ბაკაშვილი
ფაქტი #15
შარშან, ზაფხულში, მდუღარე წყალი გადამესხა ფეხზე და მუხლს ზემოთ დავიწვი. გამახსენდა მამა გაბრიელის ზეთი და იმ წესის დაცვით, რომელიც ზეთს ახლავს, მთელი რწმენით წავისვი: შუბლზე გადავისახე ჯვარი, შემდეგ მთელ ფეხზე, რომელიც სულ დამწვარი მქონდა. არ ვნაღვლობდი, დამემჩნეოდა თუ არა, მეშინოდა ტკივილის და მთელი რწმენით უფალს ვთხოვე, ტკივილი აღარ მქონოდა. გავიდა 5 წუთი და ვიგრძენი, რომ ტკივილი გაქრა. ჩემთან იყვნენ მეზობლები, მათ ვუთხარი, რომ ფეხი აღარ მტკიოდა და როდესაც კაბა ავიწიე, დამწვრობის ნიშანწყალიც აღარ მეტყობოდა. გახარებულმა და გაოცებულმა უფალს მადლობა შევწირე.
ლალი ცქიტიშვილი
ფაქტი #16
დავიბადე არამართლმადიდებლურ ოჯახში (დედა _ ებრაელი, მამა _ მუსლიმანი). დედა მოგვიანებით მოინათლა მართლმადიდებლად. ამის გამო დედ-მამა ერთმანეთს გაშორდნენ. თავის დროზე მშობლებმა შემიყვანეს 75-ე საშუალო სკოლაში, პარალელურად დავდიოდი არიელის ებრაულ კოლეჯში.
1995 წელს ღვთის განგებით მომიწია მცხეთის სამთავროს დედათა მონასტერში ცხოვრება. იქ ვხედავდი, რომ კელიებში ყველას ეკიდა მამა გაბრიელის სურათი. ვინატრე, რომ მეც მქონოდა მამა გაბრიელის სურათი.
ერთხელ დამიძახა მამა გაბრიელმა: შენ, ურჯულო ურია, მოდი აქო. მან იქვე, სკამზე დამსვა, თვითონ კელიაში შევიდა, გამომიტანა თავისი სურათი და მაჩუქა. თანაც მითხრა: აი, შენ ხომ ნატრობდი ჩემს სურათსო. მან მიამბო თავისი ცხოვრება. მე მაშინ ბავშვი ვიყავი, სურათი სკამზე დავდე, გონება სადღაც გამეფანტა და არ ვუსმენდი. მან ეს იგრძნო. გაბრაზდა, უკან გამომართვა თავისი სურათი და მითხრა: როცა ღირსი გახდები, 7 წლის მერე იყიდი ჩემს სურათსო. მართლაც, 7-8 წლის მერე ვიყიდე მისი სურათი.
დედაჩემი სამთავროში მოვიდა. ის ტიროდა. ცუდად იყო. მას მკერდში ჯირკვლები ჰქონდა გადიდებული და ტკიოდა. უფალს სთხოვდა, რომ მე სახლში დავბრუნებულიყავი, რადგან პატრონი არავინ ჰყავდა. თან ტირილით ლოცულობდა. იმ დროს მამა გაბრიელი იჯდა გარეთ. მან დედას უთხრა: შენ არ მოკვდები. გაიკეთებ ოპერაციებს, გადარჩები. შენი შვილიც სახლში დაგიბრუნდება, შენც გამოჯანმრთელდებიო. მან ისიც უთხრა: ყველაფერი უფლის ნებაა და უფალს მიენდეო. მან დედაჩემს უთხრა: შენი შვილი სახლში კი დაბრუნდება, მაგრამ უბედო იქნებაო. გათხოვდება, ქმარს გაშორდება, ეყოლება ბიჭი, რომელიც დაიბადება დიდ დღესასწაულზე და ამის მიხედვით დაარქმევთ სახელსო.
ეკლესიაში ყოფნისას, მძიმე მარხვის 39-ე დღეს, მამა საბამ სვეტიცხოვლიდან მამა გაბრიელთან გამომატანა სეფისკვერი და ღვინო. შესვლის დროს მან მითხრა: “ამინ~. ეს ნიშნავდა, რომ მასთან შევსულიყავი. რომ შევედი, ვუთხარი, რომ მამა საბამ გამომატანა სეფისკვერი და ღვინო. მამა გაბრიელს თვალებში ცრემლები ჰქონდა. მან მითხრა: მიიღე სეფისკვერი და დალიე ღვინო, რამეთუ 7 წელი ტაძარში აღარ შეხვალო. ყველაფერი ასრულდა, რაც მამა გაბრიელმა მე და დედაჩემს გვიწინასწარმეტყველა.
მე დავტოვე მონასტერი, დავამთავრე იურიდიული, უცხო ენები, გავთხოვდი და ქმარსაც გავშორდი. 7 თებერვალს, დავითობას, შემეძინა ვაჟი, რომელსაც დავითი დაარქვა იმ ექიმ-გინეკოლოგმა დავითმა, რომელმაც მამშობიარა. 7 წლის გასვლის შემდეგ დავიწყე ეკლესიაში სიარული. გავხდი წმინდა ნიკოლოზის ეკლესიის მრევლი (ორთაჭალაში, მოძღვარი მამა ბესარიონი).
დედაჩემი გამოჯანმრთელდა. მანამდე მან გაიკეთა ოპერაციები. 2 წლის წინათ დედაჩემმა მამა გაბრიელის საფლავიდან წამოიღო ზეთი. წაისვა მკერდზე და დილით არც ერთი ნაკერი აღარ ემჩნეოდა, ჯირკვლებიც აღარ ჰქონდა.
ჩემს შვილს გავუკეთეთ აცრა, რომელმაც მას მისცა რეაქცია. ექიმებმა ვერ უშველეს. მე ბავშვი დავუტოვე ჩემს ბიძაშვილს, მე კი ეკლესიაში წავედი. დავესწარი ლოცვას. ბავშვმა თურმე ტირილით გაიღვიძა და თქვა: მამა გაბრიელი გადმოვიდა სურათიდან (სურათი კედელზე გვაქვს გაკრული), პირჯვარი გადამწერა, ხელი დამადო და მითხრა: არ ინერვიულო, კარგად იქნებიო. როცა სახლში შევედი და საბანი გადავხადე, ვნახე, რომ ფეხი აღარ ჰქონდა გასიებული და ის გამოჯანმრთელებულიყო.
ადრე მამა გაბრიელმა მითხრა: შენ ბოლოს მონაზვნობის ღირსი გახდები. შენი შვილი გასახელებსო. მადლობა მამა გაბრიელს ყველაფრისთვის.
ინგა-ქეთევან ხანჯალიაშვილი
ფაქტი #17
მთელი წლის განმავლობაში ვიყავი ალერგიით შეწუხებული, მქონდა გამონაყარიც. ჩავიტარე მკურნალობა, მაგრამ უშედეგო აღმოჩნდა. მეგობრის დახმარებით თავსხმა წვიმაში წავედი მამა გაბრიელის საფლავზე, გამოვიდა დედა პარასკევა, მოგვაწოდა ზეთი და ამიხსნა, როგორ უნდა გამომეყენებინა.
წავისვი და დავლიე კიდეც. ორი კვირის შემდეგ ისევ წავედი მეუღლესთან და მეგობრებთან ერთად, ისევ წამოვიღე ზეთი და ერთ კვირაში შევნიშნე, რომ საერთოდ გამიქრა გამონაყარი და განვიკურნე ალერგიისგან.
ნინო ფიროსმანიშვილი
ფაქტი #18
2001 წლის ზაფხულში ჩემს მეუღლეს დაეწყო ტკივილები მკერდის არეში. მივმართეთ ექიმს, ჩატარდა ექოსკოპიური გამოკვლევა. აღმოჩნდა სიმსივნური კვანძი, ხოლო ონკოლოგიურ საავადმყოფოში ანალიზების შედეგად დადგინდა, რომ ეს იყო ავთვისებიანი სიმსივნე, რომელიც იყო სასწრაფოდ საოპერაციო. ჩვენ ძალიან შევშინდით, ლაპარაკი იყო მკერდის მოკვეთაზე და კიდევ ამბობდნენ, რომ ოპერაციაზე გაირკვეოდა, შიგნით რა მდგომარეობა იქნებოდა. ოპერაციაზე დავთანხმდით. მანამდე კი ჩვენი ახლობლების რჩევით დავიწყეთ მამა გაბრიელის ზეთით მკურნალობა, ვლოცულობდით, დავდიოდით საფლავზე. ასე გავიდა ერთი თვე და ოპერაციის დღეც დადგა. ექიმმა ოპერაციის წინ ნახა, რომ სიმსივნე დაპატარავებულა და დიდი იმედი მოგვცა, მკერდის მოკვეთა აღარ იქნება აუცილებელიო. მართლაც, ოპერაცია ისე ადვილად ჩატარდა, რომ ექიმსაც გაუკვირდა. სიმსივნე მიმქრალიყო და პატარა ადგილზე შემოფარგლულიყო. ჩატარდა ამოკვეთა და არანაირი გართულება არ მოჰყოლია. ჩვენ მადლიერი ვართ მამა გაბრიელის და დარწმუნებული ვართ, რომ ამ ზეთმა მოახდინა ეს სასწაული.
როცა საავადმყოფოდან გამოვედით, მამა გაბრიელის საფლავზე წავედით და იქ ცხვარი გავუშვით. ამის შემდეგ ჩვენს ოჯახში მუდმივად არის მამა გაბრიელის საფლავიდან წამოღებული ზეთი და საჭიროებისამებრ ვიყენებთ. თუ ვინმეს სჭირდება, მასაც ვუნაწილებთ.
2003 წლის იანვარში ჩემს ძმას დაარტყა წნევამ (34 წლის ასაკში). კომპიუტერზე გადაღების შემდეგ აღმოჩნდა ანევრიზმა გამსკდარი, რომელიც სიცოცხლისთვის საშიშია და საჭიროებს აუცილებელ ოპერაციულ ჩარევას. მდგომარეობას ართულებდა ის, რომ ეს ანევრიზმა იყო თავის ტვინის ქვედა მხარეს, წინა შემაერთებელ არტერიულ ხიდზე. ოპერაცია ანევრიზმის გასკდომიდან მეათე-მეთორმეტე დღეს უნდა გაკეთებულიყო, რომ მიგვეღო ყველაზე ოპტიმალური შედეგი და ავადმყოფის გადარჩენის შანსი მაქსიმალური ყოფილიყო. მაგრამ მეშვიდე დღეს მოხდა ანევრიზმის განმეორებითი გასკდომა და ჩატარდა სასწრაფო ოპერაცია. მიუხედავად იმისა, რომ ექიმები ვერ იძლეოდნენ გადარჩენის შანსს, ჩემი ძმა გადარჩა.
მთელი ამ ხნის განმავლობაში ვხმარობდით მამა გაბრიელის საფლავიდან აღებულ ზეთს და თუ არა უფლის სასწაული, ჩემი ძმა ნამდვილად ვერ გადარჩებოდა.
მირიან ზირაქაძე
ფაქტები ამოღებულია წიგნიდან “მამა გაბრიელის ღვთაებრივი სასწაულები და კურნებები„.
კომენტარები