სახალხო დამცველობის ერთ-ერთი კანდიდატი, ნაზი ჯანეზაშვილი საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარე ომბუდსმენობის კანდიდატების გასაუბრებაში მონაწილეობას არ მიიღებს, თუმცა, არ აპირებს მოხსნას საკუთარი კანდიდატურა.
ნაზი ჯანეზაშვილი თავის წერილში, ყურადღებას ამახვილებს ომბუდსმენის პროცესის გამჭვირვალობაზე, ევროკავშირის 12-პუნქტიან გეგმაზე, რომლის მიხედვითაც, სახალხო დამცველად უნდა დაინიშნოს დამოუკიდებელი და ზეგავლენებისგან თავისუფალი ადამიანი და ყურადღებას ამახვილებს ერთ-ერთ კანდიდატზე და ღიად გამოხატულ ინტერესთა კონფლიქტზე.
ნახი ჯანეზაშვილი:
“სახალხო დამცველის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესში გამოიკვეთა ინტერესთა კონფლიქტი. ცნობილია, რომ ერთ-ერთი კანდიდატი ამავდროულად არის საქართველოს პარლამენტის წევრი და წარმოადგენს პოლიტიკურ პარტიას. იაგო ხვიჩია თავის პოლიტიკურ ჯგუფთან ერთად მონაწილეობს კონკურენტი კანდიდატების გასაუბრებაში, რისთვისაც ის იყენებს საპარლამენტო მანდატს. ის ასევე გადაწყვეტილებას მიიღებს კონკურენტი კანდიდატების არჩევასთან დაკავშირებით. რასაც ემატება ის ფაქტი, რომ განსხვავებული ფორმატით დაიგეგმა მისი გასაუბრება – გუშინ, 3 ნოემბერს, საქართველოს პარლამენტიდან მივიღეთ შემოთავაზება დავესწროთ იაგო ხვიჩიას გასაუბრებას და მას დავუსვათ შეკითხვები. სხვა კანდიდატების შემთხვევაში ასე არ მომხდარა.
ამავდროულად კითხვებს აჩენს ორმაგი სტანდარტი, ერთი მხრივ, სხვა კანდიდატებისგან მოითხოვენ, რომ ისინი არ იყვნენ პოლიტიზებულები, მაგრამ ამავდროულად სათანადო შეფასება არ ეძლევა იმას, რომ ერთ-ერთი კანდიდატი არის პოლიტიკოსი. რაც ვფიქრობ, რომ პროცესის დისკრედიტაციას და უნდობლობას იწვევს.
შეგახსენებთ, რომ 2019 წელს ეუთოს (ODIHR) მიერ შეფასებული იქნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს კანდიდატურების შერჩევის პროცესი. იუსტიციის საბჭოს მდივანმა, რომელიც იმავდროულად იყო განმცხადებელი უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე, მოახდინა თვითაცილება კანდიდატთა წარდგენის პროცესის ეტაპიდან. მაგრამ ვინაიდან ის ინარჩუნებდა საბჭოს მდივნის თანამდებობას, კითხვები ინტერესთა კონფლიქტის თაობაზე მაინც ძალაში დარჩა.”
რატომ ამბობს უარს ჯანეზაშვილი ომბუდსმენობის კანდიდატების გასაუბრებაზე?
კომენტარები