ანი დვალიშვილი
საქართველოში პოლიტიკა იმდენად უინტერესო გახდა, რომ დეპუტატებიც კი უპრობლემოდ ტოვებენ პარლამენტარის მანდატს და ერიდებიან სიტუაციას. თუ გახსოვთ, თავის დროზე, დეპუტატის მანდატს ყველა უფრთხილდებოდა და არ ჰქონდა მნიშვნელობა, ოპოზიციონერი იყო პარლამენტარი თუ უმრავლესობის წევრი, იმპიჩმენტის საკითხი დღის წესრიგში პრაქტიკულად, არასდროს დგებოდა და თუ დადგებოდა, მხარს არავინ უჭერდა. ეს იყო ერთგვარი უტყვი სოლიდარობა, ახლა კი… რაც დრო გადის, მით უფრო იმატებს იმ პარლამენტარების რიცხვი, რომლებიც სახეზეც კი ძნელად იცნობიან. ჰოდა, იქნებიან თუ არა პარლამენტში, გავლენ, შემოვლენ… წესით, ხალხისთვის დიდი მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს და აკი არც აქვს.
იმის მიუხედავად, რომ „ოცნებიდან“ რამდენიმე დეპუტატი გავიდა (პარლამენტი არ დაუტოვებიათ), ისინი უმრავლესობაში მაინც დარჩნენ, აი, ნაციონალური მოძრაობიდან გასული დეპუტატები კი შარშანდელი თოვლივით ეკარგებიან დედა-პარტიას და მათ რიგებს ნონა მამულაშვილიც შეემატა…
„ბრიუსელიდან ჩამოსვლის შემდეგ, ელენე ხოშტარიამ, გიორგი ვაშაძემ და ზურაბ ჯაფარიძემ, ოპოზიციის არაერთი წარმომადგენელი დააჯერეს, რომ დასავლეთი მყარად უჭერს მხარს და რომ ახალი წლიდან საქართველოში ახალი რეალობა დადგება. ანუ, ბრიუსელში ეს ხალხი დაარწმუნეს, რომ 12-პუნქტიანი გეგმის შეუსრულებლობისა და განმეორებითი უარის შემდეგ, საქართველოში უმართავი პროცესები დაიწყება და ხელისუფლება შეიცვლება. ჰოდა, ახლა ესენი აქ არწმუნებენ ყველას, რომ ახალი წლიდან ახალი რეალობა დადგება. შედეგად, როგორც ყოველთვის, დაიწყო ვაჭრობა, ვინ რა თანამდებობას დაიკავებს ხელისუფლებაში ოპოზიციის მოსვლის შემდეგ, და რა თქმა უნდა, მთავარი პოსტი პრემიერისაა, რომელზეც პრეტენზია არა ერთ ლიდერს აქვს“, – გვეუბნება ოპოზიციური ფრთის ერთ-ერთი ლიდერი, რომელიც პროცესებში ბოლომდე არის ჩართული და რაც მთავარია, მას, როგორც ერთ-ერთი სამინისტროს ხელმძღვანელს, ისე მოიაზრებენ.
ჩვენი წყაროს ცნობით, პროცესები იმდენად გულისამრევია, რომ იმ ახალი სახეების უმრავლესობას, რომლებსა თითქოს პარტიის რებრენდინგი უნდა გაეკეთებინა, გუნდში გაჩერება აღარ სურს. არადა, ბრიუსელმოვლილი ოპოზიცია კონკრეტულ გვარებს ასახელებს, ვინც „მშვიდობიან გადატრიალებას“ დაპირდა, იმასაც გვეუბნებიან, რომ ოპოზიციამ სალომე ზურაბიშვილამდე მიაწვდინა ხმა და შეუთვალა, თუ გინდა, შენც არ გადაგირჩიოთ და ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, კონსტიტუციის დარღვევაში არ დაგადანაშაულოთ, ნიკა გვარამია შეიწყალე, მიშაც მერე ჩვენ თავად გამოვუშვებთო. სწორედ ამიტომ ატყდა ერთი ამბავი, გვარამიას შესაძლო შეწყალების თაობაზე და ამიტომ აღელდა მმართველი გუნდიც, რომლის ლიდერებმა მწვავე მინიშნებების გაკეთება არ ითაკილეს.
სხვათა შორის, ბრიუსელის ამბების შესახებ კარგად არის ინფორმირებული მმართველი გუნდიც, თუმცა, უმეტესობა დარწმუნებულნია, რომ არაფერი მოხდება (იმაშიც დარწმუნებულნი არიან, რომ სტატუსს არ მოგვცემენ), მაგრამ ეჭვი შეეპარათ, რომ ბრიუსელიდან მონაბერ სიოს შესაძლოა პრეზიდენტმა ვერ გაუძლოს და გვარამიას შეწყალებას ხელი მართლა მოაწეროს. თანაც, ეს ყველაფერი არა ახლა, არამედ მაშინ გააკეთოს, როცა ევროპა უარს გვეტყვის და ზურაიშვილსაც საბაბი მიეცემა. ის, რომ მმართვალ გუნდსა და პრეზიდენტს შორის ურთიერთობა საკმარისზე მეტად არის დაძაბული, რამდენიმე დღის წინაც გამოჩნდა, როცა პრემიერმა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომა გამართა და პრეზიდენტმა ამის შესახებ ტელევიზიით შეიტყო. არადა, ყველა ლოგიკით, ის საბჭოს უნდა დასწრებოდა, მაგრამ…
კომენტარები