მოძრაობა “სირცხვილიას” თანადამფუძნებელი, შოთა დიღმელაშვილი:
“ვნახე IRIის შედეგები და ერთი კარგი ამბავი მაქვს, ერთიც ცუდი: კარგი ისაა, რომ წინასაარჩევნო კამპანიები შეცვლის ამ სურათს. ცუდი ისაა, რომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ სურათი არანაცი ოპოზიციის სასარგებლოდ შეიცვალოს.
ფაქტია, დღეის მდგომარეობით ბევრი ოპოზიციური პარტია 5%-იან ბარიერს ვერ ლახავს. აგრეთვე თუ რამე გვასწავლა წინა არჩევნებმა, “ბოლო წამს” გამოცხადებულ გადაჯგუფებებს ფრუსტრაცია უფრო მოაქვს ამომრჩეველში, ვიდრე მხარდაჭერა, ამ მხარდაჭერის დაჯამება ან მით უმეტეს სინერგია და ამის იმედად ყოფნა, ჩემი აზრით, ნაკლებად სავარაუდოა, თუ პატარა პარტიებმა ახლავე არ გააკეთეს სვლები.
და მთავარი – გადაჯგუფება ფორმის ცვლაა, უფრო მნიშვნელოვანი კი შინაარსია: პატარა პარტიებს მაინც უჭირთ ვადაგადული დღის წესრიგისთვის თავის დაღწევა. მეორე წელია იმაზეა დავა, პარლამენტში ისხდნენ თუ არა (როცა თვით ნაცების ამომრჩევლის 2/3ის მკაფიო დაკვეთა ჯერ კიდევ ბოიკოტის “ცხელ კვალზე” პარლამენტში შესვლა იყო, CRRC)
მოკლედ ამ გადმოსახედიდან პერსპექტივები საკმაოდ არასახარბიელოა, თუმცა პოლიტიკურად არასტაბილურ გარემო მაინც ძნელად პროგნოზირებადია. არსებობს ე.წ. punctuated equilibrium-ის ფენომენი, ანუ მოულოდნელი მოვლენა, რომელიც ძალთა ბალანსს დაარღვევს.
ტრაგედია ისაა, რომ დიდი შანსია, ასეთ მოვლენად EU კანდიდატის სტატუსის შეფერხება მოგვევლინოს, ამიტომ ჭკვიანური იქნება, ოპოზიციამ ხელისუფლებას არ დაუტოვოს ბრალეულობის მასზე გადანაწილების შესაძლებლობას როგორც ეს შარლ მიშელის ხელშეკრულებაზე მოხდა, რამაც გავლენა იქონია კანდიდატის სტატუსის ვერმიღებაზე. საამისოდ მან უარი უნდა თქვას მაპოლარიზებელ კამპანიაზე.
მეორე ასეთ მოვლენად შეიძლება გამოდგეს უკრაინის სამხედრო წარმატება, რაც შეასუსტებს რუსეთის გავლენას ამ რეგიონში და შესაბამისად სახელისუფლებო ნარატივსაც, რადგან ნაწილობრივ გაქარვდება შიშები, რომლითაც ოცნება ამართლებს საკუთარ ძალაუფლებას.
ნებისმიერ შემთხვევაში, პოლიტიკური ოპოზიცია მზად უნდა დაუხვდეს სცენარების შესაძლო განვითარებას. სამწუხაროდ საამისო სვლები ჯერ არ შეიმჩნევა, თუმცა იმედია, ჩემი ეს რეკომენდაცია ვინმესთვის მაინც პრობლემისთვის სხვაგვარად შეხედვის სტიმული იქნება.”
კომენტარები