ამერიკაში მცხოვრები ექიმი, ნანა გეგეჭკორი:
“დაერიეთ ერთმანეთს, საწოლს მიჯაჭვული ადამიანიც არ დაინდოთ, ამოუთხარეთ ერთმანეთს პირადი საუბრები, გუშინ რომ ლამის ერთადერთ ალტერნატივად გვისახავდით იმ პოლიტიკოსებზე ყოველ დღე მოგვიყევით როგორ გარყვნა ძალაუფლბამ და მერე ნდობა ითხოვეთ ამომრჩევლისგან.
ლოგიკურია ღმერთმანი…
როდის იყავით მართალი, როცა ყველანი ერთხმად ამტკიცებდით, რომ იმ ცხრა წლის განმავლობაში ქვეყანას ადექვატური ადამიანი მართავდა, თუ მაშინ როცა ძალაუფლებით გარყვნილი პოლიტიკოსის პირადი საუბრები გამოგაქვთ საჯაროდ და გვიმტკიცებთ რომ მანიაკი იყო მმართველობაში?
თუ შეგეშალათ და მაშინ ამდენს ვერ მიხვდით, რა გარანტია გვაქვს რომ თქვენი პოზიციები დღეს სწორი და სანდოა? თუ არ შეგეშალათ და მანიაკის მმართველობის თანამონაწილე იყავით, მითუმეტეს რატომ უნდა გენდოთ?
იქნებ როგორღაც ჩამოყალიბდეთ ჯერ საკუთარ თავში და მერე მოსთხოვოთ ადექვატურობა ამომრჩეველს… სანამ ადამიანებთან ერთ პარტიაში გაყოფთ თავს მანამდე გაარკვიეთ მანიაკები, ფულის მონები, უცოდინრები თუ უსინდისოები არიან. წასულების და დამარცხებულებისთვის წარსულის წამოძახება თქვენზე მეტს ამბობს ვიდრე მათზე. თქვენი, როგორც პოლიტიკოსის პასუხისმგებლობაა ვისთან ერთად იყავით გუნდში. თქვენს გონებრივ შესაძლებლობებზე და პოლიტიკურ ალღოზე მიუთითებს პარტნიორი პირველ რიგში. ტალახის სროლაში არასანდო, არაგონიერ პარტნიორებად ჩანხართ. სავარაუდოდ ამიტომაც არ მოგყვებათ ხალხი არსად. თქვენთვის ეს პოლიტიკური პროცესია, გარანტირებული ხელფასებით, მოგზაურობებით, გრანტებით, რეიტინგებით. თქვენი შვილები ამასობაში საუკეთესო უცხოურ სკოლებსა თუ უნივერსიტეტებში იღებენ განათლებას. ჩვეულებრივი მოკვდავებისთვის კი არასდროს დასრულდა თქვენი შეცდომებით მოგვრილი ტანჯვა. მათ შვილებს შიათ, უხარისხო განათლებას იღებენ, მორჩენადი დაავადებებისგან იღუპებიან.
ლამის სამი ათეული წელია ვუყურებთ ყოველთვის როგორ გეშლებათ, როგორ მოგყავთ ხელისუფლებაში თქვენს მიერვე შერჩეული ლიდერები და მერე სასიკვდილოდ იმეტებთ. თქვენთვის კი არაფერი იცვლება გარდა პარტიული კუთვნილებისა. ისევ ძვირადღირებულ სამოსში გამოპრანჭული დაიარებით კარდაკარ უღარიბეს მოსახლეობასთან და ნდობას ითხოვთ, უკვე მერამდენედ.
ვერც ერთხელ რომ ვერ გაამართლეთ მათი ნდობა ისე ითხოვთ ახალ ჯერზე პატივისცემას.
მე რომ ქართველი ამომრჩეველი ვიყო იმ ჯგუფში ვიქნებოდი, რომელმაც მკვლევარებს უთხრა, რომ არც ერთს არ გენდობათ.”
კომენტარები