ლევან ჯავახიშვილი
„ალიას“ ესაუბრება, პარლამენტის ყოფილი წევრი, გედევან ფოფხაძე.
– ოპოზიციური ძალების გაერთიანების მცდელობის შესახებ მინდა გკითხოთ და რასაც საზოგადოება ამ ეტაპზე ლაპარაკობს, მეც იგივე კითხვები უნდა დაგისვათ – ვინც გაერთიანებას აპირებს, ის პოლიტიკური ძალები ერთხელ უკვე იყვნენ გაერთიანებულნი და მერე დაიშალნენ, ახლა რისთვის ერთიანდებიან? ახლა რაღა აზრი აქვს გაერთიანებას და რა შედეგს მოიტანს? სხვათაშორის, თქვენც იმ გაერთიანების წევრი იყავით…
– იმ ოპოზიციურ გაერთიანებას და ახლა, ამჟამინდელ გაერთიანების მცდელობას შორის, მოცემულობა რადიკალურად შეიცვალა. მაშინდელ გაერთიანებასაც აზრი ჰქონდა და არ უნდა დაშლილიყო, იმ ერთიანობის რაღაც ფორმატი უნდა შენარჩუნებულიყო. ახლა უკვე გაერთიანებას პირდაპირ ისტორია გვავალდებულებს. 24 თებერვლის, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის მერე, ყველაფერი შეიცვალა. ამ მოცემულობას უნდა გავუწიოთ ანგარიში. ამ ომის დაწყებამდე, უკრაინის მოქმედი და ყოფილი პრეზიდენტების, ზელენსკისა და პოროშენკოს შორის საკმაოდ ცხარე კამათი და თავდასხმები იყო. ასევე, მათი პოლიტიკური გუნდების წევრებს შორისაც დიდი დაპირისპირება იყო. პოროშენკოს სისხლის სამართლის საქმეც კი აღუძრეს. დღეს კი უკრაინის პოლიტიკური სპექტრი ერთმანეთს პოლიტიკურად საერთოდ არ აფასებს. არც ცუდს ამბობენ ერთმანეთზე და არც კარგს. დგანან, ერთად ებრძვიან რუსეთის ოკუპაციას და იცავენ ყველაზე ძვირფასს – სამშობლოს. უკრაინაში სრული პოლიტიკური კონსოლიდაციაა ოკუპანტის წინააღმდეგ. საქართველოც დადგა იგივე გამოწვევის წინაშე. რუსეთ-უკრაინის ომმა და იმ თავგანწირვამ, რომელსაც უკრაინელები ამ ომში იჩენენ, ჩვენ იგივე ვალდებულება გაგვიჩინა. ჩვენი პოლიტიკური სპექტრი უნდა გაერთიანდეს ევროპული არჩევანის სასარგებლოდ. ეს არის აბსოლუტურად ახალი მოცემულობა და ამ მოცემულობით გაერთიანების განმსაზღვრელი და მამოძრავებელი, სწორედაც ამოსავალი წერტილი, უნდა გახდეს 24 თებერვალი და ამ ახალ პოლიტიკურ მოცემულობაზე, ახალ პოლიტიკურ რეალობაზე უნდა შევთანხმდეთ. 24-მა თებერვალმა ხელისუფლებსაც დაუკარგა ლავირების შესაძლებლობა. ეს ხელისუფლება ან არის ავტორიტარული და კოლაბორაციონისტული, ან არის სახალხო და პროდასავლური.აი, ამაზე უნდა ჩამოყალიბებულიყო ხელისუფლება, სხვა, მესამე ვარიანტი აღარ ჰქონდა. მან ამჯობინა რუსეთის ორბიტაზე დარჩენა. ამიტომ, ეს ჩვენ პირდაპირ გვავალდებულებს, ყველაფერი გვერდზე გადავდოთ. მე არ მიმაჩნია, რომ ამ სამი პარტიის გაერთიანება თავისთავად ნიშნავს, რომ ოპოზიცია უკვე გაერთიანდა და ერთიან სუბიექტად ჩამოყალიბდა. თუმცა, ოპოზიციის გაერთიანება არის პროცესი, რომელიც გარდაუვალია. რამდენიც არ უნდა იკამათონ და განსხვავებული აზრები დააფიქსირონ, ამ განსხვავებების მიუხედავად, ოპოზიცია მაინც გაერთიანდება. მე არასოდეს გავხდები „გირჩის“ ეკონომიკური პოლიტიკის თანამოაზრე. მით უმეტეს, მარიხუანას საკითხში ზედმეტი ლიბერალიზაციის მომხრე. ამ და კიდევ სხვა საკითხებში მექნება განსხვავებული შეხედულებები, არა მარტო „გირჩის“ ინიციატივებთან, სხვა პარტიებსაც გარკვეულ თემებში არ დავეთანხმები. ცხადია, პროცესში მექნება განსხვავებული, კონსერვატიული შეხედულებები. მექნება საკუთარი პოზიცია, ვიდრე ამ პარტიებს აქვთ, მაგრამ მიმაჩნია, რომ გაერთიანება არის სავალდებულო. 1924 წლის შეთქმულების ანალოგიას მოვიყვან. კი, მაშინ საქართველოს შეიძლება მაინც ვერ დაემარცხებინა რუსეთი, მაგრამ„დამკომში“ (ქართული ოპოზიციური პარტიების გაერთიანება-დამოუკიდებლობის კომიტეტი) ერთიანობა, რომ ყოფილიყო, პოლიტიკურ პარტიებს რომ არ გაეგრძელებინათ ერთმანეთთან დავა და კამათი, მოუმზადებელი, დროში აცდენილი გამოსვლები რომ არ ყოფილიყო, აჯანყების ხარისხი სხვა იქნებოდა და შესაბამისად და ლოგიკურად, შედეგიც. როდესაც ისეთი მოცემულობა იქმნება, როცა ოკუპანტის წინაშე ერთიანობა უფრო მეტია, ვიდრე პოლიტიკურ პარტიებსა და ჯგუფებს შორის განსხვავებული შეხედულებები ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებზე, მაშინ ერთიანობა უნდა შედგეს ძირითად საკითხთან დაკავშირებით, ერთიანობა უნდა იქნეს მიღწეული ამ საკითხზე – ქვეყანაში უნდა მოიპოვო ევროპული არჩევანი და დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნები. მერე უკვე უნდა გახდეს კონკურენტუნარიანი გარემო და მხოლოდ ამის შემდეგ, პოლიტიკურმა ძალებმა უნდა დაიწყონ კონკურენციის რეჟიმში აქტიურობა. მანამდე გაქვს ვალდებულება, 24 თებერვლის ახალი მოცემულობის წინაშე, შენი შეხედულებები გვერდზე გადადო და იბრძოლო ქვეყნის ევროპული არჩევანისთვის.
– დავუშვათ, შეთანხმდნენ გაერთიანებაზე ოპოზიციური ძალები, ბოლოს მაინც ვადამდელ ან 2024წლის არჩევნებამდე მივდივართ. კანონით საარჩევნო ბლოკების შექმნა და სხვა და სხვა პარტიების გაერთიანება, შესაბამისად, ერთიანი სიით არჩევნებზე გასვლა, აკრძალულია. ტექნიკურად როგორ უნდა მოახერხონ ამ ერთიანობის საარჩევნო სიაში დემონსტრირება პარტიებმა თუ ცალკეულმა ლიდერებმა? თუ მხოლოდ 30 მაჟორიტარულ ოლქში შეთანხმდებიან საერთო მაჟორიტარ კანდიდატებზე და სულ ეს იქნება?
– მიდით, ყველაფერს ნუ დავახურდავებთ საარჩევნო სიებამდე. არა მგონია, ეს სწორი იყოს. ჯერ ერთი, თუ არჩევნებზე მიდგა საქმე, მთავარი, რაც უნდა გაკეთდეს, ეს არის ხმების დაცვა. თუ იმაზე ვთანხმდებით, რომ ავტორიტარულ რეჟიმებში არჩევნების გაყალბება სტანდარტია, მაშინ იმაზეც უნდა შევთანხმდეთ, რომ არჩევნების შედეგები თუ არ დაიცავი, მნიშვნელობა არ აქვს, არჩევნებზე ბლოკად, საერთო სიით გამოხვალ თუ დამოუკიდებელი პარტიის სიით. თუ ცალ-ცალკე გამოვა ოპოზიცია არჩევნებზე, ხელისუფლება არჩევნების მისთვის სასურველ პროცენტებს დაწერს და მაინც მოიგებს არჩევნებს. ოპოზიციამ თბილისში 60% თუ აიღო, მაშინ „ქართული ოცნება“ ახალქალაქში დაიწერს 90%-ს, ბოლნისში 115%-ს და ა.შ. არჩევნების შედეგების გაყალბების გზით, საბოლოოდ მაინც გაიფორმებს გამარჯვებას. ამიტომ, ხმების დაცვა და ამის თავიდან არიდება, ხელისუფლების უკან დახევა, მხოლოდ ერთიანი ძალისხმევითა და კონსოლიდაციით არის შესაძლებელი. დაქსაქსული ოპოზიცია არჩევნებს, საკუთარ ხმებს, ვერ დაიცავს და ეს უკვე რამდენჯერმე ვიხილეთ, ბევრი გაყალბებული არჩევნები შერჩა „ქართულ ოცნებას“, რადგან ოპოზიცია არ იყო ერთიანი და შესაბამისად, სუსტი იყო. სუსტი და დაქსასული პოლიტიკური ძალები კი სათანადო წინააღმდეგობას ვერ უწევდნენ და ამის გამოა, რომ აქამდე მოვედით-ქვეყნის ევროპული პერსპექტივა სათუო გახდა. მე, პირადად მიმაჩნია, რომ არჩევნების დაცვა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სიებში ვინ როგორ ჩაეწერება. შეიძლება, სუბიექტი იყოს ერთი და სხვა პარტიების წარმომადგენლები ჩაეწერონ იმ სიაში და გვერდზე მიეწეროს „დროა“ და პარტიულ სიას ერქვას „გირჩი“. ამას პირობითად ვამბობ. თუ კანდიდატი ერთი პარტიისა და სია მეორე პარტიისა, ამაში პრობლემას ვერ ვხედავ. არჩევნების მიღმა ერთიანობა იძლევა საშუალებას, თემატურ საკითხებთან დაკავშირებით, უფრო აქტიური თანამშრომლობისა. მაგალითად, როგორიცაა დათო ჭიჭინაძის ინიციატივა, რომ ჩვენს ემიგრანტებს მიეცეთ დისტანციურად არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა. ეს ერთიანი ოპოზიციური მოთხოვნის საგანიც უნდა იყოს, ეკა ბესელიას და პარტია „სამართლიანობისთვის“ ინიციატივა უნდა იყოს სასამართლოებთან დაკავშირებით, „დროას“ ინიციატივა ოლიგარქებთან დაკავშირებით, „ევროპული საქართველოს“ ინიციატივა აფხაზეთთან, კონკრეტულად, რეპარაციებთან და კომპენსაციებთთან დაკავშირებით… ყველა ეს მოთხოვნა უნდა გახდეს ოპოზიციის ერთიანი და კონსოლიდირებული მოთხოვნის საგანი. ნიკა გვარამია რომ პოლიტპატიმარია, ამაზეც ოპოზიცია ერთიანად უნდა დადგეს და მე ეს ერთიანობა დავინახე ნიკას სასამართლო პროცესებზე, სამოქალქო და სააპელაციო სასამართლოებში. ბოლოს, როდესაც ნიკას განაჩენი გამოუტანეს, როდესაც მთელი ოპოზიციური სპექტრი იყო ერთიანი. მე მიმაჩნია, რომ ეს ერთიანობა გაცილებით უფრო ახლოსაა და მიღწევადია, ვიდრე შეიძლება ვინმეს ეგონოს. ეს არის ისტორიული გარდაუვალობა და ამას ქმნის ისტორიული მოცემულობა. მე მიმაჩნია, რომ ჩვენ 4-5 თვეში მაინც მოგვიწევს მიტინგზე ყველას ერთად დგომა და ქართველ ხალხს უნდა დავენახოთ, როგორც ერთიანი კონსოლიდირებული ძალა, რომელსაც აქვს უნარი, რომ ქართველ ხალხს ემსახუროს უანგაროდ, რომელიც მზადაა, იყოს ხალხის მსახური და არ ჰქონდეს არანაირი პრეტენზია ხალხზე ბატონობისა.
– იმ 4-5 თვის მერე საპროტესტო აქციაზე რა იქნება მთავარი მოთხოვნა? მთავრობის გადადგომა და ვადამდელი არჩევნები?
– არა, მე არ მიმაჩნია, რომ ასეთი კონფიგურაცია უნდა იყოს. ისე, მაგასაც არ გამოვრიცხავ. ახლა ვერ გეტყვით, რა იქნება მთავარი მოთხოვნა. მთავარია, რის გამო ერთიანდები. ვადამდელი არჩევნები არის ტექნიკური საკითხი. თუ ეს ხელისუფლება შეასრულებს ევროკომისიის 12 პუნქტიან გეგმას, მაშინ ამოწუროს თავისი ვადა ამ პარლამენტმა. თუ იქნება ევროპული და არ იქნება რუსეთის ორბიტაზე მორგებული, ამ შემთხვევაში, რაში გვაინტერესებს ხელისუფლების შეცვლა? თუ აღმასრულებელი ხელისუფლება თავის მოვალეობას ქვეყნისა და ხალხის წინაშე ასრულებს, მაშინ დარჩეს. აქ გლობალურ არჩევანზეა საუბარი. თუ ჩვენი პრემიერი, ვიქტორ ორბანის ნაცვლად წავა და შეხვდება ემანუელ მაკრონს, მე ჩავუთვლი, რომ სწორ საქციელს ეწევა საგარეო მიმართულებით და დაველოდები შედეგებს. თუ ნიკა გვარამია გამოუშვეს, პარლამენტი იმ რამდენიმე დეპუტატის ჭკუაზე კი არ ივლის , რომლებიც ამერიკის ელჩს სისტემატიურდ აგინებენ, თუ დასავლეთთან თანამშრომლობაზეა ორიენტირებული და იმ 52 სახელმწიფოს ორბიტაზე უნდა ყოფნა,რომელიც უკრაინის გარშემოა გაერთიანებული, თუ აპირებს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას და თუ ასეთი ტენდენციები ამ ხელისუფლების პირობებშიც გამოიკვეთა, ვადამდელი არჩევნები არ იქნება აქტუალური. ვადამდელი არჩევნები შეიძლება აქტუალური იყოს იმ პირობებში, თუ ხელისუფლება ამ თავის კოლაბორაციონიზმსა და ავტორიტარიზმს, რომელიც დღეს სრულიად გაშიფრული და თვალსაჩინოა, ჩაეჭიდება და თვითშენარჩუნების რეჟიმში, ისევ რუსეთისკენ წავა. თუ ეს მოცემულობაა, ვადამდელი არჩევნები კი არა, შესაძლოა, საერთო სახალხო მღელვარება იყოს ორგანიზებული ოპოზიციის მიერ, რომ ქვეყნის საგარეო კურსი დავიცვათ.
– პირდაპირ ვთქვათ, შესაძლოა, რომ რევოლუციური პროცესები დაიწყოს?
– კი, შეიძლება.
– პირადად თქვენ, ხართ თუ არა ჩართული ოპოზიციის გაერთიანების პროცესში თუნდაც კონსულტაციის ფორმით და რაიმე სახის შემოთავაზება ხომ არ გქონიათ, რომელიმე პოლიტიკური პარტიიდან?
– კონსულტაციების რეჟიმში ვარ ამ პროცესში, ყველასთან ვსაუბრობ. პარტიულობის საკითხზე ნამდვილად არ ვარ ჩამოყალიბებული. არჩევნების დაცვა ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. მომავალში, თუ იქნება ისეთი კონფიგურაცია, სადაც უფრო კონსერვატიული პოლიტიკური წრეები იქნებიან წარმოდგენილნი, რომლებიც მსოფლმხედველობრივად ჩემთვის უფრო ახლოს იქნებიან, იმათთან ერთად უფრო აქტიურად ვიმუშავებ. ასეთი პოლიტიკური მიზიდულობის ცენტრი, ჯერჯერობით, არ არსებობს. ამ ეტაპზე ვაქტიურობ სწორედ მაგ კუთხით, რომ მოხდეს თემატური გაერთიანებები. ამ შემთხვევაში, ყველაზე აქტიური პოზიცია მაქვს ნიკა გვარამიას საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ჩემი მეგობარია და მიმაჩნია, რომ პოლიტიკური პატიმარია, პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულების მსხვერპლია. ხელისუფლება ამ საკითხში ძალიან არასწორად იქცევა. ნიკა გვარამიას პატიმრობა მარტო ნიკას არ ეხება, ეს პირდაპირ კავშირშია ჩვენს ევროპულ მომავალთან. რა მნიშვნელობა აქვს, განსხვავებული პოზიციის გამო, რა მიზეზით დაიჭერენ? ახლა თქვენ რომ დაწეროთ სტატია, რომელიც ხელისუფლებაში ვიღაცებს არ მოეწონოთ და ამის გამო დაგაბრალონ ის, რაც არ ჩაგიდენიათ და დაგიჭირონ, არ მიმაჩნია, რომ ეს მარტო თქვენი პრობლემა იქნება, რომ ეს პერსონალურად მხოლოდ თქვენ შეგეხებათ. ეს უკვე ნიშნავს, რომ ქვეყანაში არ შეიძლება კრიტიკული სტატიის დაწერა, კრიტიკული მედიისა და განსხვავებული აზრის არსებობა და ევროპაში ასეთ ქვეყანას არავინ მიიღებს. ნიკა გვარამიას პატიმრობა ჩემთვის პრინციპული საკითხია და ამიტომაც მაქსიმალურ აქტიურობას ვიჩენ.
კომენტარები