ლევან ჯავახიშვილი
„ალიას“ ესაუბრება „ლეიბორისტული პარტიის“ გენერალური მდივანი, გიორგი გუგავა.
– ბატონო გიორგი, „აირაის“ კვლევების შედეგები გამოქვეყნდა. კითხვაზე, ვინ სარგებლობს თქვენთვის ყველაზე მაღალი სანდოობით? – პოლიტიკოსებიდან მეორე ადგილზე 51%- იანი ნდობით კახი კალაძე სარგებლობს. მას მოსდევს ირაკლი ღარიბაშვილი 44%-ით, შემდეგია ანა დოლიძე – 40%-ით. ქვეყნის პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს გამოკითხულთა 38% ენდობა, დავით უსუფაშვილსა და სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას გამოკითხულთა 38%-იანი ნდობის მაჩვენებელი აქვთ. გამოკითხვის თანახმად, გიორგი გახარია 37%-იანი სანდოობით სარგებლობს, გიორგი ვაშაძე – 37%. ბიძინა ივანიშვილს გამოკითხულთა 36% ენდობა. ვერ მივხვდი, რა ხდება? ანა დოლიძეს საიდან აქვს ამხელა რეიტინგი? დავით ბაქრაძე -2 მივიღეთ?
– გამორიცხულია, არანაირი ობიექტური გამოკითხვები საქართველოში არ ტარდება. ყველა არის მანიპულირებული და გაყალბებული. სამწუხაროდ, ეს უკვე წლებია გრძელდება. ამას აკეთებენ იმისთვის, რომ ხელოვნურად შექმნან საზოგადოებრივი აზრი და არჩევნების გაყალბების წინაპირობა. ამ გაყალბებული რეიტინგებით საზოგადოების რაღაც ნაწილი ტყუვდება, იჯერებს გაყალბებულ ციფრებს და ეს ამ მანიპულატორებმა კარგად იციან. ერთადერთი, ვისი რეიტინგიც დამაჯერებელია, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა გახლავთ, 88% და მე თუ მკითხავთ, უფრო მაღალი რეიტინგი აქვს რეალურად. ყველა ხელისუფლების პირობებში ასე იყო და შედეგებიც სახეზეა – არც არჩევნები ტარდება ამ ქვეყნაში, არც სამართლიანობა გვაქვს, ჩამოქცეულია ქვეყანა, ხალხი აყრილია და გარბის ქვეყნიდან. დემოგრაფიული სურათის ცვლილება, ყოფით დონეზე, ქუჩაში, რომ გაიაროთ, უკვე ჩანს. უცხოელთა სიმრავლე აშკარად შესამჩნევია და რამდენიმე წლის წინ ასე არ იყო. მერე უკვირთ, რომ ხელისუფლება თავს ლაფს ასხამს ე.წ. ამ კვლევით ორგანიზაციებს. არც ირაკლი ღარიბაშვილისა და ბიძინა ივანიშვილის რეიტინგებია რეალობასთან ახლოს. კი, მათ სახელმწიფო რესურსი გააჩნიათ, მაგრამ არა იმხელა, ამ დაქცეულ ქვეყნაში ქვეყნის დე ფაქტო და ფორმალურ მმართველებს ამხელა რეიტინგები ჰქონდეთ. ქვეყანა გააპარტახეს, განვითარების პერსპექტივას ბოლომდე უსპობენ და რომელ რეიტინგებზე ვლაპარაკობთ. შეიძლება, შაჰ-აბასს ან აღა -მახმად- ხანს ჰქონდეთ ამ ქვეყნაში რეიტინგები? ორი ვარიანტია – ან იყენებენ მათ მაღალ ავტორიტეტებს და აქ „ჩალიჩობს„ ვიღაც, ან თავად ეს ორგანიზაციები უშუალოდ ჩართულნი არიან ამ ყალბ კვლევებში, რაც სამწუხარო და სავალალოა. არანაირ ლოგიკაში არ ჯდება ეს შედეგები. კარგად გაგახსენდათ, დავით ბაქრაძე რომ ჰყავდათ რეიტინგებში მუდმივად მაღალი მაჩვენებლებით. ხომ აღმოჩნდა, რომ ეს იყო ბლეფი და აფიორა, რაც ძალიან მძიმედ დასრულდა მათთვისაც, ქვეყნისთვისაც და ამით, მისი დისკრედიტირებაც მოხდა. არა მარტო ბაქრაძე, სხვებიც ბევრნი იყვნენ ხელოვნურად „გარეიტინგულები“. უნდა შეეშვან ამას.
– ჩემთვის, ანა დოლიძეზე მეტად, ყველაზე უცნაური მაინც კახი კალაძის 51% -იანი სანდოობაა.
– კი, ეგ ყველაზე დიდი შეუსაბამობაა. მანდ ყველა პოლიტიკოსის რეიტინგი უზომოდ გაბუქებულია, გაზრდილია და რეალობასთან საერთო არაფერი აქვს. ვაკის პარკში მომხდარ უბედურებაში, პირდაპირ იკვეთება კალაძის ბრალეულობა, ფაქტები მეტყველებენ ამაზე. ამის მერე, თურმე კალაძის რეიტინგმა მოიმატა და პატრიარქის შემდეგ ყველაზე რეიტინგული ადამიანია ქვეყანაში. მაშინ დაქცეულა ქვეყანა. ღარიბაშვილს, ამ მთელი ოჯახით კორუმპირებულ არსებას, როგორ შეიძლება საერთოდ რეიტინგი ჰქონდეს? ფორმალურია თუ არაფორმალური, რაც ამ ქვეყანას დამართა, როგორ შეიძლება ხალხის ნდობით სარგებლობდეს? ეს ყველაფერი მანიპულაციაა, არანაირი გამოკითხვა არ ტარდება და ეს სიყალბე, მათთვისაც ცუდად შემოტრიალდა და ქვეყანა ხომ ჩამოიქცა ამასობაში.
ანა დოლიძეს ცნობადობაც არ აქვს ქვეყანაში და რა რეიტინგი, რის რეიტინგი… სამწუხაროდ, როგორც ჩანს, საქართველო კორუფციის ბუდედ იქცა შიგნიდანაც და გარედანაც, კარგი ტკბილი ფული კეთდება აქ. ამასთან ერთად, ეგზიტპოლებსაც წინასწარ გვიცხადებენ არჩევნებისას და პირდაპირ არჩევნების გაყალბების ლეგიტიმაციას აკეთებენ ამ ეგზიტპოლებით. ჩვენი პარტიის ლიდერია შალვა ნათელაშვილი და როგორ შეიძლება ანა დოლიძეს და გიორგი ვაშაძეს მასზე მაღალი რეიტინგი ჰქონდეთ? კაცი 30 წელია პოლიტიკაშია, ფეხით არაერთხელ აქვს შემოვლილი მთელი საქართველო და არა მარტო არჩევნების წინ. კაცო, ჩამოატარონ ერთი, ხალხმა ნახოს სამივე და ათიდან სამმა კაცმა თუ იცნოს ანა დოლიძე ან გიორგი ვაშაძე, პოლიტიკიდან წავალ საერთოდ. შალვა ნათელაშვილს ათიდან ათივე იცნობს და ამაში დარწმუნებული ვარ.
– პარტიული რეიტინგებში „ქართულ ოცნებას“ 25% აქვს და „ნაცმოძრაობას“ 12%. ცუდად მენიშნა, რაღაც ისევ კოაბიტაციურ რეიტინგებს ჰგავს, არა?
– „აირაი“ იყო, თვითმმართველობის არჩევნების წინ 26% დაუწერა „ქართულ ოცნებას“ და მერე იმათ დიდი ამბავი ატეხეს, გაყალბებულია კვლევები, უფრო მაღალი რეიტინგი გვაქვსო. მერე ერთი ვერ გავიგე. ეს „აირაი“ ხომ „ამერიკის რესპუბლიკური ინსტიტუტია“. თუ ამბობ, რომ ეს ქვეყანა არის ავტოკრატიული მმართველობის ქვეშ, ამბობ, რომ ქვეყანაში არ ტარდება დემოკრატიულთან მიახლოებული არჩევნებიც კი, ამბობ, რომ ქვეყანას მართავს ერთი, რუსეთზე მიწებებული ოლიგარქი და როდის მერეა, ასეთ გარემოში ჩატარებული გამოკითხვის შედეგები აჩვენებდეს რეალურ სურათს? გამორიცხულია, ეს ხდება ისეთ ქვეყნებში, სადაც თავისუფალი, დემოკრატიული პოლიტიკური სისტემაა. ასეთ ქვეყნებში ხალხმა იცის, რომ გამოკითხვის თუ სხვა გზით მის მიერ გამოხატული პოლიტიკური პოზიციის გამო, მას არავინ დევნის. საქართველოში ეს გამორიცხულია, არ ხდება ასე. იდევნება ხალხი თავიანთი განსხვავებული პოლიტიკური პოზიციის გამო. ავტოკრატიული რეჟიმების პირობებში, შეუძლებელია იყოს თავისუფალი გამოკითხვები და შედეგები რეალობასთან ოდნავ მაინც შესაბამისი. ნახეთ, რა ვირეშმაკულად არის მოფიქრებული და გაკეთებული. „ქართულ ოცნებას“ 25% აქვს, მეტი არა. თითქოს ცოტაა, მაგრამ სხვა პარტიებზე ორჯერ და სამჯერ მეტი რეიტინგი აქვს. ამით ხალხს უქმნიან განცდას, რომ არჩევნებში ისევ ამათ უნდა გაიმარჯვონ, რეალური ოპონენტი პარტია არ ჰყავთ და კვლავ ესენი უნდა იყვნენ. კაი, არჩევნების დროს ადმინისტრაციულ რესურს იყენებს „ქართული ოცნება“, მაგრამ გამოკითხვების დროს საიდან ხვდება შედეგებში ადმინისტრაციული რესურსი? გამოსაკითხი ხალხი ხომ შემთხვევითი შერჩევის წესით ირჩევა და დავიჯერო, ვისაც დაურეკეს, უმეტესობა თავად იყო სახელმწიფო სამსახურში დასაქმებული ან მისი ოჯახის წევრი? ან, სხვა მიზეზით ხელისუფლების მომხრე? ეს ახსნას ერთი ვინმემ. მერე, 2%-ს რომ გვიწერენ „ლეიბორისტულ პარტიას“, ნამუსი მთლად დაკარგეს? არა, ჩვენ უკვე შევეჩვიეთ, 75%-იანი რეიტინგი გვქონდა და მაინც 2%-ს გვიწერდნენ ეს „აირაიც“ და ენ-დი-აი-ც და ახლა ეს გაგვიკვირდება? მაგრამ ხალხმა ხომ კარგად იცის, რომელი პარტია რას წარმოდგენს და ვის რა ნდობა აქვს.
კომენტარები