ლევან ჯავახიშვილი
ვაკის პარკში დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ, ურთიერთობა გაუცივდათ თბილისის მერს, კახი კალაძესა და ბიძინა ივანიშვილს. ამის დასტურია მერიაში სხვა და სხვა ფინანსური მაკონტროლებლების შესვლა, რომლებიც კალაძის მერობის პირიოდში ჩატარებულ ტენდერებს, გამარტივებული წესით ერთ პირთან გაფორმებულ კონტრაქტებსა და სხვა ფინანსურ აქტივობებს სწავლობენ. ამ ყველაფერს კი მერიაში წმენდა უნდა მოჰყვეს. მერიის არაერთ მაღალჩინოსანს მოუწევს პოსტის დატოვება, რადგან წინასწარი ინფორმაციით, ფინანსური დარღვევები მერიაში საკმაოდ ბევრია. ივანიშვილი სიამოვნებით გაუშვებდა კალაძეს პოსტიდან, მაგრამ ის არჩეული მერია და ამ შემთხვევაში თბილისის მერის არჩევნები უნდა ჩატარდეს. ცხადია, ზედმეტი და გაუთვლისწინებელი არჩევნები ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“ არ აწყობთ და ამაზე „ალია“ წერდა. ბიძინა ივანიშვილმა კახი კალაძის გაკონტროლების სხვა მეთოდი აირჩია, რომელიც მას უკვე აპრობირებული აქვს. „ალიას“ წყარო დეტალურად უყვება ამის შესახებ: „კახი კალაძე მერიის პოსტზე დარჩება, მაგრამ მის მოადგილედ, ვიცე-მერად ბიძინა ივანიშვილი სხვა, მისთვის უფრო სანდო პირს დანიშნავს. მისი მეშვეობით გააკონტროლებს კახი კალაძეს, ფაქტიურად, მთელ მერიას და უპირველესად, დედაქალაქის ბიუჯეტს, მერიაში ფინანსების მოძრაობას. ამ ეტაპზე უცნობია, თუ ვინ იქნება ახალი ვიცე-მერი და ვინც დაინიშნება, ის იქნება ივანიშვილის თვალი და ყური მერიაში. შეგახსენებთ, რომ როდესაც დავით ნარმანიაზე გული აიცრუა ბიძინა ივანიშვილმა, მას და მის გარემოცვას როდესაც აღარ ენდობოდა, 2016 წელს, ნარმანიას გიორგი ლილუაშვილი დაუნიშნა მოადგილედ და ლილუაშვილი აკონტროლებდა ნარმანიას და მის გარემოცვას, ვიდრე მას მერის უფლებამოსილება არ ამოეწურა. ლილუაშვილის ჩინოვნიკური კარიერაც აქედან დაიწყო. ვინ იქნება კახი კალაძის გიორგი ლილუშვილი, სავარაუდოდ, ახალი წლის მერე გავიგებთ“, – უთხრა „ალიას“ წყარომ.
კომენტარები