ახლობლები ამტკიცებენ, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში რამდენიმე ადამიანი კორონავირუსით უკვე გარდაიცვალა, თუმცა, ეს ფაქტი ოფიციალურად არ დადასტურებულა. ამ ინფორმაციას სააგენტო “2020NEWS“-ს კავკასიის საკითხებში ექსპერტი მამუკა არეშიძე აწვდის.
“ახლობლების გადმოცემით, ადამიანებს, რომლებიც აფხაზეთში ბოლო პერიოდში გარდაიცვალნენ, ვითომ ჰქონდათ ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები. თუმცა ეს ინფორმაცია ოფიციალურად არც ერთ სამედიცინო სპეციალისტს დაუდასტურებია. ამ ეტაპზე ვერ ვიტყვით, რომ აფხაზეთში დე ფაქტო ხელისუფლება რაღაცას მალავს, რადგან იქ არავინ იცის, რა დამალოს’, – აცხადებს არეშიძე სააგენტოსთან.
გუშინ დე ფაქტო აფხაზეთმა კორონავირუსის პირველი შემთხვევა ოფიციალურად დაადასტურა. “სპუტნიკ-აბხაზიის“ ინფორმაციით, შემთხვევა გაგრაში დაფიქსირდა. დაინფიცირებული ამჟამად გუდაუთის საავადმყოფშია მოთავსებული და მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
ე.წ. “რესპუბლიკის“ მთავარი სანიტარული ექიმის, ლუდმილა სკორიკის განცხადებით, პაციენტი ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა მოსკოვიდან, სადაც მივლინებით იმყოფებოდა.
როგორც არეშიძემ სააგენტოსთან განაცხადა, დე ფაქტო აფხაზეთის მოსახლეობა, კორონავირუსის ოფიციალური შემთხვევის დადასტურების მიუხედავად, ვერ აანალიზებს, რა ზიანის მოტანა შეუძლია მათვის პანდემიას. შესაბამისად, ვითარება საგანგაშოა, რადგან იქ მოქალაქეები კარანტინის რეჟიმს არ იცავენ.
„კარანტინის პერიოდში აფხაზეთში მოქალაქეებს შორის ძალიან ბევრი მისვლა-მოსვლა ფიქსირდებოდა. პრაქტიკულად, იქ ადამიანები კარანტინის რეჟიმს არ იცავდნენ. აფხაზეთში დისციპლინასა და კანონს დღემდე არ ემორჩილებიან. იქ ინფრასტურქტურა მოშლილია და ადამიანების უკონტროლო გადაადგილებამ მძიმე მდგომარეობა შექმნა.
სამწუხაროდ, აფხაზეთში არსებული ვითარების გაცნობიერება ჯერ ვერ ხერხდება.
ექიმებსა და ზოგიერთ ჩინოვნიკს თბილისთან კულუარული კონტაქტი აქვთ. გარკვეულწილად, ისინი მაინც ცდილობენ, რომ სიტუაცია დაალაგონ. იმ შემთხვევაში, თუ აფხაზეთში ვირუსი მასიურად გავრცელდა, მაშინ იქ ბევრად უფრო რთული ვითარება შეიქმნება, ვიდრე მიმდებარე რეგიონებში“, – განაცხადა არეშიძემ.
ინფორმაციისთვის, გუშინ ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ოკუპირებულ აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებამ მდინარე ფსოუზე ე.წ. “საზღვარი“ 20 აპრილამდე ჩაკეტა.
2020ნიუსი
კომენტარები