თურქეთში გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქის, მარიამ გოგიაშვილის, ცხედარს სამშობლოში ხვალ გამთენიისას გადმოასვენებენ. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს და წერს, რომ განცხადებას საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე აქვეყნებს.
განცხადებაში უწყება აღნიშნავს, რომ ინფორმაციის მიღებისთანავე დაიწყეს მოქმედება, თუმცა, არ აკონკრეტებს, როდის მიიღეს ინფორმაცია, რატომ დასჭირდა ამდენი დრო უწყებას, ან რატომ მიიღო ინფორმაცია დაგვიანებით, თუ დაგვიანებით მიიღო, როცა, მედიასაშუალებებში ამ საზარელ ამბავზე უკვე რამდენიმე დღეა ვრცელდება ინფორმაცია.
15 წლის მარიამ გოგიაშვილი თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში მიელოიდური ლეიკემიის დიაგნოზით მკურნალობდა. მოზარდის გარდაცვალების შემდეგ კი ოჯახს უთხრეს, რომ ვიდრე დავალიანებას, 44 000 ამერიკულ დოლარს, არ დაფარავენ, კლინიკა მოზარდის გადმოსვენების უფლებას არ მისცემდა.
გარადაცვლილის ოჯახმა დღეს განცხადება გაავრცელა და საქართველოს ხელისუფლებას დახმარება სთხოვა. სწორედ მას შემდეგ გააკეთა განცხადება საგარეო საქმეთა სამინისტრომ.
“ერთადერთი, 15 წლის შვილის ცხედარი გადმომასვენებინეთ” – მამის თხოვნა მთავრობას
კომენტარები