აშშ-ის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის განცხადებით, სავარაუდო არ არის, რომ ამინდის დათბობასთან ერთად კორონავირუსი გაქრება. ამის შესახებ ნათქვამია მეცნიერების აკადემიის მიერ თეთრი სახლისთვის გაგზავნილ წერილში.
მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრები აცხადებენ, რომ მონაცემები იმის შესახებ, ვრცელდება თუ არა კორონავირუსი თბილ ამინდში ისევე იოლად, როგორც ცივ ამინდში, არაერთგვაროვანია, მაგრამ ამას შესაძლოა დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდეს იმის გათვალისწინებით, რომ მსოფლიოში ცოტა ადამიანს აქვს გამომუშავებული იმუნიტეტი კორონავირუსისადმი.
„არსებობს გარკვეული მტკიცებულება იმის შესახებ, რომ კორონავირუსი შეიძლება ნაკლებად ეფექტურად გადაეცემოდეს უფრო მაღალი ტემპერატურისა და ტენიანობის მქონე გარემოში. თუმცა, გლობალურ დონეზე იმუნიტეტის ნაკლებობის გათვალისწინებით, გადაცემის ეფექტურობის შემცირებამ შეიძლება არ გამოიწვიოს დაავადების გავრცელების მნიშვნელოვანი შემცირება, თუ ჯანდაცვის ორგანოები შესაბამის ზომებს არ მიიღებენ“, – ნათქვამია წერილში.
წერილში აღნიშნულია, რომ ჩინეთში დეპიდემიის კვლევამ აჩვენა, რომ მაქსიმალური ტემპერატურისა და ტენიანობის პირობებშიც კი ვირუსი ექსპონენტურად გავრცელდა და თითოეულმა ინფიცირებულმა პირმა საშუალოდ დაახლოებით ორ სხვა ადამიანს გადასდო ინფექცია.
წერილში აღნიშნულია, რომ მსოფლიოში ვირუსი თბილი ამინდის მქონე ქვეყნებშიც ვრცელდება.
„იმის გათვალისწინებით, რომ იმ ქვეყნებში, სადაც ამჟამად საზაფხულო კლიმატია, მაგალითად ავსტრალია და ირანი, ვირუსის სწრაფად გავრცელება ფიქსირდება, ტენიანობის და ტემპერატურის მომატების შემთხვევაში, ინფიცირების შემთხვევების შემცირება ნაგულისხმევი არ უნდა იყოს“, – ნათქვამია წერილში.
კომენტარები